მთავარი პროკურატურა

დავით მჭედლიშვილი: გამოვლინდა ელიტარული კორუფციის სქემა

დღეს, 20 დეკემბერს, საქართველოს მთავარი პროკურორის მოადგილემ დავით მჭედლიშვილმა საგანგებო ბრიფინგი გამართა და ნიკა გვარამიას, ალექსანდრე ხეთაგურის და სხვა დაკავებული პირების საქმის დეტალებთან დაკავშირებით ისაუბრა. 
მთავარი პროკურორის მოადგილის განცხადებით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა და პროკურატურამ ერთობლივად "ელიტარული კორუფციის სქემა" გამოავლინეს. 
"გვინდა საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ აღნიშნული გამოძიება დაიწყო 2012 წლის 6 ნოემბერს. 11 ნოემბერს კი, პრესაში, მოგვიანებით - ინტერნეტგამოცემებში გავრცელდა ინფორმაცია თელასში მიმდინარე კორუფციულ სქემებთან დაკავშირებით. ამავდროულად, გამოქვეყნდა კონკრეტული დოკუმენტი, კერძოდ,  შპს ელენდეფ სერვისის მიერ თელასისათვის წარდგენილი ინვოისი, საკონსულტაციო მომსახურებისთვის 450 ათასი აშშ დოლარის გადარიცხვაზე. ელენდეფ სერვისი ამ ინვოისის წარდგენისათვის ერთი თვის შექმნილი იყო და არანაირი გამოცდილება აღნიშნულ საქმიანობასთან დაკავშირებით არ გააჩნია. გამოძიება მიმდინარე საქმეზე 2012 წლის 8 ნოემბერს დაიწყო ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში და მოპოვებული იქნა კონკრეტული მტკიცებულებები", - განაცხადა მჭედლიშვილმა. 
მთავარი პროკურორის მოადგილემ საქმის შინაარსზეც ისაუბრა.  
"საქმის შინაარსი მდგომარეობს შემდეგში: 2012 წლის იანვარში დაკავებული იქნა სს თელასის ხუთი თანამშრომელი, რომელსაც საბოლოოდ გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება 5 მილიონი ლარის გადახდის საფასურად. აღნიშნული წარმოადგენდა გარკვეულ წინაპირობას იმისათვის, რომ სს თელასში მოსალოდნელი იყო საკმაოდ მძიმე საგადასახადო შემოწმების ჩატარება. ამავდროულად, შეიცვალა თელასში დირექცია, რაც კიდევ ერთი მაუწყებელი გახდა იმისა, რომ   მოსალოდნელი იყო საკმაოდ ფუნდამენტური შემოწმების ჩატარება, რაც 2006 წლის შემდეგ თელასში არ ჩატარებულა. სწორედ ამის გამო, თელასის ხელმძღვანელობას შეექმნა შთაბეჭდილება, საკმაოდ საფუძვლიანი, იმისათვის რომ დაეწყოთ მოლაპარაკება ენერგეტიკის სამინისტროსთან შესაბამისი საგადასახადო მოლაპარაკების თაობაზე. აღნიშნულის გამო, რუსული მხარის მიერ მიჩნეული იქნა ორივე მხარისათვის მისაღები კანდიდატი დევი კანდელაკი, რომელიც ჩართული იქნა მიმდინარე მოლაპარაკებაში. იმისათვის, რომ საგადასახადო შეთანხმება გაფორმებულიყო და აღნიშნულზე დაწყებულიყო საუბარი და გამოხატულიყო  სახელმწიფოს მხრიდან, ამ შემთხვევაში - ნიკა გვარამიას სახით - ნება იმისი, რომ საგადასახადო შეთანხმება შემდგარიყო, მოთხოვილი იქნა ერთი მილიონი ამერიკული დოლარის გადახდა. შემუშავდა შესაბამისი სქემა, რომელიც შემუშავდა ალექსანდრე ხეთაგურის მიერ ნიკა გვარამიასათვის დავალების შედეგად", - განაცხადა დავით მჭედლიშვილმა.
მჭედლიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გამართულ ბრიფინგსაც გამოეხმაურა. საქალაქო სასამართლოს სპიკერმა მოსამართლემ დღეს განმარტა, რომ სასამართლოს მიერ სატელეფონო მოსმენებზე გაცემული ნებართვები ნიკა გვარამიას და ვანო მერაბიშვილს არ ეხებოდა, ხოლო სასამართლოს ბრძანებების გამოქვეყნება, ამ დოკუმენტების მოქმედების ვადის ამოწურვამდე, ოპერატიული საქმიანობის შესახებ კანონს ეწინააღმდეგება.
"განსაჯაროება დაკავშირებულია დოკუმენტის გასაიდუმლოებასთან. ეს დოკუმენტაცია იყო გასაიდუმლოებული. მას შემდეგ რაც მას მოეხსნა გრიფი საიდუმლო, გასაჯაროება კანონით არ არის აკრძალული. 
რაც შეეხება ნიკა გვარამიას და ივანე მერაბიშვილის საუბრების მოსმენას, ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, დაზუსტებული იქნა, რომ ალექსანდერე ნემსიწვერიძეს მობილურ ტელეფონზე უკავშირდებოდა ვინმე გიორგი, ტელეფონით 5 77 20 12 12. აღნიშნული პიროვნება ჩართული იყო ელიტარული კორუფციის სქემაში. მიმართეს საქალაქო სასამართლოს შესაბამისი ბრძანებით და სასამართლოს მიერ გაცემულ იქნა სხვადასხვა სატელეფონო ნომრებზე გამოძიებისთვის მინიჭებული უფლება მოსმენის, საქალაქო სასამართლოს ბრძანებით. რის შემდეგაც განხორციელდა კანონის სრული დაცვით საგამოძიებო ქმედება. აღმოჩნდა, რომ აღნიშნული ტელეფონით სარგებლობდა ნიკა გვარამია და ეს ტელეფონი სექტემბრის დასაწყისიდან ეკუთვნის კომპანიას Pictures Production Company, მასზეა რეგისტრირებული და არა ნიკა გვარამიაზე. განხორციელებული სატელეფონო მოსმენები არის აბსოლუტურად საკანონმდებლო სივრცეში მოქცეული", - განაცხადა დავით მჭედლიშვილმა.

კომენტარები