მთიანი ყარაბაღი

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეტაკებები განახლდა

massispost.com

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხურმა დივერსიულმა ჯგუფმა 1-2 აგვისტოს ღამეს აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე აგდამის რაიონში თავდასხმა განახორციელა. თავდასხმას რვა აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა, არიან დაჭრილებიც. აზერბაიჯანულმა ძალებმა საპასუხო ცეცხლი გახსნეს. ეს ყველაზე სისხლიანი ინციდენტი გახდა გამყოფ ხაზზე ბოლო 20 წლის განმავლობაში, რაც ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება მოქმედებს. 

ბაქოს მტკიცებით, ასეთივე შეტევა სომხურმა ძალებმა 31ივლისის ღამეს განახორციელეს. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ბილო დღე-ღამის განმავლობაში სომხურმა მხარემ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 73-ჯერ დაარღვია.

თუმცა, ერევანში და მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ შეტევა აზერბაიჯანელებმა განახორციელეს, რის შედეგადაც შვიდი აზერბაიჯანელი და ერთი სომეხი სამხედრო დაიღუპნენ.

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, 2 აგვისტოს ასევე აზერბაიჯანის შეიარაღებულმა ძალებმა ცეცხლი გაუხსნეს სომხეთის საზღვრისპირა სოფელ ბარეკამავანს, სომხურმა მხარემ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც, სომხური მხარის მტკიცებით, აზერბაიჯანულმა ძალებმა დანაკარგი განიცადეს.

აზერბაიჯანმა კონფლიქტის ზონისკენ მძიმე ტექნიკა დაძრა - ეს ფაქტი აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა ვაგიფ დარახლიმ დაადასტურა. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს საკუთარ ტერიტორიაზე ტექნიკის გადაადგილების სრული უფლება აქვს. მინისტრის განცხადებით, მტრის თავდასხმის მოსაგერიებლად აზერბაიჯანი მზადაა, ნებისმიერი შეიარაღება გამოიყენოს. აზერბაიჯანული სამხედრო უწყება ადასტურებს, რომ გამყოფი ხაზის თავზე აზერბაიჯანის სამხედრო ავიაცია პატრულირებს.

შეშფოთება კონფლიქტის გამწვავების გამო აშშ-მა გამოთქვა. სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა მარი ჰარფმა განაცხადა, რომ აშშ თანაუგრძნობს დაღუპულთა და დაჭრილთა ოჯახებს და მოუწოდებს მხარეებს, მიიღონ სწრაფი ზომები, რათა შეამცირონ დაძაბულობა. ასევე, პატივი სცენ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს. „ძალადობა მხოლოდ გაართულებს მშვიდობიან დარეგულირებას", - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა. 

ასევე შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საგარეო უწყებამ, რომელმაც განაცხადა, რომ ყარაბაღის გარშემო ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევას წარმოადგენს და მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ მიიღონ  ზომები სტაბილურობის აღსადგენად.  

შეიარაღებული კონფლიქტი მთიანი ყარაბაღის გარშემო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 1988 წელს დაიწყო. მისი აქტიური ფაზა 1994 წელს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. ამ კონფლიქტის შედეგად მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკა შეიქმნა, ხოლო სომხურმა ძალებმა, ყოფილი ყარაბაღის ავტონომიური ოლქის გარდა, აზერბაიჯანის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილი დაიკავეს.

 

კომენტარები