აშშ-საქართველოს ურთიერთობები

აშშ-ს ჰელსინკის კომისიამ საქართველოზე იმსჯელა

საქართველოში შექმნილი ვითარება აშშ-ს კონგრესში, ჰელსინკის კომისიის სხდომაზე განიხილეს. როგორც ტელეკომპანია რუსთავი-2 იუწყება, სხდომა მთლიანად საქართველოს საკითხს მიეძღვნა. შეხვედრას სახელმწიფო მდივნის მოადგილე დემოკრატიისა და დამიანის უფლებათა საკითებში ტომას მელია და ამერიკელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

კომისიის თავმჯდომარემ კრის სმიტმა სხდომაზე აღნიშნა, რომ საქართველოს ციხეებში მომხდარ ძალადობაზე მასალების გავრცელების შემდეგ, საქართველოს სასჯელაღსრულების მინისტრი გადადგა და დანაშაულში მხილებული პირები დააპატიმრეს. „მთავრობამ განაცხადა, რომ დასჯის დანაშაულის ყველა მონაწილეს. ჩვენ მივესალმებით ამ ქმედებებს,“ - განაცხადა კონგრესმენმა. ამავე დროს მისი თქმით, გასათვალისწინებელია საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელის გიგა ბოკერიას განცხადებაც იმის თაობაზე, რომ მთავრობამ დაუშვა დიდი შეცდომა, რომ სათანადოდ ვერ შეაფასა სიგნალები ომბუდსმენისგან და სამოქალაქო ჯგუფებისგან პენიტენციურ სისტემაში შექმნილი პრობლემების შესახებ.

როგორც, თავის მხრივ, სახელმწიფო მდივნის მოადგილე ტომას მელიამ აღნიშნა, „პრეზიდენტმა სააკაშვილმა იმოქმედა სწრაფად და სწორი მიმართულებით, როდესაც შეცვალა სასჯელაღსრულების მინისტრი. ახალი მინისტრი კი კარგი რეპუტაციის მქონე სახალხო დამცველი გახდა“. იგი ასევე მიესალმა მი ფაქტს, რომ ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ მომხრეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა. „ვფიქრობ, ორივე მხარემ ამ საქციელით სწორი და საპასუხისმგებლო გადაწყვეტილება მიიღო,“ - აღნიშნა მელიამ.

ექსპერტმა არიელ კოენმა აღნიშნა, „საზარელმა ინფორმაციამ“ ქართულ ციხეებში მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა ადამიანებზე როგორც საქართველოში, ასევე მის გარეთ. „ეს არ უნდა იყოს შეწყნარებული საქართველოსნაირ ქვეყანაში, რომელიც ესწრაფვის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ. თუმცა, ასეთი ძალადობა, სამწუხაროდ, ხდება ყველგან. ჩვენ გვახსოვს აბუ-გრეიბის სკანდალი, ასევე შემთხვევები ალაბამასა და მიჩიგანის ციხეებში დაისეთ ქვეყნებში, როგორც ალბანეთია. იმედის მომცემია, რომ მთავრობამ დადო პირობა გამოძიებისა და სერიოზული რეფორმების თაობაზე. ამაზე ნაკლებს არაფერს უნდა ველოდოთ“, - აღნიშნა ამერიკელმა ექსპერტმა.

ევროპაში თანამშრომლობის და უსაფრთხოების კომისია, რომელიც აშშ-ს ჰელსინკის კომისიის სახელითაც არის ცნობილი, ფედერალური მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტოა, რომლის ფუნქციას ჰელსინკის შეთანხმებების შესრულებაზე მეთვალყურეობა, ასევე ეუთო-ს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ეკონომიკური და სამხედრო თანამშრომლობის წახალისება წარმოადგენს. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ცხრა სენატორი, წარმომადგენელთა პალატის ცხრა, სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვისა და ვაჭრობის სამინისტროების თითო წარმომადგენელი.

 

კომენტარები