ღარიბაშვილი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაზე

ღარიბაშვილი: საქართველო-ევროპის ურთიერთობაში რუსეთი წინაღობად არ უნდა იქცეს

სოჭის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების წასვლა საერთაშორისო თანამეგობრობის, ოლიმპიური მოძრაობისა და რუსი ერის მიმართ გადადგმული კეთილი ნების გამომხატველი ნაბიჯია - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი გამოცემაში Россия в глобальной политике გამოქვეყნებულ საავტორო წერილში საუბრობს.

”რუსეთი-საქართველო: ჩიხიდან გამოსვლის გზები” - ასე ჰქვია პრემიერმინისტრის ღია წერილს, სადაც ის სოჭის ოლიმპიადაზე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობაზე და რუსეთთან ურთიერთობის დალაგების გზებზე საუბრობს.

ღარიბაშვილის თქმით, რუსეთი 2008 წლის ომის შემდეგ ყველა შეთანხმებასა და ნორმას არღვევს, საქართველო-რუსეთს შორის არ არსებობს დიპლომატიური ურთიერთობა, თუმცა პრემიერმინისტრის თქმით, ორ ქვეყანას შორის პოზიტიური ძვრები შეინიშნება.

”2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა ყველა საერთაშორისო ნორმა და შეთანხმება დაარღვია. მან საქართველოს ტერიტორიიდან თავისი ჯარები არ გაიყვანა და მეტიც, ცოტა ხნის წინ 11-კილომეტრიანი ”სასაზღვრო ზონა” გააკეთა. რუსეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობა შეწყვეტილია და მისი აღდგენის პერსპექტივა ჯერჯერობით არ ჩანს. ამის მიუხედავად, ქართველი სპორტსმენები სოჭის ოლიმპიადაზე წავლენ. ჩვენი არგუმენტი ის არის, რომ სპორტის პოლიტიზებით პირველ რიგში სპორტსმენები ზარალდებიან. ჩვენ ასევე დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება - ეს კეთილი ნაბიჯია საერთაშორისო თანამეგობრობის, ოლიმპიური მოძრაობისა და რუსი ერის მიმართ. ასევე, მონაწილეობით ჩვენ ხაზს გავუსვამთ მტკიცე ნებას, ვიყოთ საერთაშორისო მშვიდობისა და კავკასიის რეგიონში სტაბილურობის მხარდამჭერები. მეტიც, ჩვენ რუსულ მხარეს უსაფრთხოების კუთხით სოჭის ოლიმპიადაზე დახმარებაც შევთავაზეთ.

რუსეთ-საქართველოს ორმხრივი მოლაპარაკებების პოზიტიურმა შედეგებმა, სპორტსმენების სოჭის ოლიმპიადაზე გაშვებაზე უდავოდ იქონია გავლენა. ქართული ოცნების მთავრობაში მოსვლის შემდეგ, ჩვენ შევძელით და რუსეთთან აღვადგინეთ სავაჭრო კავშირი, სატრანსპორტო მიმოსვლისთვის მოიხსნა პოლიტიკური წინააღმდეგობები, რუსი ტურისტების რაოდენობა ქვეყანაში გაორმაგდა, მიდის საუბარი სავიზო რეჟიმის გამარტივებაზე”, - წერს ღარიბაშვილი.  

ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობას მტკიცე გადაწყვეტილება აქვს მიღებული. გახდეს ევროკავშირის წევრი და ის იმედოვნებს, რომ რუსეთი ამ გზაზე წინაღობად არ იქცევა.
"ჩემს მთავრობას, ისევე, როგორც საქართველოს პარლამენტს, მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, საქართველოს ევროპასთან მომავალი ინტეგრაციის გზას გაჰყვეს. ამასთან, არსებობს მოსაზრებები, რომ რუსეთი შეეცდება, დაარწმუნოს საქართველო, უარი თქვას ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე. ეს მოსაზრებები კიდევ უფრო მყარდება უკრაინაში მიმდინარე დრამატული მოვლენების ფონზე. ისმის ასეთი კითხვებიც, თუ რა ზომებს გამოიყენებს რუსეთი საქართველოსთან მიმართებით, იქნება ეს სამხედრო ზეწოლა თუ "მსუბუქი ძალა"? ისევ დააწესებს თუ არა ემბარგოს ქართულ პროდუქციაზე? სამწუხაროდ, ეს შეკითხვები მოსახლეობის განწყობასა და უნდობლობის ხარისხს ასახავს. ბოლო გამოკითხვების თანახმად, მოსახლეობის დაახლოებით 70% მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს, თუმცა მათი უმრავლესობა ჩრდილოელ მეზობელს მთავარ გარე საფრთხედ მიიჩნევს", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. 

