ანტიდისკრიმინაციული კანონი

ბესელია:მზად ვართ, გავაგრძელოთ დიალოგი სასულიერო პირებთან

ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, ანტიდისკრიმინაციულ კანონპროექტთან დაკავშირებით საზოგადოებასთან კონსენსუსის მიღწევა, რათა ყველამ გაიგოს, რომ კანონი საფრთხის შემცველი არ არის. მისივე თქმით, კანონპროექტთან დაკავშირებით განხილვები ისევ გაგრძელდება. 

"ჩვენ არ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც სიხისტით და საკუთარი მოსახლეობის განწყობისადმი გულგრილობით გამოირჩევა, როგორც ეს ხდებოდა წინა ხელისუფლების დროს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რას ფიქრობს საზოგადოება და გვინდა, საზოგადოებასთან კონსენსუსით შეთანხმებას მივაღწიოთ. კანონპროექტში ცვლილებები რაც შედის, მუშა პროცესშია და მზადდება. ამ პროცესშივე ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ დიალოგი სასულიერო პირებთან და ვესაუბროთ იმ ადამიანებს, რომლებიც კანონში ხედავენ ისეთ საფრთხეებს, რომელიც არ ჩაიდება. არ იქნება ისეთი შედეგებიც, რომელზეც განცხადებები საჯაროდ კეთდება. მნიშვნელოვანია, ერთმანეთის პოზიციები დავაახლოვოთ და გავიგოთ, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონი არ არის საფრთხის შემცველი. ეს არის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების, ქართული ფასეულობებისთვის, ტოლერანტობასა და თანადგომაზე დაფუძნებული კანონპროექტი. ასე, რომ კანონპროექტთან დაკავშირებით გვექნება კიდევ შეხვედრა და განხილვა", - განაცხადა ეკა ბესელიამ.

დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტს პარლამენტი დღეს აღარ განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობის განმარტებით, კანონპროექტი მეორე მოსმენისთვის პლენარულ სხდომაზე გასატანად მზად არ არის და მასზე მუშაობა ხვალ ან ზეგ განახლდება.

ამასთან, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონპროექტში კანონის მოქმედების სფერო დაკონკრეტებული აღარ იქნება. ადამიანის უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელიას განმარტებით, "კანონპროექტის მესამე მუხლიდან ამოღებულია ჩამონათვალი, სადაც ჩაწერილი იყო სფეროები და მასში შედიოდა სასკოლო დაწესებულებები, განათლების სხვადასხვა ადგილები და საჯარო დაწესებულებები. ძალიან ბევრი უწყება, რომელიც ამ ჩამონათვალში იყო, სპეციალურ დათქმას გულისხმობდა ანტიდისკრიმინაციულ მოქმედებების უფლებამოსილებასთან დაკავშირებით. მსგავსი მოთხოვნა საპატრიარქოს წარმომადგენლებსაც ჰქონდათ. მათი მხრიდან იყო შიში გამოთქმული, რომ შესაძლებელია სასწავლო დაწესებულებები გამოყენებულ იყოს პროპაგანდის ადგილად, ამიტომ ეს ჩამონათვალი კანონპროექტიდან ამოვიღეთ".

ანტიდისკრიმინაციული კანონის განხილვა გუშინ, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე გვიან საღამომდე გაგრძელდა. მსჯელობას ხმაურის გარეშე არ ჩაუვლია. სასულიერო პირები და არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც სხდომას ესწრებოდნენ, კანონპროექტის განხილვის შეჩერებას ითხოვდნენ. საპროტესტო განცხადებების შემდეგ მათ დარბაზი დატოვეს.

კომიტეტის სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ კორძაიამაც. მისი თქმით, ის რაც საკომიტეტო განხილვაზე ხდებოდა, პარლამენტზე ძალადობაა.

კომენტარები