კრიზისი უკრაინაში

აშშ-მა უკრაინას 5 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარება გამოუყო

პოლონეთში ვიზიტით მყოფმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა უკრაინას მხარდაჭერა გამოუცხადა. ბარაკ ობამამ ვარშავაში ასევე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ევროპაში სამხედრო ძალების გაძლიერებას და მოკავშირეთა, მათ შორის საქართველოს, სამხედრო დახმარებას გეგმავს. მისი თქმით, რუსეთის ახალ მცდელობებს უკრაინაში დესტაბილიზაციის მიზნით, მოსკოვის წინააღმდეგ შემდგომი სანქციები მოჰყვება. უკრაინის არჩეულ პრეზიდენტთან შეხვედრისას კი ობამამ დაადასტურა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას 5 მილიონი დოლარის სამხედრო აღჭურვილობას გადასცემს.

"ჩვენ გავზრდით ამერიკელი სამხედროებისა და საჰაერო ძალების რაოდენობას ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში. ასევე გავაფართოებთ პარტნიორულ ურთიერთობას ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, რათა მათ საკუთარი თავის დაცვა შეძლონ. კონგრესს მოვუწოდე, ამისთვის მილიარდი დოლარი გამოყოს", - განაცხადა ობამამ.

დღეს დიდი შვიდეულის წევრები ბრიუსელში შეიკრიბებიან. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა უკრაინის კრიზისი იქნება. ქვეყნების ლიდერები რუსეთზე ევროპის ენერგოდამოკიდებულების შემცირების გზებზეც იმსჯელებენ.

ამასთან, ვლადიმირ პუტინის განცხადებით, რუსეთი უკრაინის რეგიონების ანექსიას არ აპირებს. რუსეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინის ტერიტორიაზე რუსი სამხედროები ან სამხედრო ინსტრუქტორები არ არიან. მან უკრაინის ხელისუფლებას ურჩია, საკუთარ ხალხთან დიალოგი იარაღის გარეშე აწარმოოს.

კომენტარები