საპარლამენტო უმრავლესობა

უმრავლესობის წარმომადგენლები NATO-სთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ

პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების თავმჯდომარეებმა NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სხდომასთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„სამწუხაროა, რომ NATO-ს გენერალური მდივნის, ანდერს ფოგ რასმუსენის განცხადება და რეზოლუციის გაკეთების საფუძველი გახდა არა საქართველოში NATO-ს წარმომადგენლობის, NATO-ს წევრი ქვეყნების დიპლომატიური მისიების ან ავტორიტეტული საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, არამედ, სავარაუდოდ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლების მიერ მიწოდებული დამახინჯებული ინფორმაცია და ცალმხრივი შეფასებები“, - ნათქვამია განცხადებაში.

საპარლამენტო კომიტეტების თავმჯდომარეები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ რეზოლუციაში დაფიქსირდა „დაუსაბუთებელი ბრალდებები“.

„NATO-სა და ევროკავშირში ინტეგრაცია არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის ის ძირითადი მიმართულება, რომელსაც პირველ რიგში, ქართველი ხალხის ნება განაპირობებს, ხოლო საქართველოს მთავრობა და პარლამენტი ამის გარანტია. საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება მოწოდებულია ქვეყანაში საერთაშორისო სამართლის პრინციპებისა და ნორმების, ძლიერი, ფუნქციონირებადი დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ფუნდამენტური პრინციპების დამკვიდრებისკენ“, - აღნიშნულია კომიტეტების თავმჯდომარეების განცხადებაში.

ქართული ოცნების დეპუტატები განცხადებაში აღნიშნავენ, რომ ისინი ქვეყანაში NATO-ს ღირებულებების დამკვიდრებისკენ ისწრაფვიან და არა პოლიტიკური ოპონენტების დევნისკენ, „როგორც ეს რასმუსენს წარმოუჩინეს“.

განცხადებას ხელს აწერენ: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე - თედო ჯაფარიძე, თავდაცვის და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე - ირაკლი სესიაშვილი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე - ვიქტორ დოლიძე.

შეგახსენებთ, NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას, NATO-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა, შეშფოთება გამოხატა საქართველოში არჩევნების შემდეგ განვითარებული მოვლენების შესახებ, რომელიც პოლიტიკური ოპონენტების დაკავებას უკავშირდება.

კომენტარები