დაკავება

შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნების დაკავება გრძელდება

შსს-ს ყოფილ მაღალჩინოსნებს პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მიღებაში ედებათ ბრალი.

დღეს, 15 ნოემბერს, შსს-ს 9 თანამშრომელი დააკავეს, რომლებსაც ბრალი ედებათ იმაში, რომ მათ გამოიყენეს თანამედროვე ტექნოლოგიები, კომპიუტერული ქსელი, რათა ადამიანების პირადი ცხოვრება, მათ შორის კომერციული და ფინანსური ინფორმაცია გაეტანათ.

"როგორც ჩანს, ეს იყო ჯგუფი, რომელიც ახალ ტექნოლოგიებს იყენებდა იმისთვის, რომ ხელყოფილიყო ადამიანების პირადი ცხოვრება. შსს ახორციელებდა მოსმენებს და ინფორმაციის გატანას", - შსს-ს მაღალჩინოსნების დაკავებაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

ამ დროისთვის ცნობილია, რომ დაკავებულები არიან კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მესამე მთავარი სამმართველოს უფროსი გიორგი ყავლაშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეორე მთავარი სამმართველოს უფროსი ლევან ქარდავა. მათი ადვოკატები, კახა შონია და დავით ხაჟალია აცხადებენ, რომ ისინი ქართუ ჯგუფის კუთვნილი ტვირთის დაზიანებისა და ივანიშვილის დაცვის წევრის - ბესო სურმავას გატაცების საქმეებთან კავშირის გამო არიან დაკავებულები.

რაც შეეხება კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მეოთხე სამმართველოს უფროსის მოადგილე ვასილ ჯამალაშვილს, ის 18 წლისაა და მასაც უკანონო მოსმენებთან კავშირში ამხელენ.

მთავარ პროკურატურაში დღესვე, 15 ნოემბერს, დაკითხვაზე დაიბარეს შს მინისტრის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე ვაჟა ლილუაშვილი. ტელეკომპანია მაესტროს ცნობით, ხიზანიშვილი ამ მომენტისთვის დაკავებულია. თუმცა, ოფიციალური კომენტარი ამ საკითხზე ჯერ არ გაკეთებულა.

 

კომენტარები