თურქეთი

არეულობა თურქეთში

მასობრივი საპროტესტო გამოსვლები თურქეთში რამდენიმე კვირას გაგრძელდა. სტამბოლის ცენტრში მდებარე ტაქსიმის მოედანი და გეზის პარკი პოლიციამ დემონსტრანტებისგან 15 ივნისს, ღამით გაწმინდა, რის შემდეგაც შეტაკებების ეპიცენტრმა ტაქსიმის მიმდებარე ქუჩებში, ასევე დედაქალაქ ანკარასა და ქვეყნის სხვა ქალაქებში გადაინაცვლა. თავად ტაქსიმზე კი მოქალაქეებმა „მდუმარე პროტესტის” მეთოდს მიმართეს.

გამოსვლები სტამბოლში მაისის ბოლოს დაიწყო. ამის მიზეზი გახდა მთავრობის გადაწყვეტილება გეზის პარკის ადგილას სავაჭრო ცენტრის მშენებლობის შესახებ, თუმცა მალევე დემონსტრანტების მოთხოვნები შეიცვალა და მათ მთავრობის და პრემიერმინისტრ რეჯეფ თაიფ ერდოღანის გადადგომა მოითხოვეს.

პრემიერი პირველივე დღეებიდან აცხადებდა, რომ პროტესტის უკან მცირერიცხოვანი მარგინალები და „ტერორისტები” დგანან. მან პროვოკაციების ორგანიზებაში პოლიტიკური ოპონენტები დაადანაშაულა.

არეულობამ და შეტაკებებმა თურქეთის მრავალი ქალაქი მოიცვა. პოლიცია დემონსტრანტთა დაშლისას ცრემლსადენ გაზს, წყლის ჭავლს და ხელკეტებს იყენებდა. სულ თურქეთში არეულობის დაწყებიდან ხუთი ადამიანი დაიღუპა, ხუთი ათასზე მეტი დაშავდა და პოლიციამ 400-ზე მეტი აქტივისტი დააკავა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი მხარდამჭერებს ხვდება
ფოტო: REUTERS
13 ივნისს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დემონსტრანტებს დასაშლელად 24-საათიანი ვადა მისცა, თუმცა რამდენიმე საათში ხელისუფლებასა და დემონსტრანტთა წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა. ხელისუფლება საზოგადოების წარმომადგენლებს დაჰპირდა, რომ პარკის ნგრევას შეაჩერებდა და მისი რეკონსტრუქციის თაობაზე რეფერენდუმს ჩაატარებდა. აქციების მონაწილეებს სანაცვლოდ დემონსტრაციების შეწყვეტა მოსთხოვეს და ხელისუფლებამ პოლიციის მიერ ძალის გადამეტების გამოძიების პირობაც დადო, მაგრამ 15 ივნისს „ტაქსიმის სოლიდარობის” წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მოთხოვნების საბოლოოდ შესრულებამდე არ დაიშლებოდნენ. ამას პოლიციის მხრიდან ძალის გამოყენება და მოედნის გაწმენდა მოჰყვა.

მეორე დღეს, 16 ივნისს, ერდოღანმა სტამბოლში 300 ათასზე მეტი მხარდამჭერი შეკრიბა. მომხრეების წინაშე გამოსვლისას პრემიერმა განაცხადა, რომ ქუჩებში გამოსული დემონსტრანტებით „ტერორისტები მანიპულირებენ” და უარყო ბრალდებები დიქტატურის დამყარების თაობაზე. მისი თქმით, „უმცირესობა ცდილობს თავისი პირობები უკარნახოს უმრავლესობას” და „ჩვენ არავის მივცემთ შესაძლებლობას, ძალაუფლების მოსაპოვებლად, არჩევნების გარდა, რაიმე სხვა გზას მიმართოს”.

ერდოღანის მთავრობა თურქეთის სათავეში 2002 წლიდან იმყოფება. ეს პერიოდი ეკონომიკური აღმავლობით და, იმავდროულად, მმართველი პროისლამური განვითარებისა და სამართლიანობის პარტიის მიერ ძალაუფლების საკუთარ ხელში კონსოლიდაციით აღინიშნა, რაც, ხელისუფლების მრავალი ოპონენტისა თუ ექსპერტის შეფასებით, ავტორიტარიზმის ნიშნებს ატარებდა.

