აშშ-ისრაელი

ობამა ისრაელს ეწვია

ბარაკ ობამა აშშ-ის პრეზიდენტის რანგში ისრაელს პირველი ვიზიტით ეწვია. ამერიკის პრეზიდენტს საზეიმო დახვედრა ისრაელის პრეზიდენტმა შიმონ პერესმა და პრემიერმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ მოუწყვეს. ბარაკ ობამამ ჩასვლისთანავე ანტისარაკეტო სისტემა რკინის გუმბათი დაათვალიერა, რომელიც ისრაელმა შტატების დახმარებით შექმნა და პალესტინელთა თავდასხმების მოსაგერიებლად წარმატებით იყენებს.

აშშ-ის პრეზიდენტმა დახვედრის ცერემონიაზე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები კვლავაც ისრაელის ერთგულ მოკავშირედ რჩება.

„ჩემს მეორე საპრეზიდენტო ვადაში პირველი ვიზიტი ისრაელში განვახორციელე. ეს შემთხვევითი არაა. რეგიონში ცვლილებების სიომ დაბერა და როგორც იმედები, ასევე საფრთხეები მოიტანა“, - განაცხადა ბარაკ ობამამ.

მისი თქმით, ეს ვიზიტი „არის საშუალება, დავადასტუროთ ურღვევი კავშირი ჩვენს ხალხებს შორის და ხმამაღლა დავადასტუროთ ამერიკის ერთგულება ისრაელის უსაფრთხოების მიმართ“.

როგორც, თავის მხრივ, ისრაელის პრემიერმა ბინიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, „არასტაბილურ და არამდგრად ახლო აღმოსავლეთში ჩვენი მოკავშირეობა აუცილებელია, ისე როგორც არასდროს. ეს არის უსაფრთხო მშვიდობის გასაღები. ჩვენ უნდა მივაღწიოთ მშვიდობას ჩვენს პალესტინელ მეზობლებთან“.

ისრაელში ობამას შეხვედრების მთავარი თემები ირანის ბირთვული პრობლემა, სირიის კრიზისი და ისრაელ-პალესტინის მოლაპარაკებებია. ობამა შეეცდება იერუსალიმი დაარწმუნოს, რომ ირანული საფრთხის განეიტრალება მშვიდობიანი მეთოდებითაა შესაძლებელი. ასევე - ისრაელი და პალესტინა ისევ მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასვას, რაც 2010 წლის შემდეგ ვერ მოხერხდა. ობამას ადმინისტრაცია პალესტინის დამოუკიდებელი სახელმწიფოს მომხრეა 1967 წლის საზღვრებში და იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების მშენებლობის წინააღმდეგია. ამან უარყოფითად იმოქმედა მოკავშირეებს შორის ურთიერთობაზე.

ბარაკ ობამა იერუსალიმის კონგრესცენტრში სიტყვით გამოსვლას გეგმავს.

მისი ვიზიტის წინააღმდეგ რამდენიმე საპროტესტო აქცია გაიმართა, მათ შორის იერუსალიმში, თელ-ავივში და იორდანეს აღმოსავლეთ სანაპიროზე.

 

კომენტარები