პრემიერმინისტრი წერს, რომ რუსეთი არ უნდა იქცეს კედლად საქართველო-ევროპის ურთიერთობაში, პირიქით, რუსეთი დაინტერესებული უნდა იყოს საქართველოს ევროპული ინტეგრაციით. ეს რუსეთის ავტორიტეტს გააძლიერებს და წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება ძლიერი და სტაბილური სამხრეთ კავკასიის რეგიონის შექმნაში.  

"დღევანდელი ევროპა არ არის იდეალური, მაგრამ სად არის უკეთესი? მე-18 საუკუნეში, როცა საქართველო ცდილობდა, მოეპოვებინა ერთმორწმუნე რუსეთის მფარველობა, ჩემი წინაპრები მას ევროპულ ძალად და ევროპაში ხიდად მოიაზრებდნენ. 1918-1921 წლებში საქართველოს ჰქონდა წარუმატებელი მცდელობა, გამხდარიყო განათლებული ევროპის წევრი. ვიზიარებ რუსი სწავლულის აზრს, რომ მოსკოვმა დღევანდელ კონტექსტში არ უნდა აირჩიოს საქართველო-ევროპას შორის კედლის ფუნქცია. ეს დიდი შეცდომა და წინდაუხედაობა იქნებოდა. და პირიქით: მოსკოვის მხარდაჭერა ევროპული საქართველოს მშენებლობაში დიდწილად გაამყარებდა მის ავტორიტეტს, გახდებოდა მნიშვნელოვანი ფაქტორი სტაბილური და მშვიდობიანი სამხრეთ კავკასიის შექმნაში", - წერს ირაკლი ღარიბაშვილი. 

ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ საქართველო სასიცოცხლოდ დაინტერესებულია, მეზობლების მხრიდან მუქარის ტონი არ მოდიოდეს. მისივე თქმით, ტერორიზმისა და რადიკალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თბილისსა და მოსკოვს ერთნაირი მიზნები ამოძრავებთ. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი წერს, საქართველო ღიაა რუსული ბიზნესისთვის და, ორმხრივი დიალოგის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლება მზად არის, განიხილოს ერთობლივი და საერთაშორისო საინვესტიციო პროექტები ენერგეტიკის, ტრანსპორტის, ინფრასტრუქტურის, სხვა სფეროებში. მისივე თქმით, ასეთი პროექტების მიმართ რუსული კომპანიები უკვე იჩენენ ინტერესებს და საერთო ეკონომიკური ინტერესების რეალიზაციამ ხელი უნდა შეუწყოს რთული პოლიტიკური პრობლემების სამართლიან გადაწყვეტას. 

"საქართველოში უყვართ და აფასებენ რუსულ კულტურას. ვიცით, რომ მსგავსი დამოკიდებულება აქვთ ქართული კულტურისადმი რუსეთშიც. ჩვენი კულტურების ერთმანეთში გაცვლის შესახებ საუბარი დიდხანს შეიძლება და ამაზე ბევრიც დაწერილა. მხოლოდ ბოლოდროინდელ მოვლენას აღვნიშნავ – თბილისის გრიბოედოვის სახელობის თეატრი მოსკოვში, საზღვარგარეთ არსებულ საუკეთესო რუსულ თეატრად ცნეს. თანამშრომლობა ხორციელდება რუსულ და ქართულ მართლმადიდებლურ ეკლესიებს შორის, რომლებიც აგვისტოს ომის ტრაგიკულ დღეებშიც კი ინარჩუნებდნენ ერთმანეთს შორის კონტაქტებს. სწრაფად ცვალებადი სამყარო და საერთო გამოწვევები არასტანდარტულ მიდგომებს ითხოვს. როცა ინტერესები თავსებადია, შეთანხმება ბევრ რამეზე შეიძლება", - აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. 

კომენტარები