თავშესაფარი უსახლკაროთათვის

ომბუდსმენი: შეშფოთებულები ვართ სასულიერო პირთა უპასუხისმგებლო განცხადებებით

ombudsman.ge

სახალხო დამცველი უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფაზე იდენტობის ინიციატივასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. უჩა ნანუაშვილის განცხადებით, უსახლკაროთა პრობლემის მიმართ სახელმწიფოს კომპლექსური მიდგომის არარსებობის პირობებში, მიესალმა არასამთავრობო ორგანიზაცია იდენტობის ინიციატივას უსახლკარო პირებისთვის თავშესაფრის გახსნის შესახებ. ომბუდსმენის თქმით, სათანადო საცხოვრისის უფლება გარანტირებულია არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით, რომელთა მონაწილე საქართველოა და შესაბამისად, აღებული აქვს მათი შესრულების ვალდებულება.სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს, რომ ორგანიზაცია იდენტობა თავშესაფარს ვეღარ ხსნის და "შეშფოთებულია სასულიერო პირთა უპასუხისმგებლო განცხადებებით, რომლებიც შეიძლება გახდეს კონკრეტული ჯგუფის მიმართ ძალადობის წაქეზების საფუძველი".

"ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე–11 მუხლი წევრ სახელმწიფოებს აკისრებს ვალდებულებას, აღიაროს თითოეულის უფლება „ჰქონდეთ სათანადო კვება, ტანსაცმელი და ბინა... მონაწილე სახელმწიფოები... მიიღებენ სათანადო ზომებს ამ უფლების განხორციელების უზრუნველყოფისთვის“. ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, სახელმწიფოთა ვალდებულებაა ყოველი ადამიანი უზრუნველყონ ცხოვრების სათანადო დონით (მუხლი 25). ევროპის სოციალური ქარტია, გარდა ადეკვატური საცხოვრისით უზრუნველყოფის ვალდებულებისა, სახელმწიფოებს აკისრებს უსახლკაროთა შემცირებისა და ეტაპობრივი აღმოფხვრის მოვალეობას (მუხლი 31). საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს 13 ნოემბრის განცხადებაში ხაზგასმულია ორგანიზაცია იდენტობის ინიციატივის შეუსაბამობა საერთაშორისო სტანდარტებთან. მინისტრს საკითხი განხილული აქვს უსახლკარო ბავშვების დახმარების ჭრილში, მაშინ, როდესაც ორგანიზაციის იდენტობა პირველად განცხადებაში, რომელიც მათ ვებ–გვერდზეა განთავსებული, აღნიშნულია, რომ ინიციატივა ითვალისწინებს თავშესაფრის გახსნას „ყველაზე გაჭირვებული, მრავალშვილიანი და უსახლკარო ოჯახებისთვის, რომლებსაც მცირეწლოვანი ბავშვები ჰყავთ და ზამთარში ქუჩაში ცხოვრობენ“. აღნიშნულიდან გამომდინარე, ჯანდაცვის მინისტრის შეფასება ორგანიზაციის იდენტობა ინიციატივის არასწორ განმარტებას ეფუძნება. გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის თანახმად, „მონაწილე სახელმწიფოები ცნობენ ყოველი ბავშვის უფლებას, უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. . . . მონაწილე სახელმწიფოები, ეროვნული პირობების შესაბამისად და თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში, აუცილებელ ზომებს იღებენ იმისათვის, რათა დახმარება გაუწიონ მშობლებსა და ბავშვთა აღმზრდელ სხვა პირებს ამ უფლების განხორციელებაში, აუცილებლობის შემთხვევაში მატერიალურად ეხმარებიან და თანადგომას უწევენ პროგრამებს, უწინარესად საკვებით, ტანსაცმლითა და საცხოვრებლით უზრუნველყოფის თვალსაზრისით.“ სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციით დადგენილი პრინციპები სრულ შესაბამისობაში მოდის ორგანიზაციის „იდენტობა“ ინიციატივასთან, რომელიც გაჭირვებული და უსახლკარო ოჯახებისთვის თავშესაფრის გახსნას გულისხმობს. სახალხო დამცველი მწუხარებას გამოთქვამს ორგანიზაცია „იდენტობის“ მიერ აღნიშნული ინიციატივის შეწყვეტასთან დაკავშირებით და შეშფოთებულია სასულიერო პირთა უპასუხისმგებლო განცხადებებით, რომლებიც შეიძლება გახდეს კონკრეტული ჯგუფის მიმართ ძალადობის წაქეზების საფუძველი. ხოლო, რაც შეეხება მუქარას და ძალადობის საფრთხეს, რის შესახებაც ორგანიზაცია მის მიერ 13 ნოემბერს გამოქვეყნებულ განცხადებაში ამახვილებს ყურადღებას, სახალხო დამცველი შეისწავლის აღნიშნულ ფაქტებს და შესაბამის რეაგირებას მოახდენს" - ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მთავრობას და თბილისის მერიას, ზამთრის მოახლოებასთან დაკავშირებით, დაუყოვნებლივ გადადგან ნაბიჯები დროებითი თავშესაფრების მოსაწყობად, რათა მინიმუმამდე შემცირდეს უსახლკაროთა ქუჩაში გაყინვისგან გამოწვეული ფატალური შემთხვევების რისკი. უჩა ნანუაშვილი ითხოვს, დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ, მთავრობამ ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდოს სახალხო დამცველს და საზოგადოებას. 

