საქართველო-რუსეთი

რატომ არ გვჯერა საკუთარი სიმართლის

2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის რეგულარულმა ჯარმა საქართველოს საზღვარი გადმოკვეთა და ფართომასშტაბიანი შეიარაღებული ოპერაცია დაიწყო. ამ ომის შემდეგ ძალიან ცოტა ადამიანს დარჩა ეჭვი, რომ საქართველოს ტერიტორიაზე 1990-იანი წლებიდან არსებული კონფლიქტები ეთნიკური კონფლიქტებია. აგვისტოს ღია აგრესიის შემდეგ ყველასთვის ნათელი გახდა – არსებობს ერთადერთი, რუსეთ-საქართველოს კონფლიქტი და აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ თითქმის ხუთი წელი გავიდა. ომთან დაკავშირებით დაიდო არაერთი დასკვნა და შეფასება. მათ შორის ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებით შექმნილი რუსეთ-საქართველოს ომის ფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი კომისიის, ე.წ. ტალიავინის კომისიის დასკვნა და რუსეთის აგრესიისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული სხვა ქმედებების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნა.

შეიარაღებული კონფლიქტების ანალიზისა და შეფასების მიზნით სპეციალური კომისიების შექმნა მეტ-ნაკლებად ნაცადი პრაქტიკაა. მაგალითად, 2003 და 2006 წლებში ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესში შეიქმნა ერაყის ომის საკითხების შემსწავლელი ორი კომისია (Select Committee on Intelligence on the U.S. Intelligence Community's Prewar Intelligence Assessments on Iraq და Iraq Study Group), ხოლო 2009 წელს, იმავე ერაყის ომთან დაკავშირებით, პრემიერმინისტრ გორდონ ბრაუნის ინიციატივით, სპეციალური დამოუკიდებელი კომისია შეიქმნა დიდ ბრიტანეთშიც (Iraq Inquiry).

მსგავსი ტიპის ფაქტების დამდგენი კომისიები არ ასრულებენ სისხლის სამართლებრივი დევნის ფუნქციას; მათი მანდატი არ მოიცავს კონკრეტული პირების ბრალეულობის დადგენასა და პასუხისმგებლობის დაყენებას. ამ კომისიების მიზანი ფაქტების გამოკვლევა, სისტემური პრობლემების იდენტიფიცირება და მომავალზე ორიენტირებული რეკომენდაციების შემუშავებაა. ამ პრინციპებით იხელმძღვანელა როგორც ე.წ. ტალიავინის, ასევე პარლამენტის დროებითმა კომისიამ.

რაც შეეხება იურიდიულ შეფასებებს, ჯერ კიდევ არ დასრულებულა საქმის განხილვა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში, ასევე გრძელდება თანამშრომლობა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან.

საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში საქართველო ცდილობს, საერთაშორისო სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასებები მისცეს რუსეთის მიერ ძალის უკანონო გამოყენებას, სამხედრო მოქმედებების პერიოდში და მის შემდეგ ადამიანის უფლებათა მასობრივ უხეშ დარღვევებს და დიპლომატიური ძალისხმევით მიაღწიოს ტერიტორიების დეოკუპაციას.

ეს რთული და რესურსტევადი პროცესი წინა ხელისუფლების დროს დაიწყო და ლოგიკურია, რომ ახალი ხელისუფლების პირობებშიც გაგრძელებულიყო. თუმცა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომთან დაკავშირებით, მთავარ საკითხად კიდევ ერთხელ დავაყენეთ, თუ ვინ დაიწყო ომი. ეს იმ ფონზე, რომ თითქმის არაფერს ვამბობთ ომის დროს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ნორმების უხეშ დარღვევებზე, ქართველების ეთნიკურ წმენდასა და სხვა მძიმე დანაშაულებზე.

საერთაშორისო სამართლის თანახმად. საქართველოს ჰქონდა ძალის გამოყენების უფლება, ვინაიდან ის თავდაცვით ომს აწარმოებდა საკუთარ ტერიტორიაზე აგრესორის და მისი მარიონეტების წინააღმდეგ.

