ინვესტიცია

ინვესტიციები და დასაქმება

ყველასთვის ცნობილია, რომ საზოგადოებაში ცხოვრების დონის ამაღლების წყარო მისი „უდიდებულესობა“ ინვესტიციებია. ეს ცნება პირდაპირ კავშირშია ახალ სამუშაო ადგილთან და შემოსავალთან. ინვესტიცია გულისხმობს ფიზიკური თუ იურიდიული პირის მიერ ორგანიზაციაში წილის ფლობას და ამ ორგანიზაციასთან დაკავშირებული სხვადასხვა ეკონომიკური ხასიათის ოპერაციების წარმოებას. იმისთვის, რომ მოხერხდეს რაიმეს ინვესტირება, ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა შექმნან დანაზოგები, ხოლო თუ ეს უკანასკნელი არის მცირე, გლობალიზაციის ეპოქაში ინვესტიციის წყარო შესაძლებელია გახდეს უცხოური კაპიტალი.

ზედაპირული შეფასებით, ალგორითმი მარტივია. დაბალი შემოსავლის საზოგადოება ყველა მთავრობას ავალდებულებს რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და მთავრობაც შესასრულებელ ვალდებულებებს შორის ინვესტიციებს და დასაქმებას უმთავრეს პრიორიტეტად მიიჩნევს. შედეგად, „დიადი“ საქმის კეთებით შეპყრობილი პოლიტიკოსები ქმნიან სამოქმედო პროგრამებს, თუ როგორ მოიზიდონ რაც შეიძლება მეტი უცხოური ინვესტიცია. როგორც წესი, ამ პროგრამათა ძირითად მიმართულებებს შეადგენს: საინვესტიციო გარემოს შექმნა, უცხოელ ინვესტორებთან უშუალო და აგრესიული კონტაქტი, საზოგადოებრივი (სახელმწიფო) ინვესტიციები და სხვა.

პოლიტიკური პარტიები ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუ ვინ უფრო უკეთ შეძლებს პროგრამის განხორციელებას. ამომრჩევლებიც შეფასებისას მხედველობაში იღებენ იმას, თუ რამდენად ეფექტიანად ახერხებს მთავრობა დასახული ამოცანების შესრულებას. ჩვენ ყველანი ვუსმენთ ინფორმაციებს, ვუყურებთ ციფრებს, ტვინს ვიღლით სხვადასხვა მონაცემების ანალიზით, ერთმანეთს ვადარებთ გასული წლების სტატისტიკას, ვცდილობთ გავაკეთოთ მომავლის პროგნოზი, ვიკვლევთ სხვადასხვა სექტორებს, ვცდილობთ ცალკეულ დარგებში პრობლემების ფიქსირებას, უზარმაზარ რესურსს ვხარჯავთ და, ჯამში, ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ განვვითარდეთ, რადგან თითქოსდა მარტივად გასააზრებელ ჰიპოთეზურ ბმას ინვესტიციებსა და დასაქმებას შორის ძალზე ზედაპირულად ვუყურებთ.

საქართველოს ნაციონალური მოძრაობა შეიძლება ბევრი მიმართულებით ვაკრიტიკოთ, მაგრამ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, ის პოსტსოციალისტურ სივრცეში არსებულ მთავრობებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი იყო. ამაზე ბევრი დაიწერა და ითქვა და ვერც ვერავინ უარყოფს, რომ სწორედ პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის მიზნით: მნიშვნელოვნად შემცირდა საგადასახადო ტვირთი, ადგილი ჰქონდა აგრესიულ პრივატიზაციას, განხორციელდა საბაჟო რეფორმა, გაუქმდა უამრავი ლიცენზია და ნებართვა, მნიშვნელოვნად შემცირდა სხვადასხვა ტიპის რეგულაციები, შეიქმნა თავისუფალი ინდუსტრიული ზონები, ბიზნესის კეთების კუთხით საქართველო იქცა მსოფლიოს ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად. დღეს, საქართველო, საინვესტიციო გარემოს თვალსაზრისით, ერთ-ერთი საუკეთესოა გარდამავალ და განვითარებად ქვეყნებს შორის.

