თავდაცვის სამინისტრო

ალასანია: საქართველო არ უნდა გახდეს ბრალდებების სამიზნე

საქართველოს თავდაცვის მინიტრმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას თავი აარიდა საუბარს იმის შესახებ, აისახება თუ არა ქვეყნის უსაფრთხოებაზე ბრალდებები, რომელიც ლაფანყურის სპეცოპერაციასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მოხსენებაშია მოყვანილი.

შეგახსენებთ, უჩა ნანუაშვილის ანგარიშში, გასულ წლის სექტემბერში რუსეთ-საქართველოს საზღვარზე სპეცოპერაციის დროს დაღუპულ საქართველოს მოქალაქეთა ახლობლებზე დაყრდნობით, აღნიშნულია, რომ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნები, სავარაუდოდ, საქართველოს ტერიტორიაზე ჩეჩენი ეროვნების პირებისგან უკანონო შეიარღებულ ფორმირებებს ქმნიდნენ. რომელთა ამოცანა რუსეთის ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედებებში მონაწილეობა იყო. ნანუაშვილმა სამართალდამცავებისგან ამ საკითხის გამოძიება მოითხოვა.

როგორც ირაკლი ალასანიამ ამის შესახებ ტაბულას კითხვის პასუხად განაცხადა, „გამოძიება მიმდინარეობს, აქედან გამომდინარე, რაიმე კომენტარი საჭირო არ არის“.

„მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ოპერაციის წარუმატებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი იყო არასწორი ურთიერთქმედება თავდაცვისა და შსს-ს ძალებს შორის“, განაცხადა მინისტრმა და აღნიშნა, რომ თავდაცვისა და შსს-ს ერთობლივი საშტაბო შეკრებები ტარდება და ორივე უწყების ძალების მონაწილეობით რეგულარული წვრთნებიც გაიმართება.

თუმცა, მანამდე ამავე შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა, რუსეთის მხრიდან მოსალოდნელ საფრთხეებზე საუბრისას განაცხადა, რომ ქვეყნის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია მუშაობა, რათა „ საქართველო არ გახდეს ბრალდებების სამიზნე“ რუსეთის მხრიდან, ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული თავდასხმებთან დაკავშირებით.

ალასანიას განცხადებით, სოჭის ოლიმპიადის ჩატარება ზრდის ჩრდილოეთ კავკასიაში ტერორისტული აქტიურობის რისკებს. რაც, როგორც წესი, საქართველოზეც უშუალოდ აისახება ხოლმე და „ჩვენი მოწინააღმდეგეები  ამაში ქართულ კვალს ეძებენ“.

ამგვარი საფრთხეების პრევენციისთვის, ალასანიას თქმით, სამხედრო უწყება შსს-სთან ერთად მუშაობს.

ტაბულას კითხვაზე, რატომ მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ შავ ზღვაში მოულოდნელად ჩატარებული სამხედრო მანევრები საქართველოსთვის უშუალო საფრთხეს არ წარმოადგენს, მინისტრმა აღნიშნა, რომ 2008 წელს და წინა წლებში ჩატარებული სხვა მანევრებისგან განსხვავებით, ახლანდელ წვრთნებში არ იყო ჩართულ აფხაზეთში განლაგებული რუსული სამხედრო ბაზა, ასევე არ იყო გამოყენებული საქართველოს საზღვაო აკვატორია. ასევე, მისი თქმით, წვრთნები არ იყო პირდაპირ გამიზნული საქართველოს წინააღმდეგ, როგორც ეს მოხდა 2008 წელს.

ამავე დროს, მინისტრის განცხადებით, იგი იზიარებს ქვეყნის საგარეო უწყების შეშფოთებას რუსულ მანევრებთან დაკავშირებით.

 

კომენტარები