ვაჭრობა

ამერიკა და ევროპა ეკონომიკურ NATO-ს ქმნიან

უახლოეს მომავალში შესაძლოა მსოფლიო უპრეცედენტო სავაჭრო შეთანხმების მომსწრე გახდეს. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებები ბრიუსელისა და ვაშინგტონის პოლიტიკურ კულუარებს გასცდა და აქტიურ ფაზაში შევიდა.

ყოველწლიურ საპრეზიდენტო მიმართვაში ბარაკ ობამამ ტრანსატლანტიკური სავაჭრო და ეკონომიკური პარტნიორობის აუცილებლობაზე ისაუბრა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟოზე მანუელ ბაროზომ კი შეთანხმებას ორი წამყვანი ეკონომიკის ზრდის შესაძლებლობა უწოდა.

ამ დროისთვის აშშ და ევროკავშირი ერთმანეთის უდიდესი სავაჭრო პარტნიორები არიან, რომლებიც ერთად მსოფლიოს ეკონომიკური აქტივობის 50%-სა და გლობალური ვაჭრობის 30%-ს ქმნიან. ორ წამყვან ეკონომიკას შორის საქონლისა და სერვისის ბრუნვა ყოველდღიურად 2,7 მილიარდ აშშ დოლარს აღემატება, საერთო ინვესტიციების მოცულობა კი 3,5 ტრილიონ ამერიკულ დოლარს აღწევს. ევროკავშირი აშშ-ის ექსპორტის უდიდესი მომხმარებელია, რაც 2,4 მილიონამდე ამერიკულ სამუშაო ადგილს განაპირობებს.

მხარეებს სავაჭრო შეთანხმებების მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ. მათგან ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და წარმატებულია ჩრდილოამერიკული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც აშშ-ს, კანადასა და მექსიკას 1994 წლიდან აერთიანებს. ამას გარდა, აშშ-ს ორმხრივი სავაჭრო შეთანხმებები აკავშირებს ისრაელთან, ავსტრალიასთან, სინგაპურთან, სამხრეთ კორეასთან, ჩილესთან და არაერთ სხვა სახელმწიფოსთან. აშშ-ისა და მისი თავისუფალი სავაჭრო შეთანხმებების პარტნიორების საერთო მთლიანი შიდა პროდუქტი 21 ტრილიონს (მსოფლიოს მშპ-ის 30%) აღწევს და 700 მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებს.

თავის მხრივ, ევროპის კონტინენტზე, ევროკავშირის პარალელურად 1960 წლიდან მოქმედებს ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, რომელიც კავშირის არაწევრ ოთხ სახელმწიფოს (შვეიცარია, ისლანდია, ნორვეგია, ლიხტენშტაინი) და 27-წევრიან ეკონომიკურ ბლოკს შორის ვაჭრობას არეგულირებს. ევროპის საბაჟო კავშირი, წევრებს (ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფო, თურქეთი, ანდორა, მონაკო, სან მარინო), ერთმანეთთან კომერციული ურთიერთობისას საბაჟო გადასახადებისგან ათავისუფლებს.

გარდა ამისა, ევროკავშირი სხვადასხვა დონის სავაჭრო ხელშეკრულებებით დაკავშირებულია მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონთან. 27-წევრიანი ბლოკი მსოფლიოში ყველაზე დიდ ეკონომიკას ფლობს და სავაჭრო პარტნიორებთან ერთად მსოფლიოს მშპ-ის 30%-სა და მსოფლიო მოსახლეობის 15%-ს აკონტროლებს.

ევროკავშირთან კანონმდებლობის ჰარმონიზაციის შედეგად, ევროპულ ბაზარს უახლოვდება საქართველოც. ქართული მხარე უკვე სარგებლობს გარკვეული სავაჭრო პრივილეგიებით, თუმცა ინტენსიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცეზე შეთანხმების მისაღწევად.

ეს უკანასკნელი, საბაჟო ტარიფების და კვოტების, ასევე, სხვა არასატარიფო ბარიერების გარეშე ვაჭრობას ისახავს მიზნად. მოლაპარაკებების წარმატებით დასრულების შემთხვევაში, აქამდე საკმაოდ რთულად შეღწევადი ევროპული ბაზარი ქართული კომპანიებისთვის ღია გახდება, რაც ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას მნიშვნელოვნად დააჩქარებს. მოლაპარაკებების დასრულება 2013 წლის ბოლომდე იგეგმება. საგულისხმოა, რომ პარალელურად, ევროკავშირსა და აშშ-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, საქართველოს ამერიკულ ბაზარზე შეღწევაც მნიშვნელოვნად გაუმარტივდება.

აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე ევროკავშირის საერთაშორისო სავაჭრო პრიორიტეტად არა აშშ-სთან, არამედ იაპონიასთან მოლაპარაკებები ითვლებოდა, თუმცა პროცესი კომერციული კულტურისა და პოლიტიკურ-ეკონომიკური განსხვავებების გამო, საკმაოდ ნელა მიმდინარეობს. ევროკავშირის ოფიციალური პირების განმარტებით, აზიურ გიგანტთან დაახლოება ნელი, თუმცა შეუქცევადი პროცესია, ხოლო აშშ-სთან თავისუფალი ხელშეკრულების შეთანხმება ამას ხელს არათუ შეუშლის, შეუწყობს კიდეც. იმ შემთხვევაში, თუკი ორივე შეთანხმება წარმატებით შედგება, მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკები ერთმანეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებით კიდევ უფრო დაახლოვდებიან, რაც საერთაშორისო დონეზე მნიშვნელოვან ცვლილებებს გამოიწვევს.

იაპონიის ჩართულობის გარეშეც, აშშ-ევროკავშირის ვაჭრობის უდიდესი მოცულობის გათვალისწინებით, ცხადი ხდება ტრანსატლანტიკური თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ყოვლისმომცველი ხასიათი და შესაძლო გავლენა საერთაშორისო სისტემაზე. წარმატების შემთხვევაში, „ეკონომიკური NATO” მსოფლიოს მშპ-ის 40%-ზე მეტს და პირდაპირი ინვესტიციების ნახევარს გააკონტროლებს.

უპრეცედენტო პარტნიორობა 2027 წლისთვის 2 მილიონამდე სამუშაო ადგილს შექმნის, ევროკავშირის ეკონომიკას 0,5%-ით (86 მილიარდი ევრო) გაზრდის, ხოლო აშშ-ს იმავე პერიოდში 0,4%-იან (65 მილიარდი ევრო) სარგებელს მოუტანს. მსგავსი პერსპექტივა მოტივაციას ზრდის ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს. ერთი მხრივ, საგარეო ვალით დამძიმებულ ამერიკულ ეკონომიკას, მეორე მხრივ კი – ევროზონის მწვავე კრიზისით გადაღლილ ევროკავშირს, მინიმალური დანახარჯით მდგომარეობის საგრძნობლად გაუმჯობესების საშუალება მიეცათ.

თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებაზე დახურული საუბრები უკვე წლებია მიმდინარეობს. ჯერ კიდევ 1998 წელს, მსგავსი ინიციატივა სოფლის მეურნეობის სფეროში უთანხმოების გამო საფრანგეთმა დაბლოკა. თუმცა, შეცვლილი გეოპოლიტიკური და გლობალური ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, პოლიტიკოსები ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს მიესალმებიან ახალ ინიციატივას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ჯონ კერის განცხადებით, ევროკავშირთან თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება პრეზიდენტ ობამას მეორე ვადის პრიორიტეტია. „ასეთი რამ ევროპის, ისევე როგორც, აშშ-ის ეკონომიკას გააძლიერებს, შექმნის სამუშაო ადგილებს და მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს საერთო ბაზარს”, – მიიჩნევს კერი.

ტრანსატლანტიკური თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ორ ძირითად მიზანს ისახავს: სავაჭრო ტარიფების მინიმუმამდე შემცირებას, საბოლოოდ კი მათ გაუქმებას და არასატარიფო ბარიერების (განსაკუთრებით, სამეწარმეო სტანდარტების) ჰარმონიზაციას.

ტარიფების შემცირება შედარებით მარტივი ამოცანაა, რადგან პარტნიორებს შორის გამოკვეთილი პოლიტიკური ნება არსებობს. ამჟამად, სავაჭრო ტარიფები საშუალოდ 3%-მდეა, თუმცა ორმხრივი ვაჭრობის მოცულობის (წლიური 600 მილიარდი აშშ დოლარი) გათვალისწინებით, მათი ანულირება ორივე ეკონომიკას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს. მაგალითისთვის, მხოლოდ ავიაკომპანიები წლის განმავლობაში 450 მილიონი აშშ დოლარს დაზოგავენ, შედეგად კი – დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას და სამუშაო ადგილების შექმნას შეძლებენ.

შეთანხმების უპირველესი მიზანი მაინც განვითარებადი აზიური გიგანტებისთვის, განსაკუთრებით კი ჩინეთისთვის, მსოფლიო ბაზარზე გაბატონებაში ხელის შეშლაა. თავისუფალი ვაჭრობის პირობებში აშშ და ევროკავშირი შეძლებენ, დააბალანსონ ძლიერი კონკურენცია და მსოფლიოს კვლავ უკარნახონ ლიბერალური ეკონომიკის პრინციპები, პროდუქციის უსაფრთხოების, ინტელექტუალური საკუთრებისა და სხვა კომერციული სფეროების ძირითადი სტანდარტები. „თუკი ევროპა და აშშ არ შეთანხმდებიან, სამომავლოდ სავაჭრო საკითხებში ჩინური თამაშის წესების დამორჩილება მოგვიწევს”, – მიიჩნევს ევროკავშირის კომისარი ვაჭრობის საკითხებში კარელ დე გუჰტი.