ცნობისთვის, ორგანიზაცია იდენტობას მოახლოებული ზამთრის პარალელურად, სურვილი ჰქონდა გაეხსნა თავშესაფარი უსახლკაროთათვის და არა მხოლოდ ბავშვებისათვის. დროებითი თავშესაფრის პროგრამა ითვალისწინებდა ექიმის, იურისტის, ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკისა და დასაქმების სპეციალისტის, ასევე მოხალისეთა ფართო ჩართულობას ამ ადამიანთა გაძლიერებისათვის, პროფესიული გადამზადებისა და დასაქმებისათვის. თუმცა,იდენტობამ ძალადობის საფრთხის გამო ამ ეტაპზე გადაიფიქრა დროებითი თავშესაფრის გახსნა უსახლკარო ადამიანებისთვის.

ჯანდაცვის მინისტრს დავით სერგეენკოს გუშინდელ შეხვედრაზე ერთ-ერთმა ჟურნალისტმა მცდარი ინფორმაცია მიაწოდა იდენტობას ინიციატივაზე. ჟურნალისტმა მინისტრს კითხვის დასმისას უთხრა, რომ იდენტობას სურს ბავშვთა თავშესაფრის გახსნა, რასაც ეწინააღმდეგება საპატრიარქო. მოგვიანებით, სერგეენკომ განმარტა, რომ იდენტობას თავშესაფარი თუ გულისხმობს ოჯახებისა და სრულწლოვანი ადამიანების დახმარებას, ეს პრობლემას არ წარმოადგენს.

"თუ ეს არის ოჯახური დასახლება, ოჯახს არანაირი რეგულირება არ ჭირდება, თუ როგორ აღზარდოს თავისი შვილი. ამ მხრივ, ძირითადად, საკმარისია მხოლოდ ინფრასტრუქტურული აქტივობები,"- განუცხადა მინისტრმა ინტერნეტ გამოცემა ნეტგაზეთს.

ასევე, გუშინ განცხადება გაავრცელა საპატრიარქომ, რომელშიც განმარტა თუ რატომ ეწინააღმდეგება ორგანიზაცია იდენტობას ინიციატივას. განცხადებაში ფაქტობრივი უზუსტობაა. საპატრიარქო აცხადებს, რომ იდენტობას მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის გახსნა სურს, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

კომენტარები