IMF-ის შეფასება

IMF საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზს 4%-მდე ამცირებს

www.thehindu.com

EBRD-ის, Fitch Ratings-ისა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი საერთაშორისო სავალუტო ფონდმაც (IMF) დაწია. მის მიხედვით, საქართველოში ადრე ნავარაუდევი 6%-ის ნაცვლად, საქართველოს ეკონომიკა მხოლოდ 4%-ით გაიზრდება. ამასთან, IMF-ის პროგნოზით მოიმატებს დეფიციტის დონეც და ის თავისუფლების აქტით განსაზღვრულ ნიშნულს - 3%-ს გადააჭარბებს. საერთაშორისო სავალუტო ფონდი ვარაუდობს, რომ საბიუჯეტო დეფიციტი არსებული 2.8%-იდან მშპ-ს 3.3%-მდე გაიზრდება.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიხედვით, გაუარესებულ ეკონომიკურ მაჩვენებლებს კონკრეტული მიზეზები აქვს. მათ შორის, საერთაშორისო ორგანიზაციისთვის წამყვანია გაურკვევლობა, რომელიც ინვესტორებს აქვთ მთავრობის ეკონომიკურ პოლიტიკასთან დაკავშირებით. როგორც IMF-ი ბიზნესის წარმომადგენლებზე დაყრდნობით წერს, ხშირ შემთხვევაში მთავრობის მიერ ძირეული რეფორმების დაანონსება ისე ხდება, რომ დაზუსტებული არ არის არც რეფორმის შინაარსი და არც მათი იმპლემენტაციის კონკრეტული ვადები. ასეთ რეფორმებად მიჩნეულია ჯანდაცვის, შრომის კოდექსის რეფორმები, ასევე, საპარტნიორო ფონდის და სხვა ფონდების დაფუძნების გადაწყვეტილებები.

IMF-ის შეფასებით, ქვეყნის ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენა იქონია ენერგოტარიფების დაწევამაც. ამ ფაქტმა შეამცირა ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიების მოგება, რაც ამ სექტორში ინვესტიციების შემაფერხებელი ფაქტორი გახდა. IMF-ის მიხედვით, ისიც ბუნდოვანია თუ რატომ შემცირდა ტარიფი. ამიტომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი მთავრობას ურჩევს გაასაჯაროოს ელექტროენერგიის სადისტრიბუციო კომპანიებთან განახლებული ხელშეკრულების პირობები და ამით მოხსნას ზედმეტი კითხვები.

საერთაშორისო სავალუტო ფონდი აღნიშნავს, რომ ეკონომიკური ზრდა საქართველოს მეზობელ ქვეყნებშიც შენელებულია, თუმცა ამ ფაქტს განსაკუთრებულ მნიშვნელობას არ ანიჭებს, რადგან ფონდის შეფასებით, ინვესტორებში გაურკვევლობის განცდა უფრო ადრე, ოქტომბრის არჩევნების მოახლოებასთან ერთად გაჩნდა, ხოლო არჩევნების შემდეგ, კიდევ უფრო განმტკიცდა. ამას ფონდი რამდენიმე მიზეზით ხსნის. მათ შორისაა, სახელმწიფო ხარჯების, განსაკუთრებით, სოციალური ხარჯების არამიზანმიმართულად ხარჯვა, მოსალოდნელზე უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთები და პოლიტიკური დაძაბულობა.

IMF-ი მიიჩნევს, რომ ქართულ ეკონომიკას ზრდის დიდი პოტენციალი აქვს, მაგრამ იმისთვის რომ ეკონომიკა სწრაფად გაიზარდოს, პოლიტიკური დაძაბულობა უნდა მოიხსნას და მთავრობამ ცხადი გახადოს როგორ აპირებს ქვეყნის მართვას, რა არის მისი პოლიტიკა.

კომენტარები