სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარება

დოლიძე: სააკაშვილის დაბარებას ევროინტეგრაციის პროცესზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ვიქტორ დოლიძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა მზად არის უპასუხოს ყველა კითხვას ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, "სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარებას საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესზე გავლენა არ უნდა ჰქონდეს". 

"ერთია ინტეგრაციული პროცესი და მეორეა შიდასახელმწიფოებრივი სამართლებრივი პროცესი. კანონია ყველაზე მაღლა და კანონი არის უზენაესი ჩვენს ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენი პოზიცია აბსოლუტურად ცალსახაა - არავის არ აქვს ინდულგენცია იმასთან დაკავშირებით, რომ დაკითხვაზე არ მოვიდეს და პროკურატურის კითხვებს თუ ეს ლეგიტიმურია, არ უპასუხოს. მე იმედი მაქვს, რომ პროკურატურა ამ პროცესს წარმართავს აბსოლუტურად გამჭვირვალედ და ზედმეტი კითხვები პოლიტიკურ შერჩევით სამართალთან დაკავშირებით არავის არ ექნება. " - თქვა დოლიძემ NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის და საქართველო-NATO-ს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წარმომადგენლებთან შეხვედრის დაწყებამდე.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილი მთავარ პროკურატურაში დაკითხვაზე 27 მარტს არის დაბარებული. გამოძიებას მასთან კითხვები ათ საქმესთან დაკავშირებით აქვს.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დაკითხვაზე დაბარებით შეშფოთებულია ამერიკის შეერთებული შტატები. სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, არავინ არის კანონზე მაღლა, მაგრამ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის ერთდროული დაწყება ყოფილი პრეზიდენტის მონაწილეობით ლეგიტიმურ შეშფოთებას აჩენს პოლიტიკური ანგარიშსწორების შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სამართლებრივი და სასამართლო ინსტიტუტები ჯერ კიდევ მყიფე მდგომარეობაშია. 

კომენტარები