მართლაც, განვითარებადი ქვეყნების, განსაკუთრებით კი ლათინური ამერიკისა და აზიის ზრდის ტემპები დასავლური ეკონომიკისთვის უდიდეს გამოწვევად იქცა. 2012 წლის მონაცემებით, მსოფლიოში მცხოვრები 7 მილიარდი ადამიანიდან 60% აზიაში, 37% კი მხოლოდ ჩინეთსა და ინდოეთში ცხოვრობს. თუკი ძველად, მოჭარბებული მოსახლეობა პრობლემად მიიჩნეოდა, დღეს, გამართული მმართველობისა და ახალგაზრდების სიმრავლის წყალობით, აზიის ეკონომიკა ძალიან სწრაფად ვითარდება.

აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნეს არაერთმა პოლიტიკურმა კომენტატორმა უწოდა „აზიის ასწლეული”. ბარაკ ობამამ საპრეზიდენტო პრიორიტეტად „აზიისკენ შემობრუნება” დაისახა, აშშ-ის ყოფილმა სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა კი ტრანსატლანტიკური საუკუნის დასასრული და ტრანსპაციფიკური ხანის დასაწყისი იწინასწარმეტყველა.

სწორედ ამ მიზნით, 2010 წელს აშშ წყნარი ოკეანის მოსაზღვრე სახელმწიფოთა სტრატეგიული სავაჭრო ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებში ჩაერთო. ტრანსპაციფიკური პარტნიორობის იდეა წყნარი ოკეანის აუზის ოთხი სახელმწიფოს სტრატეგიული სავაჭრო ხელშეკრულების ბაზაზე აღმოცენდა. ბრუნეი, ახალი ზელანდია, სინგაპური და ჩილე 2005 წლიდან თავისუფალ სავაჭრო ზონას იზიარებენ.

ხელშეკრულების გაფართოების იდეა აზიისა და წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის 2010 წლის სამიტზე ბარაკ ობამამ წამოაყენა. მას შემდეგ, მაღალი კლასის მოლაპარაკებებს კანადა, მექსიკა, ავსტრალია, მალაიზია, ვიეტნამი და პერუც შეუერთდნენ. მსოფლიო მშპ-ის 26%-ის ღირებულების პარტნიორობით გარკვეულ დაინტერესებას გამოთქვამენ: იაპონია, სამხრეთ კორეა, ტაივანი, ფილიპინები და წყნარი ოკეანის აუზის სხვა სახელმწიფოებიც, თუმცა მათ წევრობაზე საუბარი ჯერ ნაადრევია.

ტრანსპაციფიკური პარტნიორობის პირობები ჯერჯერობით მკაცრად გასაიდუმლოებულია, თუმცა ჩინეთისა და ინდოეთის მომავალი საპირწონეს შექმნა, მონაწილე სახელმწიფოებს შორის მნიშვნელოვანი განსხვავებების გამო, ამ ეტაპზე ფერხდება.

ამ ფონზე, აშშ-ის დაბრუნება ძველი მოკავშირისკენ მსოფლიოსთვის მნიშვნელოვანი სიგნალია იმისა, რომ დასავლეთი დანებებას არ აპირებს. ევროკავშირთან მოლაპარაკებები შემჭიდროებულ ვადებში მიმდინარეობს, თუმცა გარკვეული დაბრკოლებები აქაც არსებობს. საკამათო საკითხებად რჩება სოფლის მეურნეობა, ავტოწარმოება, ინტელექტუალური საკუთრება, სახელმწიფო შესყიდვებისა და სამედიცინო სფეროები.

ევროკავშირი საკუთარ სოფლის მეურნეობის სექტორს წლიური 370-მილიარდიანი სუბსიდიებით ანებივრებს, ხოლო მკაცრი ევროპული რეგულაციები კრძალავს გენეტიკურად მოდიფიცირებული საკვების წარმოებასა და იმპორტს. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საფრანგეთის სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის შეუსაბამობა ამერიკულ წესებთან. ფრანგი დიპლომატების განცხადებით, ისინი ყველაფერს გააკეთებენ, რომ შეთანხმებით ფრანგული ინტერესები არ შეილახოს.

