ბლოგი

ლევან სუთიძე - ხატძვისხეო, ხატძვისხეო!

ჩვენი გაკვირვება რთულია, თან ახალ წელს. ბოლოსდაბოლოს, ვინ და სად აღარ გვინახავს. მაგრამ თურმე „პაჩკა-პაჩკა” დოლარებზე პროვინციული გროტესკის მოფიქრებაც ხელგვეწიფება. საახალწლო მილოცვის დროს, საქართველოს პრემიერმინისტრი ბიძინა ივანიშვილი იდგა ნაძვის ხესთან, რომელიც სხვადასხვა მოზიბზიბე სათამაშოსთან ერთად, მორთული იყო მთავარანგელოზებისა და წმინდა გიორგის ხატებით. ღრმადმორწმუნეებმა იქვე ადვილად შევნიშნეთ უდიდესი ქრისტიანული სიმბოლო, ოქროს საწმისი. ჩვენ უკვე ვიცით, რომ ქვეყანაში, სადაც პატრიარქის რეიტინგი ზრდასრულებს შორის, ბავშვებს შორის სანტა კლაუსის რეიტინგზე დიდია, ლოგიკურია, რომ ელექტორალური ყნოსვის პოლიტიკოსი ცდუნებას ვერ უძლებს, კამერების წინ ორი განცხადება გააკეთოს: პირველი ხმამაღლა, შეფერუმარილებული ჟურნალისტის მიერ ძლივსდასმულ კითხვაზე, და მეორე უტყვად – „თქვენ ალბათ რთულად მამჩნევთ, რადგან ჩემ უკან კარადაში შეყუჟულ გიგანტურ გათხოვების ღვთისმშობელს, ჩემს თავზე კალთა აქვს გადმოფარებული”.

იყო შემთხვევები, როცა წმინდანად შერაცხული რომანოვების ოჯახის გამოსახულების ფონზე, მათი მზრუნველობით რომ აღშენდნენ კიდენი ამა ქვეყნისანი, პოლიტიკოსებს NATO-ში შესვლის გარდაუვალობაზეც უსაუბრიათ. თუ სწორად მახსოვს, ვიღაცას იმავე პეიზაჟზე რეზო ჩხეიძეც უნდა ჰყავდეს მიგმობილი.

გასაგებია, რომ ქვეყანაში, სადაც წმინდა გიორგი შეიძლება უთვალავი „კალცო-ბეჭდებით” მორთო, უცნაური სულაც არ არის, იგივე ხატი ნაძვის ხეზე მიამაგრო და თქვა, რომ სინამდვილეში ეს წმინდა გიორგის მორთვა სცადე ნაძვის ხით, მაგრამ მთავარი ეს არ არის. მთავარი არც ის არის, რომ პრეზიდენტის ზურგს უკან მოცქერალი ღვთისმშობლის სახელწოდება – казанская божья матерь, ან უბრალოდ – ყაზანის ღვთისმშობელი გახლავთ. მთავარი არც ის უნდა იყოს, რომ მოიძებნება მრავალი პატრიარქის ნათელში „დაზაგრული გოგოშკა”, რომელიც ამ მიგნებას გაიმეორებს და ქმრებს მომავალ წელს დოლარების ნაცვლად ნაძვის ხეს ღმერთი-რჯული-ხატით მოურთავს. მთავარი ის არის, რატომ გმობს საპატრიარქო „დიდ ათეულში” წმინდანების შეყვანას, ხოლო ნაძვის ხეზე მათ „მიიგრუშკებას” გაგებით ეკიდება? თორემ პრემიერმა რაც უნდა, სადაც უნდა, დაკიდოს, ეგ ჩვენ არ გვედარდება.

 

კომენტარები