პატიმრობის კოდექსი

ომბუდსმენი: პატიმრობის კოდექსში შესატანი ცვლილებები მნიშვნელოვნად გადასახედია

ombudsman.ge

სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს პატიმრობის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით შენიშვნები გაუგზავნა. უჩა ნანუაშვილს მიაჩნია, რომ კანონპროექტის ზოგიერთი დებულება, განსაკუთრებით კი, კანონპროექტით გათვალისწინებული სპეციალური საშუალებების გამოყენების წესი მნიშვნელოვნად გადასახედია. ომბუდსმენის აზრით, ასევე, მეტ სამართლებრივ სიცხადეს მოითხოვს განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა კორესპონდენციის ვიზუალური დათვალიერების უფლებამოსილების მინიჭება სასჯელაღსრულების დაწესებულების ადმინისტრაციისთვის, მათ შორის, სახალხო დამცველის მიერ გაგზავნილი კორესპონდენციის.

"საქართველოს სახალხო დამცველმა კანონპროექტი გააანალიზა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ დადგენილ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის კუთხით. კანონპროექტით გათვალისწინებულ თითოეული სპეციალური საშუალების გამოყენებასთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით კონკრეტული რეკომენდაციები შესთავაზა. კერძოდ, ცრემლსადენი და წიწაკის გაზთან დაკავშირებით - სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონპროექტით გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი პირობები: ცალსახად უნდა აიკრძალოს მათი დახურულ სივრცეში გამოყენება; უნდა გადაისინჯოს და, შესაბამისად, დავიწროვდეს იმ მიზნების ჩამონათვალი, რომელთა მისაღწევადაც შეიძლება ნებადართული იყოს აღნიშნული საშუალებების გამოყენება; იმ პატიმრებს, რომელთა მიმართაც აღნიშნული სპეციალური საშუალებები იქნება გამოყენებული, დაუყოვნებლივ უნდა ჰქონდეთ სამედიცინო დახმარებაზე წვდომა და გაეწიოთ შესაბამისი მკურნალობა; უფლებამოსილ პირთა კვალიფიკაცია, მომზადება და შესაბამისი მინიმალური უნარ-ჩვევების ქონის აუცილებლობა უნდა დარეგულირდეს შესაბამისი კანონქვემდებარე აქტით", - აცხადებს უჩა ნანუაშვილი.

რაც შეეხება ხელბორკილებს, ომბუდსმენის თქმით, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტებით, მიუღებელია ხელბორკილების რუტინული გამოყენების პრაქტიკა და ეს სპეციალური საშუალება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში უნდა გამოიყენებოდეს - ინდივიდუალური რისკისა და საჭიროებების შეფასების საფუძველზე.

"შესაბამისად, სახალხო დამცველი მიზანშეწონილად მიიჩნევს, კანონპროექტმა უფრო დეტალურად დაარეგულიროს ხელბორკილის გამოყენების პირობები. ასევე, უნდა განისაზღვროს, რომ ხელბორკილის გამოყენება მყარ ზედაპირზე მიმაგრებით დაუშვებელია და რომ ამ ღონისძიებისთვის მიმართვის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს შესაბამისი ზედამხედველობა. არალეტალურ იარაღთან დაკავშირებით - კანონპროექტის განმარტებით ბარათში არ არის მოცემული არალეტალური იარაღის განმარტება და სახეობები, რაც თავისთავად, კანონის სიცხადესთან და განსაზღვრულობასთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემებს ქმნის. აღნიშნულიდან გამომდინარე, სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, კანონში მკაფიოდ გაიწეროს, რა იგულისხმება არალეტალურ იარაღში. გარდა ამისა, იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაც შეიძლება შედეგად მოჰყვეს ზოგადად აღნიშნული ტიპის იარაღის გამოყენებას, აუცილებელია კანონით მკაფიოდ განისაზღვროს, რომ მისი გამოყენება შეიძლება მხოლოდ მაშინ და იმ ზომით, რაც უკიდურესად აუცილებელია უსაფრთხოების და წესრიგის შესანარჩუნებლად. რეზინის ხელკეტთან დაკავშირებით - წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი მკაცრად განსაზღვრავს რეზინის ხელკეტის გამოყენების პირობებს. კომიტეტი განმარტავს, რომ რეზინის ხელკეტი შეიძლება გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც საფრთხე ექმნება პირის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას. ამ შემთხვევებშიც კი, ხელკეტის გამოყენება რეკომენდებულია მხოლოდ პირდაპირ საფრთხის წინააღმდეგ. შესაბამისად, მიზანშეწონილია შეიცვალოს კანონპროექტის შესაბამისი დებულება, რომლის თანახმად, რეზინის ხელკეტის გამოყენება დასაშვებია, მათ შორის, ქონების დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ასევე, მსჯავრდებულის/ბრალდებულის რუტინული გაყვანა/გადაყვანის დროს. სასამსახურო ძაღლთან დაკავშირებით - წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ დადგენილი სტანდარტებით, სასამსახურო ძაღლების გამოყენება პატიმრის საკნიდან გამოყვანისას მიუღებელია. აღნიშნულ სტანდარტს პირდაპირ ეწინააღმდეგება კანონპროექტის შესაბამისი მუხლი, რომელიც უშვებს სასამსახურო ძაღლის გამოყენებას პატიმრის "გაყვანა/გადაყვანისას". შესაბამისად, მიზანშეწონილია აღნიშნული დებულების გადახედვა. დამაწყნარებელ პერანგთან დაკავშირებით - კანონპროექტის დებულება ბუნდოვანია და ფართო ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა, რამაც შესაძლოა აღნიშნული სპეციალური საშუალების არაჯეროვნად გამოყენების საფრთხე შექმნას", - აცხადებს ომბუდსმენი.

რაც შეეხება განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულთა კორესპონდენციას, სახალხო დამცველის თქმით, კორესპონდენციის თავისუფლებაზე მსჯელობისას არც ევროპის სასამართლო და არც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, დაწესებულების კატეგორიის მიუხედავად, განსხვავებულ მიდგომებს არ ადგენენ.

"აქედან გამომდინარე, მსგავსი ტიპის რეგულაციის გამართლება მხოლოდ სასჯელის მოხდის დაწესებულების კატეგორიაზე მითითებით ვერ იქნება გამართლებული. შემოთავაზებული რეგულაცია ასევე ვერ იქნება გამართლებული მხოლოდ შემომავალ კორესპონდენციაზე მითითებით, ვინაიდან ევროპული სასამართლო კორესპონდენცის ხელშეუხებლობას უდგება იდენტური სტანდარტით, რაიმე განსხვავებული მიდგომის გარეშე. აღნიშნული კანონპროექტი არ განარჩევს შემთხვევებს ინდივიდუალურად და აწესებს კონტროლს ყველა ტიპის კორესპონდენციაზე ყველა მსჯავრდებულის მიმართ, რომელიც განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაშია მოთავსებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველს მიზანშეწონილად მიაჩნია კორესპონდენციის შემოწმების წესის გადახედვა მისი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით", - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სასჯელაღსრულების სამინისტროს მიერ ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, ფართოვდება იმ სპეცსაშუალებების ჩამონათვალი, რომელთა გამოყენებაც სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომლებს პატიმრის დაუმორჩილებლობის ან წინააღმდეგობის გაწევის შემთხვევაში შეუძლიათ. ჩამონათვალს ემატება წიწაკის გაზი და დამაწყნარებელი სკამი.

 

კომენტარები