ომის დროს ჩადენილ შესაძლო სამართალდარღვევებზე გამოძიება საქართველოს მთავარ პროკურატურაში 2008 წლის აგვისტოშივე დაიწყო და დღესაც მიმდინარეობს. ამ გამოძიების ფარგლებში ბევრი მნიშვნელოვანი ინფორმაცია და მტკიცებულება იქნა მოპოვებული, თუმცა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობა გასაგრძელებელია. საქართველოს მნიშვნელოვანი საერთაშორისო დავები აქვს დასასრულებელი და მათი წარმატებით დასრულებისთვის სრულყოფილი და უდავო მტკიცებულებებია საჭირო. ამავე საკითხებზე საქართველოს ყოფილი ხელისუფლება აქტიურად თანამშრომლობდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან; რეგულარულად აწვდიდა მას ინფორმაციას მისთვის საინტერესო საკითხებზე და მუდმივად აყენებდა ეთნიკური წმენდისა და სხვა მძიმე დანაშაულებისათვის რუსეთის პასუხისმგებლობის საკითხს. მიუხედავად იმისა, რომ ქართული გამოძიება დასრულებული არ იყო, მოპოვებული ინფორმაციით ვერ დასტურდებოდა ქართველი სამხედროების მხრიდან ომის დანაშაულის ან სხვა საერთაშორისო დანაშაულის ჩადენა.

უდავოა, რომ ყველა ზემოაღნიშნული საკითხი ჩვენი ქვეყნისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ მეორე პლანზე გადაინაცვლეს და მთავარი კითხვა ისევ არის – „ვინ დაიწყო ომი". ქვეყნის ინტერესების საზიანოდ, ეს საკითხი შიდა პოლიტიკური სპეკულაციის საგანი გახდა.

ომი, ანუ ძალის გამოყენება, რეგულირდება საერთაშორისო საჯარო სამართლის ნორმებით. კერძოდ, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წესდება კრძალავს ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოს მიმართ ძალის გამოყენებას ან ძალის გამოყენების მუქარას ამ სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის ან პოლიტიკური დამოუკიდებლობის წინააღმდეგ. ამავდროულად, გაეროს წესდების თანახმად, აღიარებულია საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლის ნორმა, თავდაცვითი ომი, როგორც სახელმწიფოს განუყოფელი უფლება.

2008 წლის აგვისტოში შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა და სახელმწიფო საზღვარი რუსეთის რეგულარულმა არმიამ გადმოკვეთა. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ რუსეთი წლების განმავლობაში წვრთნიდა და აიარაღებდა უკანონო შეიარაღებულ ფორმირებებს ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში. არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი იმისა, რომ ამ ფორმირებებზე რუსეთს კონტროლი ჰქონდა როგორც 2008 წლის 8 აგვისტომდე, ასევე მის შემდეგაც. შესაბამისად, შესაძლებელია რუსეთს შეერაცხოს არა მხოლოდ საკუთარი რეგულარული ჯარის ქმედებები, არამედ ცხინვალის რეგიონში მოქმედი დე ფაქტო ფორმირებების ქმედებებიც.

სხვადასხვა, მათ შორის რუსული წყაროები მიუთითებს, რომ რუსული ჯარის ნაწილები საქართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ, ცხინვალის რეგიონში, შემოვიდა საომარი მოქმედებების დაწყებიდან რამდენიმე დღით და შესაძლოა კვირით ადრეც კი (ამ წყაროებზე მითითებულია ასევე ტალიავინის კომისიის 2009 წლის ანგარიშში). ამავდროულად, ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების დაწყებამდე აქტიურად იბომბებოდა რეგიონის ქართული სოფლები და ქართული სამშვიდობო ბატალიონის პოსტები, რამაც სამოქალაქო მოსახლეობას მნიშვნელოვანი საფრთხე შეუქმნა; 5 აგვისტოს კი რამდენიმე ქართველი სამშვიდობო დაიჭრა.

