მთავარი პროკურატურა

კბილაშვილი: კადრების გავრცელების მიზანი სისტემური მანკიერების წარმოჩენა იყო

"პროკურატურის მიერ კადრების გავრცელების მიზანი იყო არა ინდივიდის მხილება, არამედ სისტემური მანკიერების წარმოჩენა, - განაცხადა საქართველოს მთავარმა პროკურორმა, არჩილ კბილაშვილმა რადიო პალიტრის გადაცემა რეზიუმეში სტუმრობისას. 

"ჩვენ მოგვმართა ერთ-ერთმა მსხვერპლმა, რომელიც აღმოჩნდა ოპერატიული სამსახურის მიერ დაგებულ ხაფანგში, რომელმაც მიიღო მოთხოვნა ფულის გადახდის თაობაზე. თუ ის ფულს არ გადაიხდიდა, მაშინ გამჟღავნდებოდა ვიდეოფირი. მან წარმოგვიდგინა შესაბამისი წერილი და ჩანაწერი, რომელიც მან მიიღო. ეს გახდა გამოძიების დაწყების საფუძველი", - განმარტა კბილაშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნული დანაშაული ზნეობრივი თვალსაზრისითაც დასაგმობია.

"ჩვენ საზოგადოებას ვაცნობეთ ერთ-ერთი დანაშაულის შესახებ. ეს დანაშაული განსხვავდება სხვა რიგითი დანაშაულისგან. ამ დანაშაულის ჩადენის მეთოდი, მიზანი არის საყურადღებო. სახელმწიფოს სტრუქტურები დაკავებული იყვნენ იმით, რომ პოლიტიკური ლოიალობის გაზრდის მიზნით, იმ ადამიანებისთვის, ვინც საზოგადოებისთვის მეტ-ნაკლებად ცნობილ სახეს წარმოადგენენ, შეექმნათ კომპრომატი და ეს კომპრომატი გამოყენებული ყოფილიყო შანტაჟის ან ფულის გამოძალვის საშუალებად. ეს არ არის ჩვეულებრივი, რიგითი დანაშაული, რადგან ასეთი დანაშაული, გარდა იმისა, რომ კანონდარღვევასთან გვაქვს საქმე, ზნეობრიობის თვალსაზრისითაც დასაგმობია. არ შეიძლება ყველა მეთოდი იყოს იმ მიზნის გზაზე გამოყენებული, რასაც ხელისუფლების შენარჩუნება ჰქვია", - განმარტა კბილაშვილმა.
მისივე თქმით, პროკურატურის მიზანი იყო, რომ პირთა იდენტიფიკაცია შესაძლებელი არ ყოფილიყო. 

"მე ვერ ვხედავ ვერანაირ პრობლემას იმაში, რომ მტკიცებულება ყოფილიყო წარმოდგენილი სადემონსტრაცოდ იმისა, რომ განცხადება, რომელიც გაკეთდა, ჩვენ მიერ რეალურ საფუძვლებს ემყარება, ამაში ვერ ვხედავ რაიმე მორალურ კომპრომისს, რომელიც ჩვენ დავარღვიეთ. ჩვენ არ გაგვიმჟღავნებია არც მსხვერპლთა და არც იმ პირთა ვინაობა, ვინც გადაბირებული იყო შესაბამისი სტრუქტურების მიერ. ჩვენ პროდუქტი ვანახეთ საზოგადოებას, რაც ხდებოდა და არა იმ პროდუქტის მონაწილეები, რათა მათი პირადი ღირსებისათვის საფრთხე არ შეგვექმნა. აბსოლუტურად ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ პირის იდენტიფიკაცია არ უნდა ხდებოდეს და არც ხდება. ჩვენი მიზანია სისტემური მანკიერების წარმოჩენა, საზოგადოებამ დაინახოს ის, თუ სად, როგორ ყოფაში ვცხოვრობდით", - აღნიშნა კბილაშვილმა.

კომენტარები