ბევრი რამ გაკეთდა ინვესტორებთან ურთიერთობების მიმართულებითაც. სახელმწიფო ბიუჯეტიდან ძალიან დიდი სახსრები იხარჯებოდა ქვეყნის პოპულარიზაციაზე, სხვადასხვა ტიპის შეხვედრებზე, კონფერენციებზე, პროდუქციის გამოფენებზე, პრეზენტაციებზე, უზარმაზარი რესურსი იხარჯებოდა ტურისტების მოსაზიდად.

საზოგადოებრივი ინვესტიციების მიმართულებითაც ბევრი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. თითქოს ციფრებში გამოხატული შედეგიც შთამბეჭდავია. კერძოდ, 2004-2007 წლებში მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის საშუალო მაჩვენებელი შეადგენდა 10%-ს. 2012 წელს კი 12.3%-ს მიაღწია. საქართველოს ეკონომიკა ამ პერიოდში 35%-ით გაიზარდა. მსოფლიოს ფინანსური კრიზისის და 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის ფონზე, ქვეყანამ შეინარჩუნა 2.3%-იანი ზრდის მაჩვენებელი. 2011 წელს კი ამ მაჩვენებელმა 7%-ს მიაღწია. 2004-დან 2011 წლის მესამე კვარტლის ჩათვლით საქართველოში განხორციელდა 7,8 მილიარდი დოლარის პირდაპირი ინვესტიცია. 2004 წელს – 499,1 მლნ. აშშ დოლარი შემოვიდა, 2005 წელს – 449,8; 2006-ში – 1 190,4; 2007-ში – 2 014,8; 2008-ში – 1 564,0; 2009-ში (წინასწარი მონაცემებით) – 759,1.

ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით, ეს დინამიკა ძალზე შთამბეჭდავია. მხოლოდ ერთი რამ ყოველივე ამას ანეიტრალებს. ოფიციალური მონაცემებით, უმუშევრობა კვლავ 17%-მდეა. რეალურად, ეს მაჩვენებელი ალბათ უფრო მაღალია, მაგრამ მთავარი აქ არის ის, რომ უმუშევრობის დონე უმნიშვნელოდ შემცირდა. ადამიანების უმრავლესობა კვლავ ემიგრანტების შემოწირულობების იმედზეა. ისმის კითხვა – რატომ? ალგორითმი ხომ სწორია? და ამ თავსატეხის ამოსახსნელად, უფრო მეტად ვცდილობთ ჩავუღრმავდეთ ციფრებს, ზოგჯერ მზად ვართ უნდობლობაც გამოვუცხადოთ, თითოეულ დარგში დავიწყოთ ქექვა, ახალი აღმოჩენები ვაკეთოთ და ყველა ჩვენი რეკომენდაცია დავაფუძნოთ იმაზე, რომ მთავრობას უნდა გააკეთებინა „ეს“ და არა „ის“. სიტყვა „უნდა“ ნორმატიული მსჯელობის მანიშნებელია. ჩვენ ყველას გვინდა შევცვალოთ მსოფლიო, მაგრამ არ გვინდა გავიაზროთ მსოფლიო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია. ის, რომ უმუშევრობა 9 წლის განმავლობაში უმნიშვნელოდ შემცირდა, გასაკვირი არაა. რატომ? იმიტომ, რომ თითქოსდა მარტივად გასააზრებელ ჰიპოთეზურ ბმას ინვესტიციებსა და დასაქმებას შორის ძალზე ზედაპირულად ვუყურებთ.

უმრავლესობას აქვს მცირე დანაზოგი, რომელსაც ძირითადად ბანკს ანდობს, რადგან უფრო უსაფრთხო, მოხერხებული და მცირე სარგებლის მომტანიცაა. ბანკი დანაზოგს იმ ბიზნესში მიმართავს, სადაც მოგების მოლოდინი აქვს. ვერც ჩვენ და ვერც ბანკები ვერ ვმართავთ დანაზოგს ისე, რომ ამან ჩვენი ცხოვრების დონე გააუმჯობესოს. ერთი მხრივ, ბანკების მოგება იზრდება, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანების ყოფა არ უმჯობესდება, რატომ? ამის მიზეზია იდეებისა და პროექტების სიმწირე, რის საფუძველზეც შეიქმნება პროდუქტი ან მომსახურება და რომელიც საერთაშორისო ბაზარზე გაიყიდება.

