საქართველო-რუსეთის ურთიერთობა

ზურაბ აბაშიძე: რუსეთი არ იყო მშვიდობისმყოფელი, მაგრამ უნდა ჰქონოდა ეს სტატუსი

ზურაბ აბაშიძე

საქართველოს პრემიერმინისტრის წარმომადგენელი რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძე მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის უკეთესი იქნებოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის ჯარები მშვიდობისმყოფელის სტატუსით ყოფილიყვნენ, ვიდრე ოკუპანტის. ამის შესახებ მან ტაბულას ეთერში, გადაცემა ფოკუსში ისაუბრა.

"ოკუპირებულის დარქმევა პროპაგანდის ისეთივე მიღწევაა, როგორიც იმის თქმა, რომ რუსეთს ნიღაბი ჩამოვხსენით. ვინ არ იცის რუსეთი რას წარმოადგენს? სჯობდა, რომ მშვიდობისმყოფელებად ყოფილიყვნენ იქ, ვიდრე ოკუპანტებად და აღიარებულ სახელმწიფოებად. იმას რაღაც პატარა პერსპექტივა მაინც ჰქონდა, არ იყო მშვიდობისმყოფელი, მაგრამ უნდა ჰქონოდა ეს სტატუსი, რადგან ასეთი სახელმწიფოა, ურთულესი მეზობელი გვყავს, ჩვენ რუსეთს ვერსად ვერ გადავასახლებთ. აი, ასეთია რეალობა, ამიტომ ისეთი პოლიტიკის შერჩევას უნდა შეეცადო, რომ საქმე არ მივიდეს ომამდე და ოკუპაციამდე", - განაცხადა ტაბულას ეთერში ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, სააკაშვილის ხელისუფლებას წინამორბედისგან არ მიუღია ისეთივე კატასტროფული მემკვიდრეობა რუსეთთან ურთიერთობის სახით, როგორიც ეს მიიღო ივანიშვილის მთავრობამ.

"1993 წლის შემდეგ, ნაბიჯ-ნაბიჯ, ნაწილობრივ მოხერხდა ვითარების გამოსწორება. სრულად არა, მაგრამ ვითარება ნაწილობრივ გამოსწორდა და ამან რაღაც შედეგები გამოიღო. მაგალითად, 1995-1996 წლებისთვის ჩვენ მოვახერხეთ ის, რომ საქართველოდან მთლიანად გავიყვანეთ რუსეთის მესაზღვრეთა ძალიან მრავალრიცხოვანი კონტინგენტი. საზღვრებზე 10 000-მდე რუსი მესაზღვრე იდგა, ისინი აკონტროლებდნენ საზღვრებს. მნიშვნელოვანი მიღწევა იყო ის, რომ რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის შეთანხმებას მივაღწიეთ და ოთხი ბაზიდან ორი გავიყვანეთ. სააკაშვილის ხელისუფლებას რა მემკვიდრეობაც ერგო წინა ხელისუფლებისგან, ისეთი მემკვიდრეობა არ მიუღია ამჟამინდელ ხელისუფლებას. 2004 წელს როცა გაიმართა ინაუგურაცია, აქ ჩამოვიდა რუსეთის საგარეო სამინისტროს დელეგაცია, იყო დელეგაციათა გაცვლა-გამოცვლა, არსებობდა კონტაქტები, ოსეთში ავტობუსებით დავდიოდით, ხალხი მოძრაობდა, იყო ვაჭრობა, რთული ვითარება იყო ნამდვილად, მაგრამ ომი არ გვქონია.

იყო ინფანტილური, ირაციონალური პოლიტიკა რუსეთთან ურთიერთობაში წლების განმავლობაში, 2005-დან 2008-მდე. ხომ არ ვამბობ იმას, რომ ომი ჩვენი ბრალი იყო? უბრალოდ, წინა წლებში იყო არასწორი პოლიტიკა, რამაც ხელი შეუწყო იმ ტრაგედიას, რაც მოხდა 2008 წელს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.

მისივე თქმით, ის, რაც მოხდა 2008 წელს, სამართლებრივად იყო სრული კატასტროფა - საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა ორი სახელმწიფო, რომელსაც რუსეთი აღიარებს.

"რა ვუყოთ ახლა რუსეთს? სწორედ ამიტომ ჩვენ შევარჩიეთ ასეთი პოლიტიკა: ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ ყველაფერს ერთად მოვაგვარებთ, ამ ურთულეს პრობლემებზე: უშიშროების საკითხებზე, ჰუმანიტარულ პრობლემებზე ვმსჯელობთ ჟენევის ფორმატში, სხვა პრობლემებზე კი, რაც ეხება სავაჭრო, სატრანსპორტო და კულტურულ ურთიერთობებს, ვსაუბრობთ სხვა ფორმატში და იმისათვის, რასაც აქამდე მივაღწიეთ, ჩვენი მხრიდან არანაირი პრინციპული დათმობა არ ყოფილა.

2005 წელს რომ შევვარდით ცხინვალში, რატომ შევვარდით? რატომ ავაწიოკეთ ის ხალხი? ვის ვეომებოდით იქ? ეს ახლა არავის არ ახსოვს და ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. მაშინ დაიწყო ეს უბედურება ხელმეორედ. იქ ვითარება ჩამცხრალი იყო, ავტობუსები დადიოდა, ვაჭრობა იყო, ოსეთის მთავრობის წარმომადგენლები ჩამოდიოდნენ და მთავრობის სხდომებს ესწრებოდნენ, ხელფასს ხან აქ იღებდნენ, ხან - იქ. ნდობის ფაქტორი იყო აღდგენილი", - ამბობს ზურაბ აბაშიძე.

კომენტარები