თავის მხრივ, აშშ გენმოდიფიცირებული საკვები პროდუქციის უმთავრესი ექსპორტიორია. შესაბამისად, შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელი, რონ კირკი, ტრანსატლანტიკური პარტნიორობის დასამტკიცებლად საჭირო საკანონმდებლო მხარდაჭერას შესაძლებლად მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს, თუკი ევროკავშირი ამერიკულ სოფლის მეურნეობის პროდუქციას სავაჭრო ბარიერს შეუმსუბუქებს. საპასუხოდ, ევროკომისიის პრეზიდენტი, ჟოზე მანუელ ბაროზო პირობას დებს, რომ „არანაირი კომპრომისი ევროპის მოსახლეობის ჯანმრთელობის ხარჯზე” არ მოხდება. საბოლოოდ, გარკვეულ დათმობებზე წასვლა ორივე მხარეს მოუწევს.

თავის მხრივ, აშშ-ს შეიძლება სახელმწიფო შესყიდვების კანონმდებლობის გადახედვაც დასჭირდეს. 2009 წლის კანონით, რკინისა და ფოლადის შესაძენად გამოცხადებულ სახელმწიფო ტენდერში მონაწილეობა მხოლოდ ამერიკულ კომპანიებს შეუძლიათ, რაც უცხოური კომპანიებისთვის მნიშვნელოვან ბარიერს წარმოადგენს და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებასთან შეუსაბამოა. პრეტენზიებს გამოთქვამენ იტალიელი ავტომწარმოებლები და გერმანელი ფარმაცევტული კომპანიებიც.

ამ და სხვა საგულისხმო განსხვავებების გათვალისწინებით, კომენტატორები მიიჩნევენ, რომ აშშ-ისა და ევროკავშირის სავაჭრო წესების სრული ჰარმონიზაცია შორეული პერსპექტივაა, ხოლო ახლო მომავალში უფრო რეალისტურია ერთმანეთის სტანდარტების აღიარების მექანიზმის შექმნა.

ტრანსატლანტიკური შეთანხმების კრიტიკოსები ორმხრივი შეთანხმებების ორმაგი ბუნების გათვალისწინების აუცილებლობაზე საუბრობენ. ბილატერალური ხელშეკრულებები ხელს უწყობს ორი მხარის დაახლოებას, თუმცა, ამავე დროს, სხვა სავაჭრო პარტნიორებთან ურთიერთობის გაფუჭებასაც იწვევს.

შეთანხმების მოწინააღმდეგეთა გარკვეული ნაწილი უფრო შორსაც მიდის და მიიჩნევს, რომ აშშ-ევროკავშირის პარტნიორობა გამოიწვევს გლობალური ვაჭრობის პოლარიზაციას, პრობლემებს შეუქმნის ტრანსპაციფიკური შეთანხმების გაფორმებას, შეასუსტებს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციას და, რაც მთავარია, საბოლოოდ დაასამარებს დოჰას მოლაპარაკებებს – საერთაშორისო სავაჭრო შეთანხმების მიღწევის საკმაოდ წარუმატებელ შესაძლებლობას.

კრიტიკის მიუხედავად, ევროპის ლიდერები ინიციატივას იმედით უყურებენ. ანგელა მერკელი და დევიდ კამერონი პარტნიორობას ეკონომიკური ზრდის ნაკლებდანახარჯიან საშუალებად მიიჩნევენ და მის განხორციელებას მიესალმებიან. მეტიც, კამერონმა ღიად განაცხადა, რომ მოლაპარაკებების პროცესში „საჭირო იქნება თამამი გადაწყვეტილებები” და შეთანხმების ხელმოწერა „დიდი რვიანის” ბრიტანული პრეზიდენტობის პრიორიტეტადაც კი დაისახა.

იმ შემთხვევაში, თუ ტრანსატლანტიკური შეთანხმებაც გაფორმდა, ტრანსპაციფიკური პარტნიორობაც შედგა და საკუთარი ბაზარი თავისუფალი ვაჭრობისთვის იაპონიამაც გახსნა, უპრეცედენტო სავაჭრო ზონა 71 ქვეყანას, მსოფლიო მშპ-ის 65%-სა და 1,7 მილიარდამდე ადამიანს გააერთიანებს და გლობალურ კომერციას სრულიად ახალ ჭრილში გადაიყვანს.

ტრანსატლანტიკურ შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასრულებას მხარეები 2014 წლისთვის, აშშ-ში შუალედური არჩევნების, ევროკავშირში კი – კომისიის ცვლილებამდე გეგმავენ. თუკი ვაჭრობის საკითხებში ევროკავშირის კომისარს დავუჯერებთ, მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში უკვე შევიდა: „არცერთი მარტივი თემა განხილვის საგანი აღარ არის”, – განუცხადა ჟურნალისტებს კარელ დე გუჰტმა.

 

კომენტარები