უფრო მარტივად, ინოვაციებს და ახალ ტექნოლოგიებს ვერ ვქმნით და ვერც მის კოპირებას ვახერხებთ. საბჭოთა კავშირმა იმდენად ჩაკეტა ჩვენი აზროვნება, რომ 20 წელია ინერციით ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ გვქონდეს დიპლომი და არა ცოდნა. გვქონდეს კავშირები და არა კრეატიული აზროვნება. გვქონდეს სუბსიდიები და არა კონკურენცია. გვქონდეს მხოლოდ უმაღლესი და არა პროფესიული განათლება. ეს ჩამონათვალი დაუსრულებლად შეიძლება გაგრძელდეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენი პრობლემა განათლებაშია. წარმოიდგინეთ, რომ ხართ ბანკირი. ასევე, დავუშვათ, რომ iPhone ჯერ არ შექმნილა. თქვენთან მოვიდა ადამიანი, რომელმაც გაგაცნოთ ამ პროდუქტის შექმნის გეგმა. რა გადაწყვეტილებას მიიღებთ, როგორც ბანკირი? კვლავ გააგრძელებთ იმპორტირებული საყოფაცხოვრებო ტექნიკის დაფინანსებას? ბუნებრივია, არა. მეტიც, შეეცდებით პროექტის ავტორს გაცილებით შეღავათიანი პირობებით შესთავაზოთ კრედიტი, ვიდრე ამას სამომხმარებლო კრედიტის გაცემის დროს აკეთებთ, რადგან ამ მიმართულებით უამრავი კონკურენტი გამოგიჩნდებათ. დიდი ფიქრი არ უნდა იმას, რომ ამ ტიპის პროდუქტით საერთაშორისო ბაზარზე შესვლას „შორსმჭვრეტელი“ მარკეტინგული სტრატეგიების დასახვა და უზარმაზარი ინვესტიციების დახარჯვა არ სჭირდება და თუ საქართველოს ბანკირები ასე არ მოიქცევიან, ან/და რესურსი არ ეყოფათ, უცხოური ინვესტიციები ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე გაჩნდება.

სწორედ აქ არის ალგორითმის არსი, სწორედ ამ შემთხვევაშია ინვესტიციებსა და დასაქმებას შორის ტოლობის ნიშანი. ძალიან ბევრი ექსპერტის და პოლიტიკოსის შეხედულებებს ვკითხულობ და ვისმენ. შემაშფოთებელი დასკვნები კეთდება. ერთ-ერთი გავრცელებული აზრის მიხედვით, ბანკირებს თურმე ძალიან მაღალი შემოსავალი ჰქონიათ და ცხოვრობენ გაუბედურებული მოსახლეობის ხარჯზე, რომელმაც პურის შოვნის საბაბით კრედიტი აიღო, იპოთეკით ბინა დატვირთა, ვალი ვერ გადაიხადა და ბინა დაკარგა. რომ დამნაშავე მთავრობაა, რომელმაც არასწორად განსაზღვრა საბანკო პოლიტიკა.

პრობლემა ის არის, რომ ჩვენ მზად ვართ დღეს უფრო მეტი დავხარჯოთ, ვიდრე ამის საშუალებას ჩვენი შემოსავალი იძლევა და როდესაც ვდგებით იმ რეალობის წინაშე, რომ მომავალში ვეღარ ვისტუმრებთ იმას, რაც წარსულში გადამეტებულად დავხარჯეთ, სხვებს ვაბრალებთ – ჩვენს ხარჯზე მდიდრდებიანო.

