ღაზის სექტორი

ფანჯიკიძე: მუდმივი კონტაქტი გვაქვს ისრაელში ჩვენს საელჩოსა და საკონსულოსთან

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაია ფანჯიკიძის განცხადებით, ისრაელში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, უწყება მუდმივ კონტაქტშია საქართველოს საელჩოსთან და საკონსულოსთან. ფანჯიკიძის თქმით, ყველა მოქალაქეს, ვისაც რაიმე სახის დაბრკოლება შეექმნება, შეუძლია, მიმართოს საქართველოს საელჩოს და საკონსულოს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცხელ ხაზს და რეაგირება იქნება მყისიერი.  

"ჯერჯერობით, მადლობა ღმერთს, არაფერი ცუდი ჩვენს მოქალაქეებს არ შემთხვევიათ და, შესაბამისად, ჩვენ არანაირი შეტყობინება არ მიგვიღია რაიმე საშიში მდგომარეობის შესახებ, მაგრამ საელჩო და საკონსულო არიან მუდმივი მუშაობის რეჟიმში", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ. 

ღაზის სექტორში ისრაელის მიერ წარმოებული სპეცოპერაციის - „უძლეველი კლდის“ ფონზე, თელ-ავივის მიმართულებით, ღაზიდან რამდენიმე რაკეტა გაუშვეს, რომელიც ისრაელების საჰაერო თავდაცვის ძალებმა ჩამოაგდეს. ისრაელის განცხადებით, ტერორისტების ხელში არსებული რაკეტები საფრთხეს უქმნიან ისრაელის 3,5 მილიონ მოსახლეს, რისთვისაც ჰამასს ფასის გადახდა მოუწევს. ტერორისტებს რაკეტების გაშვება ღაზის სექტორიდან 40-80 მილის დაშორებით შეუძლიათ. BBC-ის ცნობით, ჯამში დღის განმავლობაში ღაზიდან ისრაელის მიმართულებით სულ 131 რაკეტა გაუშვეს. 

ღაზის სექტორში ისრაელის მხრიდან საომარი ოპერაციის დაწყების მიზეზად, მისი სამხრეთი რეგიონების დაბომბვა იქცა. 7 ივლისს, ისრაელის ხელისუფლებამ ნება დართო არმიას, ჰამასის მებრძოლებისთვის საპასუხო ცეცხლი გაეხსნა.

კონფლიქტის ესკალაცია ისრაელის სამი მოქალაქის გატაცებითა და მოკვლით დაიწყო, რომელსაც საპასუხოდ უცნობი პირების მხრიდან პალესტინელი არასრულწლოვნის მოკვლა მოჰყვა. ჰამასმა პალენსტინელის მკვლელობაში ისრაელი ჯარისკაცები დაადანაშაულა და მათ შურისძიებას დაჰპირდა.

ისრაელის მთავრობა აფრთხილებს ღაზის სექტორში მცხოვრებ მოქალაქეებს, თავი შორს დაიჭირონ ჰამასისგან, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ისრაელის სამხედრო მოქმედებების მსხვერპლად იქცევიან. ისრაელმა გუშინ გამაფრთხილებელი ფურცლები ჩამოყარა მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, სადაც მოქალაქეებს მოუწოდებდა, არ შეუშვან სახლში ჰამასის წარმომადგენლები და არ შეინახონ მათი არსენალი. პალესტინელი ოფიციალური პირების განცხადებით, ღაზის სექტორში ისრაელის სამხედრო მოქმედებების შედეგად 20 ადამიანია მკვდარი.

კომენტარები