პატარკაციშვილების ოჯახი

პატარკაციშვილის ოჯახი: ქეიმ მეტალურგიული ქარხანა თაღლითური გზით ჩაიგდო ხელში

Global News

ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის ოჯახი თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების გადაწყვეტილებებს აპროტესტებს. ამ გადაწყვეტილების მიხედვით, რუსთავის მეტალურგიული ქარხნის აქტივები ჯოზეფ ქეის გადაეცა. პატარკაციშვილის ოჯახის წევრების განცხადებით, ქეიმ ქარხანა თაღლითური გზით ჩაიგდო ხელში. იურისტების მტკიცებით, საქმის განხილვისას ბევრი დარღვევა გამოვლინდა და ეს ფაქტები უზენაეს სასამართლოში გასაჩივრდება. რუსთავის ფოლადის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ირაკლი რუხაძის განცხადებით, თუ უზენაესი სასამართლო გამამტყუნებელ განაჩენს გამოიტანს, პატარკაციშვილების ოჯახი საქართველოში ინვესტიციების განხორციელების საკითხს გადახედავს.

"თანაინვესტირების ფონდში 300 მილიონი დოლარის კაპიტალით შევიდა პატარკაციშვილების ოჯახი. ამ პროცესში მე ვიყავი ჩართული. თუ სასამართლო პროცესი ასე წარიმართა და ჩვენ ვერ გავარკვიეთ, რა მოხდა, მაშინ, ინვესტირებას შევაჩერებთ. ახლა ვართ თანაინვესტირების ფონდში და იმედი გვაქვს გავაგრძელებთ ინვესტირებას", - აღნიშნა რუხაძემ.

დღესვე, ბიზნესმენ ბადრი პატარკაციშვილის და იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც, ოჯახმა ტელეკომპანია იმედის სანაცვლოდ, წინა ხელისუფლებისგან 400 მლნ აიღო. 

"ხშირად წერს ნათია ჯაყელი, რომ 400 მლნ აიღო ოჯახმა. თქვენ იცით, რომ ჩვენ შეტანილი გვქონდა სარჩელი საარბიტრაჟოში. ძალიან ცოტა დრო იყო დარჩენილი, რომ საარბიტრაჟოში დაწყებულიყო ამის განხილვა. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ვედავებოდით ამ 400 მლნ-ს ქვეყნის ხელისუფლებას და გამომდინარე იქიდან, რომ ეს თანხა ყველა ადამიანის ჯიბეს დააწვებოდა და ისინი ამას სხვანაირად ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიხდიდნენ, ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, დაგვენებებინა თავი ამ საარბიტრაჟო სასამართლოსთვის და გამოგვეტანა საჩივარი", -  განაცხადა ინა გუდავაძემ.

ქართული ფოლადის დირექტორი ნათია ჯაყელი კი, რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებულ ბრალდებებს უარყოფს. მისი განცხადებით, "რუსთავის მეტალურგიული ქარხანა ინა გუდავაძეს და მის კრიმინალური ქმედებებით ცნობილ ჯგუფს" გადაეცა 2011 წლის 6 ივლისის ხელშეკრულების საფუძველზე. მისი თქმით, აღნიშნული ხელშეკრულება ინა გუდავაძესა და მიხეილ სააკაშვილს შორის გაფორმდა.

"მათ შორის გარიგება მოხდა. როცა სამ საათში ამ ხელშეკრულებას ხელს აწერ და ორ საათში ქარხანაში სპეცრაზმი შემოდის, 15 წუთში გვატოვებინებენ ქარხანას, რომელსაც 2005 წლიდან ვმართავდით, ეს არის საზოგადოების, სახელმწიფოს და სასამართლოს დაშანტაჟების  კიდევ ერთი უსუსური მცდელობა", - აცხადებს ჯაყელი. 

ცნობისთვის, თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებმა რუსთავის მეტალურგიულ ქარხანასთან დაკავშირებით პატარკაციშვილების ოჯახს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა. ოჯახი სარჩელის შეტანას უზენაეს სასამართლოში გეგმავს. ბიზნესმენმა ჯოზეფ ქეიმ რუსთავის მეტალურგიული ქარხნის დასაბრუნებლად სამართლებრივი ბრძოლა 2013 წლის ივნისში დაიწყო. ამის შესახებ ქეიმ 11 ივნისს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

"ორწლიანი იძულებითი შესვენების შემდეგ საშუალება მომეცა, პირდაპირ შეგხვდეთ და თქვენთვის საინტერესო კითხვებს ვუპასუხო. დღეს ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვან თემას შევეხები - ეს ჩემი რუსთავის მეტალურგიული ქარხანაა. 2011 წლის 6 ივლისს ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომლის თანახმადაც, ტელეკომპანია იმედზე დავის შეწყვეტის სანაცვლოდ, სააკაშვილის ხელისუფლებამ ინა გუდავაძეს ჩემი ქარხანა გადასცა. იმავე დღეს შეიარაღებული სპეცრაზმი ქარხანაში შეიჭრა. ჩემს ქონებას კრიმინალურად შემოსული ჯგუფი დაეპატრონა. კრიმინალური და ძალადობრივი ქმედებებით, ფინანსური მაქინაციებით, მაშინდელი სახელმწიფო მანქანის ტოტალური მხარდაჭერით, მათ ჩემი კომპანიები გააკოტრეს და ქართული ფოლადისა და თუჯი XXI-ის აქტივები ორი დღით ადრე შექმნილ შპს რუსთავის ფოლადს გადასცეს. ჩემს მეტალურგიულ ქარხანას დღეს ეს კომპანია აკონტროლებს", - განაცხადა ქეიმ.

შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, პატარკაციშვილების ოჯახმა ტელეკომპანია იმედი და მთაწმინდის პარკი დაიბრუნა. რაც შეეხება რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას, კომპანიაში ოჯახის მიერ დაქირავებული მენეჯმენტი 2011 წელს შევიდა.

კომენტარები