ბლოგი

დაკარგული სამოთხე?

ვასო გაბუნია

2010 წლის ზაფხულში ილიას უნივერსიტეტის სასწავლო პრაქტიკის ფარგლებში სოფელ ინჩხურთან მდებარე მდინარე აბაშის ოფუცხოლეს კანიონს ვესტუმრეთ.

თეთრ კირქვებში მდინარე აბაშის გამჭვირვალე წყალი განათების მიხედვით იცვლის ფერს – ლაჟვარდისფერიდან ზურმუხტისფერამდე. კანიონის ბოლოს ცისარტყელიანი ჩანჩქერია. სანაპირო კირქვის პლატო მშვენიერი ადგილია პალეონტოლოგიური არტეფაქტების საპოვნელად.

აქ მრავლადაა პრეისტორიული მოლუსკების და ზღვის ზღარბების ნიჟარები. მზის ირიბი სხივები თითოეულ ჩაღრმავებას სიმკვეთრეს მატებს და სწორედ ამ დროს სამი თითის მკვეთრ ანაბეჭდს ვამჩნევ. ქანის ასაკი 65-66 მილიონი წელია. პირველი ვარაუდი – აქ ოდესღაც დინოზავრმა გაიარა! სტუდენტებთან ერთად კიდევ რამდენიმე ნაკვალევს და ქანში ჩაჭედილ უცნაური ფორმის ჩანართებს ვპოულობთ, რომლებსაც პრეისტორიული ცხოველების ძვლებს ვამსგავსებთ.

„დინოზავრების” პოვნის ამბავი მალევე გახმაურდა. პოლიტიკურად „მკვდარ სეზონზე” სენსაციას დახარბებული ჟურნალისტები ერთმანეთს ასწრებენ აღმოჩენის გაშუქებას.

კანიონი პრეზიდენტმაც მოინახულა და დაიწყო – კანიონს დღეში 10-12 ავტობუსი სტუმრობს საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან. აღმოჩენიდან 3 თვეში კი ვიღაც მტაცებელი დინოზავრის ნაკვალევს ვანდალურად ანადგურებს…

შარშან მეგობრის ვაჟთან და შვილიშვილთან ერთად მარტვილისკენ გავეშურე. ოფუცხოლეში ბევრი რამ შეცვლილიყო: უამრავი ჯიპი და ავტობუსი, კანიონის ჩასასვლელთან ლუდის წერტი, ორი „ბუტკა”, „სემიჩკა”. ვიღაცა 20-ლიტრიანი ბოცით გაფაციცებული მიაბიჯებს მდინარის კალაპოტში. „საოჯახო” ტრუსებიანი ახალგაზრდა გაჯიუტებულ ციკანს მიათრევს. გასაბერი ნავების მფლობელები კანიონის სიღრმეში გასეირნებას სთავაზობენ სტუმრებს. კანიონი დეციბელებით სავსე სტადიონს არ ჩამოუვარდება. ზრიალებს მარადიული რუსული ესტრადა.

ორი ქალბატონი მიახლოვდება და მთხოვს ნატერფალები ვაჩვენო. ზედ ნაკვალევიან შრეზე უახლესი მოდელის საცურაო კოსტიუმების გამოფენაა.

– ერთი აქ არის, – შავთვალება გოგონაზე მივუნიშნებ.

– მეორე აქ, – პირსახოცზე წამომჯდარი შუახნის ქალბატონისკენ ვიშვერ ხელს.

– დანარჩენები იქ, – „დანარჩენებზე” 9-10-კაციანი პურმარილია გაშლილი.

– ეს კი, დინოზავრის ძვლები უნდა იყოს, – შავი ფერის ჩანართებზე ვუთითებ.

– კაი სახაშლამე კია, ხო იცი შენ, – ხორხოცებს ღიპზე ხისჯვარჩამოდებული ჭაღარა მამაკაცი.

ვცდილობ გავიღიმო.

ნავით კანიონის სიღრმისკენ მივეშურებით. აქ ჩემი მოთმინება ზღვარს აღწევს – პლასტიკის ბოთლებით, დაჭყლეტილი პომიდვრებით, საზამთროსა და ნესვის ქერქებით და პოლიეთილენის პარკებით გავსებული ნაპირები და მდინარე გულისრევის მძაფრ შეგრძნებას იწვევს და მენავეს უკან გაბრუნებას ვთხოვ.

გზად ნაგვით ამოვსებულ დადიანების საკალმახეს გავცდით და შემაღლებულიდან კანიონს უკანასკნელად გადავხედე. მოპირდაპირე ნაპირზე ციკანს ატყავებენ. იქვე ლამაზი კოლხი გოგონა გვერდზე სწევს ნახევრადშეჭმულ საზამთროს და მის გვერდით წვება გასარუჯად. „ვლადიმირსკი ცენტრალი” არემარეს აზანზარებს…

გული მიჩერდება – ეს ყველაფერი ხომ ჩემი ბრალია! რომ არა ოფუცხოლეს უაზროდ გაპიარება, ასეთი რამ ხომ არ მოხდებოდა. არა, ციკანს ასე თუ ისე მაინც უზამდნენ რეალიზაციას, მაგრამ ხეობა?!

პრინციპში, ოფუცხოლესაც ეშველება – გაიწმინდება ნაპირები, დაიწმინდება წყალი, საკალმახეც გასუფთავდება. დაიდგმება ნაგვის კონტეინერები, გაიხსნება საოჯახო სასტუმროები, თვით მოსახლეობის ინტერესებშიც იქნება ხეობის მოვლა.

მაგრამ, მთავარი კითხვა, ალბათ, დიდხანს მაინც უპასუხოდ დარჩება – როდის ეშველება ქართველის ყველაფრის, რაც მისი არ არის, განადგურების ინსტინქტს? როდის გადაიქცევა გამპარტახებლიდან მზრუნველად? როდის მიხვდება, რომ საქართველო მისი მოსავლელია და სხვა არავინ მოუვლის?

გიორგი, ჩემი მეგობრის ვაჟი მოსკოველია. იგი ცნობილი და წარმატებული ოჯახიდანაა. მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის ნებისმიერ ადგილას შეუძლია გაატაროს არდადეგები, ყოველწლიურად მაინც საქართველოში ჩამოდის და ბევრ ქართველზე მეტიც აქვს ნანახი. გიორგი „გაგებით ეკიდება” ქართველების საყოველთაო გულგრილ დამოკიდებულებას გარემოსადმი – რუსეთშიც ხომ იგივე ხდება, თუ უარესი არა... გიორგი გაგვიგებს, მაგრამ წარმოიდგინეთ რა დღეში ჩაგვივარდება ამის მხილველი სუსტი ნერვების მქონე დასავლეთევროპელი ან ჩრდილოამერიკელი სტუმარი, რა ინფორმაციას წაიღებს აქედან.

 

P.S. რამდენიმე დღის წინ Facebook-ზე ფოტო დაიდო ჩვეული ტექსტით – „გაიზიარე და დაალაიქე – ღმერთი დაგლოცავს!”. ფოტოზე ოფუცხოლე ვიცანი. კანიონის ერთ-ერთ კედელში ნიშა ამოუჭრიათ და შიგ ხატი „შეუბრძანებიათ”. მშვენიერი იდეაა – ვისაც „მარშრუტკაში” ან ავტობუსში პირჯვრის გადაწერა მოენატრება, ეს პროცედურა შეუძლია გასაბერი ნავიდან ჩაატაროს.

კომენტარები