ამ ფონზე ყოველგვარ აზრს მოკლებულია კითხვა, ვინ დაიწყო ომი 2008 წლის 8 აგვისტოს, ვინაიდან ომი უკვე დაწყებული იყო.

ისმის კითხვა, ჰქონდა თუ არა საქართველოს ამ ვითარებაში ძალის გამოყენების უფლება საერთაშორისო სამართლის თანახმად. ზემოთ მოკლედ აღწერილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, ამ კითხვაზე ერთი პასუხი არსებობს – დიახ, საქართველოს ჰქონდა ძალის გამოყენების უფლება, ვინაიდან ის თავდაცვით ომს აწარმოებდა საკუთარ ტერიტორიაზე აგრესორის და მისი მარიონეტების წინააღმდეგ. საერთაშორისო სამართლის გადმოსახედიდან აქ პრობლემა არ დგას.

გორი რუსული ავიადაბომბვის შემდეგ. აგვისტო 2008
ფოტო: Reuters
საერთაშორისო სამართლის მიზნებისთვის ომს იწყებს სახელმწიფო და არა ფიზიკური პირი. შესაბამისად, ძალის უკანონო გამოყენებისთვის შესაძლებელია დადგეს მხოლოდ სახელმწიფოს პასუხისმგებლობა. მიუხედავად იმისა, რომ 1998 წლის რომის სტატუტი ითვალისწინებს მომავალში სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციის გავრცობას და, შესაბამისად, ინდივიდუალურ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას აგრესიაზე, როგორც საერთაშორისო დანაშაულზე, ეს დებულებები ჯერ კიდევ არ არის ძალაში შესული. ამიტომ, თანამედროვე საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ძალის გამოყენებისთვის ვერ დადგება პირთა ინდივიდუალური პასუხისმგებლობა. ხოლო პოლიტიკური ლიდერების ქმედება სახელმწიფოს შეერაცხება და მისი პასუხისმგებლობის საფუძველია.

თუ ეროვნული სისხლის სამართლებრივი გამოძიების მიზანია დაადგინოს ვინ დაიწყო ომი, ეს საკითხი ნათელია ჩვენს ხელთ არსებული ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით – ომი საქართველოს არ დაუწყია, მან საკუთარ ტერიტორიაზე თავდაცვის უფლება გამოიყენა.

თუ გამოძიება აპირებს შეისწავლოს, ომის დროს ადგილი ჰქონდა თუ არა საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის და ადამიანის უფლებების დარღვევას, ეს ახალი გამოძიება არ არის, მიმდინარე გამოძიების გაგრძელებაა. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ქართულ გამოძიებას არც დღემდე ჰქონდა და არც ახლა აქვს შესაძლებლობა, დაათვალიეროს ომის შედეგად დაზიანებული ტერიტორიის უდიდესი ნაწილი, დაკითხოს რუსი სამხედროები და მოიპოვოს მტკიცებულებები რუსეთის შესაბამისი სტრუქტურებიდან. აქედან გამომდინარე, ეროვნული გამოძიების მაღალეფექტურობა არარეალისტურია. პოლიტიკური ლიდერების მიერ გაკეთებული წინასწარი დასკვნების ფონზე კი, ხელისუფლებას მუდმივად მოუწევს იმის მტკიცება, რომ ეს გამოძიება პოლიტიკური ანგარიშსწორება არ არის.

რაც არ უნდა იყოს გაცხადებული გამოძიების მიზანი, მისი შედეგები საზიანო იქნება საქართველოსთვის. ქვეყნის თავდაცვის უფლების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება და აგრესორის „თანამონაწილის" ჩვენ შორის ძიება საფუძველს გამოაცლის არაღიარების პოლიტიკას, დეოკუპაციის პერსპექტივას და საფრთხეს შეუქმნის საერთაშორისო სასამართლოებში მიმდინარე და მომავალ დავებს.

