ქართველი ერი

მარტოობის სამი ათასი წელი

„მტრის არმცნობი,
მოყვრის მგმობი,
გარეთ მხდალი, შინ ძლიერი;
არრის მქონე,
არრის მცოდნე,
უზრუნველი და მშიერი".

ქართველები ბედნიერი ერი ვართ. ეს თითქმის 150 წლის წინ შენიშნა ილია ჭავჭავაძემ, რომელიც ჯერ მოვკალით და მერე, როცა უკვე უსაფრთხო იყო, წმინდანად შევრაცხეთ. როგორც დამოუკიდებლობის 22-მა წელმა გვაჩვენა, ქართველებს ძალიანაც მოგვწონს ჩვენი თავი და სულაც არ გვინდა შევიცვალოთ. ბედნიერება ჩვენთვის ის „ტრადიციებია", რომელსაც ასე გააფთრებით ვიცავთ და ვებღაუჭებით.

როგორია ტიპური ქართველი? ტიპური ქართველი ლაღია, უდარდელი, ბოჰემური, ცოტა პრანჭიაც. მას უყვარს ლამაზი, მრავლისმთქმელი, მაგრამ არაფრისმომცემი ჟესტები. მას უყვარს, როცა აქებენ. თვითონ არასდროს აქებს სხვას (პრინციპში, ვერც წარმოუდგენია იმ სიმაღლეზე დგომა, რომ ვინმე შეაქოს). ის ნიჭიერია, მაგრამ ზარმაცი, უცხოსთან – დიდსულოვანი, მოყვარესთან – დაუნდობელი. პოტენციურად, ყოვლისშემძლეა – თუ მოინდომა, ყველაფერს მოახერხებს. უბრალოდ, არ ინდომებს. ქართველი 4 მილიონია, თორემ 40 მილიონი რომ იყოს, მერე ნახავდით სეირს! ქართველი მარტოა. მას არც ნათესავი ჰყავს, არც მოკეთე, რომ დაენდოს. მრავალი საუკუნეა, მარტოობა ქართველის მეობასა და გაგებას განსაზღვრავს.

ქართველი ყოველთვის ერიდება გაზომვად დარგებში კონკურენტებთან შეჯიბრს. მას ურჩევნია იმთავითვე არაგაზომვად, ირაციონალურ სფეროზე განაცხადოს პრეტენზია (მაგალითად, ძნელია გავზომოთ და ვინმესას შევადაროთ ჩვენი „ღირსება" ან „რაინდული სულისკვეთება"). ამგვარ ქცევას ისიც აადვილებს, რომ გონიერი მეტოქე ყოველთვის მზადაა აბსტრაქტული დიდება კონკრეტულ გამარჯვებაში გაგვიცვალოს.

ქართველს ბედი არ სწყალობს. მას ყოველთის სულ ცოტა აკლდება გამარჯვებამდე. მიუხედავად ამისა, ქართველი ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაში ცხოვრობს – იმ შუენიერ ადგილას, რომელიც ღმერთს სათავისოდ ჰქონდა გადანახული, მაგრამ ბოლოს ჩვენთვის გამოიმეტა (აკი, როცა ღმერთი მიწებს არიგებდა, ქართველი მაშინ ქეიფობდა და დაიგვიანა)...

ყოველივე ეს, რა თქმა უნდა, სტერეოტიპებია. მაგრამ ყველა სტერეოტიპი ხომ საიდანღაც იღებს სათავეს. თანაც, ქართველს ეს სტერეოტიპი არასდროს გაუპროტესტებია: მან ის მიიღო. მას ის მოსწონს. თუ ადამიანი სუსტია, სტერეოტიპი ხშირად სტიგმა ხდება – ადამიანი სტერეოტიპის მძევლად იქცევა და მისი ტყვეობიდან ვეღარ გამოდის. მაგრამ ბევრი ამ ტყვეობიდან დახსნას არც კი ცდილობს: სტერეოტიპზე მორგება ხომ გაცილებით ადვილი და კომფორტულია, ვიდრე გაუკვალავი გზებით სიარული. ამგვარ კომფორტში მცხოვრები ადამიანებისთვის თავისუფლება მძიმე და უსამართლო ტვირთია.

