ბლოგი

ბლოგი - ლევან ღამბაშიძე

სხვაგან ვართ. ანუ იქ არ ვართ, სადაც უნდა ვიყოთ. ამის თქმის საფუძველს ჩვენი წარსული მაძლევს. სამწუხაროდ, წარმოუდგენელია დაზუსტებით რაიმე სხვა რეალობაზე საუბარი გარდა იმისა, რომელშიც ჩვენ ახლა ვცხოვრობთ, მაგრამ ფიქრი ყველაფერზე შეგვიძლია. მაგალითად იმაზე, თუ რა კარგი იქნებოდა გელათის აკადემიას რომ რაღაც მომენტში არ შეეჩერებინა „სამეცნიერო საქმიანობა”. რა კარგი იქნებოდა, სულხან-საბას ვიზიტს უფრო დიდი გულისყურით რომ მოჰკიდებოდა უცხო ქვეყნის მეფე. ან რაც მთავარია, რა კარგი იქნებოდა, წყეული საბჭოთა ოკუპაცია რომ არ მომხდარიყო.

რას იზამ. რაც მოხდა, მოხდა. მთავარია, ჩვენ კარგად გავიაზროთ მომხდარი და მისთვის შესაბამისი ადგილის მიჩენა შევძლოთ. სამწუხაროდ, არც ეს მომხდარა დიდი ხნის მანძილზე.

ამას წინათ, შემთხვევით გადავეყარე ანიმაციურ ფილმს, რომელმაც ძალზედ დამაფიქრა ჩვენს წარსულზე და დღევანდელობაში არსებული ერთ-ერთი პრობლემის საფუძველზე მიმანიშნა.

ბევრისთვის არის ნაცნობი ანიმაციური ფილმი „ლომი და კატა” (1973), სადაც მეფე ლომი, თავისი შვილის აღმზრდელად კატას აიყვანს. სწავლების კურსის გავლის შემდეგ მეფე აჯიბრებს მოსწავლეს და მასწავლებელს. მოგების და წაგების შემთხვევაში ისჯება კატა. შეჯიბრის ბოლო ეტაპზე კატა გაიქცევა და ხეზე აძვრება. უფლისწული დაედევნება მას, მაგრამ ხეზე ასვლას ვერ ახერხებს, იმიტომ რომ, არ იცის. მეფე საყვედურობს კატას, რანაირი მასწავლებელი ხარ, ხეზე ცოცვა არ ასწავლე ჩემს შვილსო. კატის პასუხი შემდეგია: „კარგად ვიცნობ თქვენს მოდგმას და იმიტომ. თქვენი შვილისთვის რომ ხეზე ცოცვა მესწავლებინა, ახლა ცოცხალი არ ვიქნებოდიო”.

ასე მთავრდება საბჭოთა იგავი.

მახსოვს, როგორი აღფრთოვანებული ვიყავი ხოლმე ამ მულტფილმის ნახვისას. მაინც, რა ჭკვიანია კატა! რა ყოჩაღად დაიტოვა ხეზე ცოცვა შავი დღისათვის! აი, როგორ გამოადგა!

მაგრამ დღეს რომ დავაკვირდი, მივხვდი – კატა ყველაზე ცუდი მასწავლებელია უარესთა შორის. თავად დააკვირდით: მასწავლებელმა არ გაუზიარა მოსწავლეს და თავისთვის დაიტოვა რაღაც ცოდნა, რომელიც მოგვიანებით გამოადგა თავად მოსწავლისაგან თავის დასაცავად.

გადავხედოთ დასავლურ ტრადიციას: რა იქნებოდა, პლატონს რომ რაღაც ცოდნა დაემალა არისტოტელესთვის იმის შიშით, რომ ამ უკანასკნელს საკუთარი აკადემია არ გაეხსნა მოგვიანებით? რა იქნებოდა, ალბერტ დიდს თომა აკვინელისთვის არისტოტელეს ტექსტები რომ დაემალა, ვაიდა, ის უფრო ავტორიტეტული არ გახდესო. ან კანტს რომ ფიხტესთვის თავის დროზე დახმარება არ აღმოეჩინა, საზრიანი ბიჭი ჩანს და არ გამაკრიტიკოს მომავალშიო.

ამგვარად თუ შევხედავთ, ვნახავთ, რომ ევროპას არ აქვს მოსწავლის შიში. ეს ევროპისთვის განვითარების ნორმალური გზაა. თუ შენ მოსწავლე არ გყავს, უნაყოფო ხარ. წარმოუდგენელია, გქონდეს დიდი ცოდნა და არ გინდოდეს მისი სხვებისთვის გაზიარება. ეს არაბუნებრივია. მაგრამ, როგორც ჩანს, ზოგისთვის არა.

თუკი ცოდნა ძალაა, ძალაუფლებაა, მაშინ ცოდნის გაზიარება ძალაუფლების გაზიარებასაც ნიშნავს. ეს კი ჩვენში ერთ-ერთი ყველაზე არასასიამოვნო ამბავია, რაც, ალბათ, ისევ და ისევ საბჭოთა კავშირის მემკვიდრეობად შეიძლება მივიჩნიოთ. გადავხედოთ საბჭოთა კავშირის ისტორიას ძალაუფლების ჭრილში და მივხვდებით, რომ სისტემისთვის უცხო რამეზე არ ვსაუბრობთ. ჩვენ ვხედავთ, რომ არავის სურს ერთხელ მიღებული ძალაუფლების დათმობა და ვისაც კი ეს ძალაუფლება აქვს, მაქსიმალურად ცდილობს, გარშემო ყველა მოიშოროს, ვინც კი პოტენციურად მაინც შეიძლება მასზე ძლიერი იყოს.

ცოტა ხნის წინ მეგობარმა დაწერა ფეისბუქზე: „ეს კაცი გენიოსია, ეგ რომ არ იყოს, აბა ვინ უნდა იყოს თეატრის მმართველიო”. სტურუაზე იყო საუბარი. უცებ მივხვდი, რომ საქმე ლომის და კატის საბჭოთა იგავთან გვაქვს. რას ჰქვია შემცვლელი არ არის? ამდენი წლის მანძილზე როგორ არ გაზარდა თავად სტურუამ მინიმუმ ერთი მოსწავლე, რომელიც ღირსეულად შეცვლიდა მას არყოფნის შემთხვევაში? რატომ მოხდა, რომ ასეთი „კარგი თეატრალური სკოლის” პირობებში, ვერ აღიზარდა ახალი თაობა? იმიტომ, რომ ახლებისთვის ხეზე ცოცვა არავის უსწავლებია. რაღაც მაინც დაიტოვეს თავისთვის, ყოველი შემთხვევისთვის. და ფაქტია, რომ ამან იმუშავა.

ეს არ უნდა მომხდარიყო. იმ საქართველოში, სადაც ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ, მასწავლებელი ამას არ აკეთებს.

სულხან-საბას იგავი „კატის გაზრდილი ლომი” მთხრობელის, რუქას სიტყვებით მთავრდება:

– მე ჩემი ცოდნა, თუ რამე ვიცოდი, შენ გასწავლე და მე ჩემთვის აღარა შევინახე რა. აწ არ ვიცი, ხელთა გყევარ და ბევრს ავსაც მიზამ.

ასე მთავრდება ქართული იგავი.

 

კომენტარები