კიდევ ერთი გავრცელებული აზრის მიხედვით, ჩვენ მოხმარებაზე ორიენტირებული ქვეყანა ვყოფილვართ იმიტომ, რომ ბანკები ძირითადად სამომხმარებლო კრედიტებს იძლევიან და წარმოებაში ინვესტიციებს არ დებენ. აქაც დამნაშავე მთავრობაა. პრობლემა კი ის არის, რომ მანამდე, სანამ iPhone-ის ტიპის პროდუქტს არ შევქმნით, ბანკი შეეცდება იმ ბიზნესის დაკრედიტებას, რომელიც ამ ეტაპზე მოგებიანია (მაგალითად, ვესტელის ფირმის მაცივრის იმპორტი) და თუ შევეცდებით საბანკო პოლიტიკის შეცვლას, იმასაც გავანადგურებთ, რაც ბოლო 20 წლის მანძილზე შევქმენით (საბანკო სექტორი).

ჩვენ არ გვაქვს ახალი ტექნოლოგიების შექმნის რესურსი, მაგრამ ვითხოვთ რაც შეიძლება ბევრ უცხოურ ინვესტიციას. ჩვენ ვცდილობთ დავანახოთ მსოფლიოს, რომ კარგი საინვესტიციო გარემო გვაქვს და იაფი რესურსის შეთავაზება შეგვიძლია. საქმე ის არის, რომ დღეს მსოფლიოში 200-მდე ქვეყანაა, სადაც ცხოვრების დონე დაბალია და იაფი რესურსი აქვს. ყველა ეს ქვეყანა ცდილობს უცხოური კაპიტალის მოზიდვას. ინვესტორს დიდი არჩევანი აქვს და ამ მიმართულებით კონკურენციაც ძალზე მაღალია. ამდენად, ინვესტორს მხოლოდ საინვესტიციო გარემოთი ვერ მოხიბლავ და არც იაფი რესურსია საკმარისი პირობა – პროდუქციისა და მომსახურების ბაზარიც შთამბეჭდავი უნდა იყოს და მეზობლებიც შედარებით მდიდრები უნდა იყვნენ.

უკრაინამ რომ ჩვენნაირი მიმზიდველი საინვესტიციო გარემო შექმნას, ცხადია, იაფი რესურსის ასათვისებლად, საქართველო მაინცდამაინც მიმზიდველად არ გამოჩნდება. გარდა ამისა, როგორც წესი, უცხოელ ინვესტორს მოაქვს არა მხოლოდ კაპიტალი, არამედ, ხშირ შემთხვევაში, მოჰყავს დამსაქმებელიც და ამის მიზეზად ასახელებს ადამიანური რესურსების დაბალი კვალიფიკაციის დონეს ქვეყანაში, სადაც ინვესტიციას ახორციელებს. ეს მართლაც ასეა თუ არა, ამაზე მსჯელობა ჩიხში შეგვიყვანს.

იმას, რომ უცხოელ ინვესტორებს მართვის აპარატში, მაღალანაზღაურებადი ინჟინერ-ტექნიკური პერსონალის და ზოგჯერ მუშების თანამდებობებზე თავიანთი ხალხი მოჰყავთ, ადასტურებს ბოლო 9 წლის მანძილზე საქართველოში შემოსულ უცხოურ ინვესტიციებზე დასაქმებულთა სტატისტიკაც. ბევრი ექსპერტი პრობლემას მართლაც ჩვენი შრომითი რესურსების დაბალ კვალიფიკაციაში ხედავს. პრინციპში, წინა ხელისუფლებაც დაეთანხმა ამ მოსაზრებას და გამოსავალი პროფესიული სასწავლებლების ტოტალურ განვითარებაში იპოვა. მე არ ვდავობ ამ საკითხზე, შეიძლება სიმართლის მარცვალი არის იმაში, რომ პროფესიულ უნარ-ჩვევებში კვალიფიკაციის პრობლემაა, მაგრამ ამ შემთხვევაში, უნდა გამოჩნდეს ის ვაკანსიები, რომელსაც უცხოელი ინვესტორი ქმნის და რომელზეც ადგილობრივი დამსაქმებელი სამუშაოს ვერ პოულობს.