საქართველო, რომელსაც უცხოელი მოგზაურები აღწერენ თავიანთ ჩანაწერებში, საუკუნიდან საუკუნემდე თითქმის არ იცვლება და დიდწილად ჯდება იმ სტერეოტიპში, რომელიც ზემოთ აღვწერე (უბრალოდ, თუ უცხოელისგან ამის გაგონება ქართველს სიამოვნებს, შინაურისგან იმავეს მოსმენა უკიდურეს აგრესიასა და სიძულვილს იწვევს). არადა, ქართველები მართლაც ნიჭიერი ერი ვართ. ჩვენ უბრალოდ ასპარეზი არ გვყოფნის, ან გარემოებები არ გვიწყობს ხელს, გეოპოლიტიკურადაც ყოველთვის არახელსაყრელ მდგომარეობაში ვცხოვრობდით, თორემ იცით რამდენს შევძლებდით? მოკლედ რომ ვთქვათ, ყოველთვის გვქონდა წარუმატებლობის ასპროცენტიანი ალიბი, რომელიც, თავის მხრივ, მხოლოდ უდარდელი, დარდიმანდი ცხოვრების არჩევანს გვიტოვებდა ძლიერი, მაგრამ სამართლიანი დამპყრობლის კალთის ქვეშ.

რამდენიმე გამონათებას თუ არ ჩავთვლით (რომელიც, როგორც წესი, „ურჩი ფეოდალებისა" და ანაფორაში გადაცმული მეხუთე კოლონის ძალადობრივ დამორჩილებაზე გადიოდა, როგორც დავით აღმაშენებლისა და გიორგი ბრწყინვალის დროს), ასე მოვედით 21-ე საუკუნემდე.

მერე იყო ის წყეული „ცხრა წელი" – 9 წელი, რომელმაც დაანგრია მანამდე არსებული ყველა სტერეოტიპი ქართველზე, რომლის დროსაც აღმოჩნდა, რომ შეგვძლებია ბევრი რამ, რაც მანამდე წარმოუდგენელი გვეგონა. რაც მთავარია, აღმოჩნდა, რომ შეგვძლებია ობიექტურად, უნივერსალურად გაზომვადი წარმატებების მიღწევა. ამის მოკრძალებული მაგალითია მერვე(!) ადგილი მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით და ამავე პერიოდში მოპოვებული ერთ-ერთი ყველაზე არაკორუმპირებული ქვეყნის სტატუსი (შემოილაწუნეთ, ამხანაგებო, საქართველოზეა საუბარი! – ამხელა „სიცრუის" „აჟიტირებასაც" ხომ „მოხერხება" უნდა!). მანამდე ვიცოდით, რომ საქართველო პატარა, მიყრუებული „სოფელი" იყო. ვიცოდით, რომ ამბიციურ ქართველ პოლიტიკოსს მსოფლიო კარიერის გაკეთება მხოლოდ დიდ იმპერიაში შეეძლო. დიდი იმპერია კი, რომელიც ასეთ ასპარეზს იძლეოდა, როგორც წესი, ჩვენი დამპყრობელი იყო. „9 წელმა" ეს მითიც დაანგრია: სააკაშვილი გახდა პირველი ქართველი პოლიტიკოსი ისტორიაში, რომელმაც მსოფლიო აღიარება საქართველოში – და საქართველოს წარმატებით – მოიპოვა.

მაგრამ „სისხლიანი 9 წელი" დასრულდა. ასევე გასრულდა ისტორიის მიერ მყისიერად დავიწყებული „თავისუფლად სუნთქვის" 1 წელი, რომელიც „ქართული ოცნების" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ გავიდა. ახლა, როცა ყველაფერი ვნახეთ, არჩევანი ჩვენზეა – უნდა გადავწყვიტოთ, როგორები გვინდა, რომ ვიყოთ. გვინდა, რომ გვაქონ თუ გვინდა, რომ ვაქოთ? მოვინდომებთ, დავამსხვრიოთ ჩვენ შესახებ ჩვენივე გონებაში არსებული მახინჯი სტერეოტიპები თუ მოვერგებით მათ და დავრჩებით მათ მძევლად? მკვდარ და უსაფრთხო ილია ჭავჭავაძეს დავუნთებთ სანთელს თუ შევეცდებით გავიგოთ, რის გამო გვაკრიტიკებდა ის? პრაგმატული თვალით შევხედავთ სამყაროს თუ ლევან სანიკიძის „დედა-ისტორიიდან" მიღებული მელოდრამატული „ცოდნის" მასშტაბში დავრჩებით, რომლითაც ბავშვობიდანვე გვაყენებდნენ მოუშუშებელ ტრავმას, გვიჩლუნგებდნენ აზროვნებისა და გამარჯვების უნარს? გავაგრძელებთ სამიათასწლოვანი სიმარტოვით მოგვრილ მელანქოლიაში, ფუჭ ოცნებებსა და იმედებში ცხოვრებას, თუ შევქმნით არსებითად ახალ, ჯანსაღ და ძლიერ აწმყოს (და არა მომავალს)?

სინამდვილეში არჩევანი ძალიან მარტივია.