2007 წელს დაწყებულ „ერგენეკონის საქმეზე” სახელმწიფო გადატრიალების მომზადების ბრალდებით ასეულობით ოფიცერი, ჟურნალისტი და სამეცნიერო წრეების წარმომადგენელი დააკავეს. კრიტიკოსთა მტკიცებით, ამით ერდოღანმა, ფაქტობრივად, თავიდან აიცილა პოლიტიკურ პროცესებში იმ სამხედროების ჩარევის საფრთხე, რომლებიც ათათურქის შემდგომ თურქეთში ქვეყნის სეკულარული და დემოკრატიული განვითარების გარანტს წარმოადგენდნენ.

g
მასობრივი საპროტესტო გამოსვლები თურქეთში არ წყდება
ფოტო: Reuters
ერდოღანის ხელისუფლება, რეფერენდუმების მეშვეობით, კონსტიტუციის შეცვლას შეუდგა – შემოიღო პრეზიდენტის პირდაპირი არჩევნები, ამოიღო მუხლები, რომლებიც პოლიტიკურ ცხოვრებაში სამხედროების ჩარევის შესაძლებლობას ითვალისწინებდა. ასევე, შეიცვალა საკონსტიტუციო სასამართლოს დაკომპლექტების წესი. არეულობამდე ცოტა ხნით ადრე, ხელისუფლება ახალი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოვიდა, რაც საპარლამენტო მოწყობიდან საპრეზიდენტოზე გადასვლას ითვალისწინებს. შესაბამისად, რეფორმის შემდეგ პრეზიდენტ ერდოღანს საშუალება ექნებოდა საკუთარი ძალაუფლება კიდევ 10 წლით გაეხანგრძლივებინა.

ერდოღანის დროს ქვეყანაში ისლამის პოზიციების თანდათანობით გაძლიერება დაიწყო – საშუალო სკოლებში ყურანის სწავლება შემოიღეს, უმაღლეს სასწავლებლებში ჰიჯაბის ტარების აკრძალვა გაუქმდა, შეიზღუდა ალკოჰოლით ვაჭრობა და ქუჩებში მისი მოხმარება აიკრძალა.

საგარეო პოლიტიკაში ევროკავშირთან ინტეგრაციის ნაცვლად, პრიორიტეტად ე.წ. ნეოოსმანიზმი იქცა – დამოუკიდებელი პოლიტიკა, რომელიც მეზობელ რეგიონებზე გავლენის გაძლიერებას ითვალისწინებს. გადახრა ცალსახა პროდასავლური ვექტორიდან იმაშიც გამოვლინდა, რომ ანკარა ისრაელს მკვეთრად დაუპირისპირდა, ირანთან კი მჭიდრო პარტნიორობა დაამყარა.

შესაბამისად, მასობრივი პროტესტის მთავარი მიზეზი არა პარკის განადგურების საფრთხეს, არამედ იმას უკავშირდება, რომ ერდოღანის მთავრობამ ქემალ ათათურქის მიერ ჩამოყალიბებულ სახელმწიფო მოწყობის იმ პრინციპებს შეუტია, რითაც ქვეყანა თითქმის საუკუნის მანძილზე ცხოვრობდა. ამან, ძირითადად, დიდი ქალაქების სეკულარულად განწყობილ მცხოვრებთა, საშუალო კლასის აღშფოთება გამოიწვია. საზოგადოების ამ ნაწილში ასევე გროვდებოდა უკმაყოფილება ერდოღანის მართვის ერთპიროვნული და ავტორიტარული მეთოდების გამო, მაგრამ მოქმედი ხელისუფლების მხარდაჭერა ჯერ კიდევ მაღალია, განსაკუთრებით პროვინციებში. შესაბამისად, ტაქსიმის ტაჰრირად გადაქცევას ჯერჯერობით არავინ ელოდება.

კომენტარები