ვახტანგ ხმალაძე

ხმალაძე: პრეზიდენტს არ უნდა ჰქონდეს საშუალება, თავად დაიდგინოს თამაშის წესები

ვახტანგ ხმალაძის Facebook გვერდი

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ვახტანგ ხმალაძე იზიარებს ომბუდსმენის იმ რეკომენდაციას, რომელიც პრეზიდენტისთვის შეწყალების უფლების შეზღუდვას ითვალისწინებს. როგორც დღევანდელ პრესკონფერენციაზე ხმალაძემ განაცხადა, საჭიროა კანონში კონკრეტულად გაიწეროს ის კატეგორიები, რომლებზეც ჰუმანური აქტი არ გავრცელდება. 

"მიუხედავად იმისა, რომ შეწყალების წესი განსაზღვრულია პრეზიდენტის ბრძანებულებით, თავად პრეზიდენტი, მას შემდეგ, რაც ეს ბრძანებულება გამოიცემა, ვალდებულია, რომ შეასრულოს თავისივე გამოცემული ბრძანებითა დადგენილი პირობები. მე ვფიქრობ, რომ ამდაგვარი საკითხები უნდა განისაზღვროს კანონით, რათა ერთ პირს, თუნდაც ქვეყნის პრეზიდენტს არ ჰქონდეს საშუალება, თავად დაიდგინოს თავისთვის თამაშის წესები, რათა ამ წესის განსაზღვრისას, მან არ ჩაწეროს ისეთი რამე, რაც არის მიუღებელი", - თქვა ხმალაძემ და აღნიშნა, რომ ასევე განსასაზღვრელია ის პირობები, ვის შეიძლება შეეხოს შეწყალება და ვის არა. მისი თქმით, საერთაშორისო წესების შესაბამისად, პირებზე, რომლებიც მსჯავრდებულები იყვნენ წამებისთვის და არაადამიანური მოპყრობისთვის, არ ვრცელდება ამნისტია.

"მათზე, ჩემი აზრით, ასევე არ უნდა გავრცელდეს შეწყალება. ვიზიარებ უჩა ნანუაშვილის რეკომენდაციას, რომ უნდა განისაზღვროს კატეგორიები, ვის შეეხება შეწყალება და ვის არა", - დასძინა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ. 

პირველ რადიოში გამართულ ბრიფინგზე ვახტანგ ხმალაძემ სახელმწიფოში პირველი პირის განსაზღვრაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს კონსტიტუციაში ქვეყნის მეთაურად პრეზიდენტია მოხსენიებული, ხოლო ტერმინი პირველი პირი, არ არსებობს.

"კონსტიტუცია არ ამბობს - ვინ არის პირველი პირი. ის ამბობს, ვინ არის სახელმწიფოს მეთაური და რა უფლებამოსილებები აქვს მას. ასევე ამბობს, რა უფლებამოსილება აქვს პარლამენტს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მთავრობას, პრემიერს... ამას ამბობს კონსტიტუცია. კონსტიტუცია არსად არ ამბობს, რომ ვინმე არის პირველი, მეორე თუ მესამე პირი", - თქვა ხმალაძემ.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეს საქართველოში მონარქიის აღდგენის შესაძლებლობაზეც ჰკითხეს. ხმალაძის შეფასებით, ეს ინიციატივა არარეალისტური და არარაციონალურია. 

"რაც თავი მახსოვს, საქართველოში ყოველთვის იყო მონარქიის აღდგენაზე საუბარი. მე ყოველთვის გამოვთქვამდი ჩემს აზრს იმის შესახებ, რომ საქართველოში ამის გაკეთება არარეალისტურად და არარაციონალურად მიმაჩნია. ამის ბევრი მიზეზია. ერთ-ერთი არის ის, რომ ძალიან დიდია, ორ საუკუნეზე მეტია, რაც არის წყვეტა მონარქიულ წყობილებასა და არამონარქიულ წყობილებას შორის. ორ საუკუნეზე მეტს იმიტომ ვამბობ, რომ რუსეთის იმპერატორს საქართველოში საქართველოს იმპერატორად და საქართველოს მეფედ არასდროს აღიქვამდნენ. ჩვენი მეფე 1801 წელს დამთავრდა. ეს წყვეტა იმდენად დიდია, რომ სამეფო გვარისადმი ტრადიციული პატივისცემა და ის როლი, რომელსაც ტრადიციულ მონარქიებში მონარქები ასრულებენ, ჩემი აზრით, საქართველოში შეუძლებელია აღდგეს. ამიტომ, მე არ მიმაჩნია, რომ ეს იდეა რეალისტულია", - განაცხადა ხმალაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე. 

კომენტარები