ჩემი სუბიექტური აზრია, რომ უცხოელი ინვესტორის სურვილი, სამუშაო ადგილით პირველ რიგში საკუთარი ქვეყნის მოქალაქე დააკმაყოფილოს, უფრო მაღალია, ვიდრე ის, რომ ჩვენთან პროფესიულ დონეზე თითქმის ყველა არაკვალიფიციურია. ეს ბუნებრივიცაა – თუ თქვენ გადაწყვეტთ თურქეთში ინვესტირებას, არ გაგიჩნდებათ სურვილი, რომ თქვენი თანამოქალაქეები დაასაქმოთ? ამდენად, ასეთ ინვესტიციას არა აქვს ტოლობის ნიშანი დასაქმებასთან.

მაშასადამე, პრობლემა ის არ არის, რომ ჩვენ გზების გაყვანა, ტურების დაგეგმვა, მშენებლობა და ა.შ. არ შეგვიძლია, ახალ ტექნოლოგიებს ვერ ვქმნით, კრეატივით, გამომგონებლობით, გაუმჯობესებული მომსახურებით, ახალი პროდუქციით მსოფლიოს ვერ ვაკვირვებთ და მანამდე, სანამ ამას ვერ მოვახერხებთ, ვერ დავსაქმდებით.

რატომ ვერ ვითარდება საქართველოში საფონდო ბირჟა? იმიტომ, რომ ჩვენს დანაზოგებს ეფექტიანად ვერ ვმართავთ. ჩვენ გვიჭირს არა ბიზნესის დაწყება, არამედ იმის გააზრება, თუ რა შევქმნათ და რით მოვხიბლოთ საერთაშორისო ბაზარი. მთავრობისგან უფრო ეფექტიან ქმედებას ვითხოვთ ინვესტიციების მოზიდვის მიმართულებით და მთავრობაც იღებს ამ ვალდებულებას, რადგან წინამორბედი ხელისუფლების მსგავსად, ზედაპირული დამოკიდებულებით სვამს ტოლობის ნიშანს ინვესტიციებსა და დასაქმებას შორის.

ქართული ოცნება ეძებს ნაციონალური მოძრაობის შეცდომებს, ცვლის მიზნის მიღწევის სამოქმედო გეგმას, გამოთქვამს მზადყოფნას, რომ მიზნის მისაღწევად დახარჯოს უფრო მეტი რესურსი. ის კიდევ უფრო შორს მიდის და მიაჩნია, რომ ცალკეული დარგების სუბსიდირებით, საინვესტიციო ფონდების ფორმირებით და სხვა მსგავსი ქმედებით საზოგადოება მოჯადოებული წრიდან გამოსვლას მოახერხებს და საშუალოსტატისტიკური ამომრჩეველიც კმაყოფილია. მაგრამ როდესაც მცდარი გადაწყვეტილებების გამო, გრძელვადიან პერიოდში დღევანდელთან შედარებით უარეს მდგომარეობაში აღმოვჩნდებით, ამომრჩეველი კვლავ მთავრობას დაადანაშაულებს არაეფექტიან ქმედებაში და სხვას აირჩევს. მანამ, სანამ არ გავაცნობიერებთ, რომ პრობლემა არის არა კაპიტალის სიმწირეში, არამედ იმაში, რომ ახალი ტექნოლოგიების შექმნის ცოდნით ბევრად ჩამოვრჩებით ქვეყნებს, სადაც ცხოვრების დონე ჩვენზე მაღალია, ვერასდროს გამოვალთ ამ მოჯადოებული წრიდან.

„20 წელია ინერციით ვაგრძელებთ ბრძოლას იმისთვის, რომ გვქონდეს დიპლომი და არა ცოდნა. გვქონდეს კავშირები და არა კრეატიული აზროვნება. გვქონდეს სუბსიდიები და არა კონკურენცია. გვქონდეს ხარისხი ბიზნესში, ფინანსებში, მენეჯმენტში და არა მათემატიკაში, ფიზიკაში ან ბიოლოგიაში. ეს ჩამონათვალი უსასრულოდ შეიძლება გაგრძელდეს“.

 

კომენტარები