დღეისთვის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განიხილება 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით საქართველოს სარჩელი რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. სარჩელი შეეხება უშუალოდ შეიარაღებული მოქმედებების დროს და მის შემდეგ რუსული ოკუპაციის პირობებში ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციისა და მისი დამატებითი ოქმების მთელი რიგი მუხლების დარღვევის ფაქტებს. სარჩელის შეტანამდე, 2008 წლის 11 აგვისტოს, საქართველოს მთავრობამ მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და მოითხოვა რუსეთის წინააღმდეგ დროებითი ღონისძიებების გამოყენება, რომელიც ცალსახად აუკრძალავდა მას იმგვარი ქმდებების განხორციელებას, რაც გამოიწვევდა სიცოცხლის ხელყოფას, წამებას, არაჰუმანურ ან დამამცირებელ მოპყრობას. მეორე დღეს, 2008 წლის 12 აგვისტოს, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ქართული მხარის მოთხოვნა დაკმაყოფილდა.

სწორედ ამის შემდეგ, კონვენციით დადგენილ ვადაში, საქართველომ სარჩელით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. ამ სარჩელმა მნიშვნელოვანი ეტაპი გაიარა და სასამართლოს გადაწყვეტილებით არსებითად იქნება განხილული. თუმცა აუცილებლად უნდა ითქვას, რომ ევროპული სასამართლო კვლავ მიუბრუნდება სარჩელის დასაშვებობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის – შიდა სამართლებრივი საშუალებების ამოწურვის საკითხს. მარტივად რომ ვთქვათ, საქართველომ დამატებითი არგუმენტები უნდა დაუპირისპიროს რუსეთის ფედერაციის არგუმენტებს და დაარწმუნოს სასამართლო, რომ საკითხის ეროვნულ დონეზე მოგვარების რესურსი ამოწურულია და მას საერთაშორისო სამართლებრივი ანალიზი და შეფასება ესაჭიროება. ეროვნულ გამოძიებასთან დაკავშირებული ფუჭი ოპტიმიზმი კი ჩვენ წინააღმდეგ იქნება გამოყენებული ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში.

გასაკვირი არ არის, რომ რუსეთის ფედერაციას აშფოთებს საქართველო რუსეთის წინააღმდეგ საქმე N 2, ე.წ. ომის საქმე. მით უმეტეს, რომ კიდევ ერთი ქართულ-რუსული საქმე, რომელიც 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან ეთნიკური ნიშნით ქართველების გამოდევნას ეხება, დასრულებულია და სასამართლოს გადაწყვეტილების მოლოდინშია.

მთელი ამ დროის მანძილზე რუსეთის ხელისუფლება ცდილობდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დაერწმუნებინა, რომ მას ომის საქმის განხილვაზე უარი უნდა ეთქვა, ვინაიდან, სხვა საკითხებთან ერთად, რუსეთის მიერ ძალის გამოყენების მიზეზი ქართული მხარის მოქმედებები, ხოლო მიზანი – ადამიანის უფლებების დაცვა და ამ მხრივ სავალალო შედეგების თავიდან აცილება იყო. ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს არ გაეთვალისწინებინა რუსული მხარის არგუმენტები, თუმცა მანამ, სანამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება არ არის მიღებული, შეუქცევადი არაფერია.

რუსეთი ცდილობს გაამართლოს საკუთარი აშკარად უკანონო ქმედებები, მაგრამ რას აკეთებს ქართული სახელმწიფო? ქართული სახელმწიფო, ნაცვლად იმისა, რომ რუსეთის ფედერაციას პასუხი მოსთხოვოს ძალის უკანონო გამოყენების, ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციისა და საქართველოს ტერიტორიაზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის, კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საკუთარი ქმედებების კანონიერებას.

ჩვენს ქვეყანას სასიცოცხლოდ სჭირდება ამ თემაზე პოლიტიკური აჟიოტაჟის დასრულება; ამის გარეშე ვერ შევძლებთ ერთადერთი დამნაშავის, რუსეთის ფედერაციის, საერთაშორისო პასუხისმგებლობის დაყენებას და ტერიტორიების დეოკუპაციას.

კომენტარები