ბლოგი

ქეთა გაბუნია - ბლოგი

რამდენიმე დღის წინ ბავშვის ოთახიდან ხმა შემომესმა. ჩემს შვილს თამაშის დროს სიმღერა ან ლექსების თქმა სჩვევია, თუმცა მივხვდი, რომ ეს არც სიმღერა იყო და არც ნოდარ დუმბაძის ლექსი. ყურადღებით რომ მოვუსმინე, მივხვდი „მამაო ჩვენოს” ამბობდა. გამოვკითხე და აღმოჩნდა, რომ ბაღში ჭამის წინ „ლოცულობენ” და იქ ასწავლეს. წარმოგიდგენიათ სცენა, როცა 30 ბავშვი მრგვალ მაგიდებთან ზის, წინ სუპი და კატლეტი უწყვია და ლოცულობს? მე წარმოვიდგინე და გამაჟრიალა. რომ ვუთხარი, მასწავლებელს ვეტყვი, აღარ გათქმევინოს-მეთქი, ძალიან ინერვიულა, ამიტომ შევეშვი. გაიზრდება და ვიცი, თავად გააკეთებს არჩევანს.

შემაშფოთებელი ის არის, რომ უხეშად არღვევენ ჩემი და ჩემი შვილის უფლებებს, როდესაც აიძულებენ ილოცოს ბაღში და ადრეული ასაკიდან აჩვევენ ისე ლოცვას, რომ ტექსტის შინაარსს არც დაუფიქრდეს. შედეგად ვიღებთ „მრევლს”, რომელსაც მღვდელი ქრისტედ თუ არა, მის მოციქულად და წმინდანად ჰყავს წარმოდგენილი და ფიქრობს, რომ სასულიერო პირის განკითხვის უფლება არ აქვს. ეს ადამიანები მოსამსახურეებად უდგებიან მათ და ჰგონიათ, რომ რწმენა ამაში გამოიხატება. ყოველგვარი განსჯის გარეშე იღებენ იმას, რასაც მათ მოძღვარი ეუბნება და საბოლოოდ ეს ჩვევა ყოფით საკითხებშიც გადმოდის. ელოდებიან მესიებს და გაჩენილი ჰყავთ ავტორიტეტები, რომელთა ნათქვამს ღრუბელივით შეიწოვენ, ყოველგვარი გააზრების და კრიტიკის გარეშე.

სწორედ ამ პრობლემის გამოძახილად ვთვლი სოფელ ნიგვზიანში მიმდინარე მოვლენებსაც. იუსტიციის მინისტრმა ამ საკითხზე პასუხისმგებლობა „განიხუნა”, ეკლესიას გადაულოცა და ჰაგიოგრაფიულ წიაღსვლებს მიუბრუნდა. რატომ უნდა მოაგვაროს აშკარა კანონდარღვევა საპატრიარქომ, გაუგებარია და ცოტა საშიშიც. კონფლიქტის დაწყებიდან რამდენიმე დღეში კი მე-9 არხმა გვამცნო, რომ სოფლის მუსლიმ და მართლმადიდებელ მოსახლეობას შორის შეთანხმება შედგა – მუსლიმების სალოცავს მეჩეთის სახე არ მიეცემა და ისინი სალოცავად აღარ შეიკრიბებიან. მეუფე იოსებმა ეს ამბავი გაბრწყინებული სახით მოგვახსენა, სულ მალე კი სოციალურ ქსელებში გამოჩნდა მუსლიმთა კავშირის განცხადება, სადაც მისი წევრები ამ ფაქტს უარყოფენ.

რით გაიმართლებს თავს „თავისუფალი ტელევიზია” და საერთოდ ჩათვლის თუ არა ამას საჭიროდ, დრო გვიჩვენებს, თუმცა გამოგიტყდებით და ამის იმედი არ მაქვს. ჩვენთან ხომ უმცირესობები არ არსებობენ, არც რელიგიური, არც ეთნიკური და სექსუალურზე ხომ ლაპარაკი ზედმეტია. ახლა უკვე „მენტალური უმცირესობაც” გაჩნდა, რომლის აზრიც ისეთივე უგულებელყოფილია, როგორც სხვა უმცირესობების. თუმცა ამაზე მოგვიანებით.

ამასობაში კი ეკლესიის გავლენა უფრო და უფრო ძლიერდება, გაზრდილი ბიუჯეტით და მთავრობის მხრიდან აშკარა კოჭის გორებით. საინტერესოა, როდემდე უნდა ვუხადოთ კომპენსაცია ეკლესიას, მით უმეტეს, რომ სხვა კონფესიები ბიუჯეტიდან არ ფინანსდებიან. ის ილუზია, რომელიც თავიდან შეგვექმნა, თითქოს საპატრიარქოს დაფინანსების საკითხი გადაიხედებოდა, მალევე დაიმსხვრა.

თამაშში და პირფერობაში დიდოსტატები რომ ვართ, ეს ახალმა ხელისუფლებამაც წარმატებით დაამტკიცა. თვალებში ნაცრის შეყრა იყო სახალხო დამცველის კანდიდატების განხილვები და დაუსრულებელი საეთერო დებატებიც – ან ეს ადამიანები რატომ აწვალეს, ან ჩვენ რატომ გვატყუებდნენ, თითქოს არასამთავრობოების აზრს გაითვალისწინებდნენ, არ მესმის. თავად კი არც მწვადი დაწვეს და არც შამფური. გამოკვეთილი და უკომპრომისო პოზიციის მქონე თამარ გურჩიანი ნამდვილად არ აწყობდათ, ის ხომ ადამიანებს არ განასხვავებს და მისთვის ყველას უფლება პრიორიტეტია. თანაც სექსუალურ უმცირესობებზე ასე ხმამაღლა მოლაპარაკე ადამიანი ჩვენს ზიზღით სავსე საზოგადოებაში, არაპოპულარული გადაწყვეტილება იქნებოდა.

პოპულიზმი, როგორც ჩანს, ქართული პოლიტიკის განუყოფელი ნაწილია. დიმიტრი ლორთქიფანიძე ისე შორს წავიდა, მისი დასახელება ნამდვილი სიგიჟე იქნებოდა, ამიტომ დაასახელეს ნინა ხატისკაცი, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით. მხოლოდ ის, რომ არც აწყვეტილი ჰომოფობია და არც თავგამოდებული უფლებადამცველი. ციხის სკანდალის შემდეგ, როცა აღმოჩნდა, რომ ომბუდსმენი იქ მომხდარ კანონდარღვევებზე წერდა თავის ანგარიშებში, თუმცა არავინ უსმენდა, ვფიქრობდი – ზუსტად თამარის კანდიდატურა იყო ის, რაც ახალ მთავრობას და ქვეყანას სჭირდებოდა. თუმცა ჩვენთან ყველაფერი პირიქით ხდება და ლოგიკის ფარგლებში ამის მოქცევა ფუჭი მცდელობაა.

დაბოლოს, ნოდარ ხადურმა სამინისტროს ეზოში პატრიარქის მიერ ნაჩუქარი კიპარისები და ზეთისხილი დარგო. ახლა ნამდვილად გადმოვა მადლი და გაბრწყინების გზას დავადგებით. ღვთისმშობელიც მოიხედავს წილხვედრისკენ და ჩიპიანი პასპორტებიც გაუქმდება. აი, ჯიპიანი მღვდლები როდის გაუქმდებიან, ეს არის საინტერესო.

 

კომენტარები