აშშ-საქართველოს ურთიერთობები

პარტნიორობის 20 წელი

"პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, შეერთებული შტატები დაუყოვნებლივ მიიღებს ზომებს საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობის დასამყარებლად. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს დამოუკიდებლობა 1991 წლის 25 დეკემბერს აღიარა. ახლახან, საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ გადადგა ნაბიჯი სამოქალაქო წესრიგის აღსადგენად, დაიწყო ეროვნულ შერიგებაზე დიალოგი და დადო პირობა, რომ წელს საპარლამენტო არჩევნებს ჩაატარებს…" - ჯორჯ ბუში - შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი (1989-1993) საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ. 24 მარტი 1992 წელი.

ასე იწყებოდა განცხადება, რომელიც საქართველოსთვის ძალიან მძიმე დროს გაკეთდა – თბილისის ომი ახალი დამთავრებულია; გადატრიალება – მომხდარი; შევარდნაძე სახელმწიფო საბჭოს თავმჯდომარეა, მაგრამ ქვეყანას მთლიანად ვერ აკონტროლებს – დევნილი პრეზიდენტის მომხრეები მას არ აღიარებენ; სამეგრელომ სამოქალაქო დაუმორჩილებლობა გამოაცხადა; ცხინვალის რეგიონში შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს; რამდენიმე თვეში აფხაზეთის ომი დაიწყება; ჯაბა იოსელიანი, თავისი მხედრიონით, “ფორმაშია”;  ამ უკანასკნელის და გვარდიის გარდა, ქვეყანაში ათასი ჯურის სამხედრო ფორმირება – თეთრი არწივი, ორბი, ავაზა… დათარეშობს. 

 წელს 20 წელი შესრულდება მას შემდეგ, რაც შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. მრგვალი თარიღი თეთრ სახლში საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტით აღინიშნა. შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ბარაკ ობამამ გვამცნო, რომ  პრეზიდენტებმა ორ ქვეყანას შორის თავისუფალი ვაჭრობის და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების და გაძლიერების პერსპექტივაზე ისაუბრეს. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას ქვეყნის პროგრესი შეუქო, პასუხისმგებლიანი მოთამაშე უწოდა და თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

საერთაშორისო საზოგადოების და მედიის ყურადღება ძირითადად შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივასა და თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე გამახვილდა. ჩვენი საზოგადოების ხმაურიან ნაწილში კი განხილვის საგანი მხოლოდ ერთი ზედსართავია. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ სიტყვათშეთანხმება – “ძალაუფლების ფორმალური გადაცემა”  – მმართველი პარტიის უპირობო კაპიტულაციის მოთხოვნაა, სხვები პასუხობენ, რომ საუბარი მხოლოდ ფორმალურ, კოსმეტიკურ ცვლილებას შეეხება. 

თარგმანში დაკარგულებს, კარგი იქნება ფროიდის სიტყვები გაახსენდეთ და გაითვალისწინონ, რომ ხანდახან სიგარა, მხოლოდ სიგარაა და უფრო მარტივი ვერსიაც განიხილონ – ამერიკის პრეზიდენტმა ჩვენს ქვეყანას თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები უსურვა, სადაც ამომრჩეველი გადაწყვიტს ვისი ხილვა სურს ხელისუფლებაში.

სამამულო პრესაში გამართული პოლიტიკური ფილოლოგიის ამ წიაღსვლების შემყურეს, ძალაუნებურად, ჩვენი მედიის ისტორიაში ამერიკის პრეზიდენტისათვის დასმული პირველი შეკითხვა გამახსენდა. 1994 წელს, შეერთებული შტატებისა და საქართველოს მეთაურთა პირველი ოფიციალურ შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ქართველმა ჟურნალისტმა იკითხა (სტილი დაცულია): 

“ბატონო პრეზიდენტო, მსურს თქვენი გრძნობის შესახებ გკითხოთ. რას გრძნობთ როდესაც ასეთი სიტყვები გესმით – დიდი მადლობა რომ გვეხმარებით, იმიტომ რომ თქვენი დახმარება დაგვეხმარა არ დავტანჯულიყავით – რას გრძნობთ, როდესაც ასეთი სიტყვები გესმით?” 

კლინტონმა კითხვა ვერ გაიგო და დიპლომატიურად ყურსასმენს დააბრალა. 

გავიდა წლები, მაგრამ ჩვენი ჟურნალისტები ფორმას არ კარგავენ და დღესაც ახერხებენ თავიანთი კვალიფიკაციით უცხოელი რესპონდენტებისა და ქართული აუდიტორიის გაოცებას. 

მანამდე სანამ უსახური ქართული მედია ადგილს ტკეპნის, ქვეყანამ სახე იცვალა. დღეს ბევრი ჩვენგანი ქართული სახელმწიფოს არსებობას თავისთავად მოცემულობად იღებს, მაგრამ ჩვენივე ისტორიის გახსენება საკმარისია იმის გასაცნობიერებლად, რომ დამოუკიდებლობის ოცი წელი მნიშვნელოვანი მიღწევაა და ამაში უდიდესი წვლილი, შეერთებულ შტატებსაც მიუძღვის. 

ვერ ვიტყვით, რომ ოთარ ფაცაცია ან თენგიზ სიგუა, უკეთესი პრემიერები იყვნენ, ვიდრე ნოე რამიშვილი ან ნოე ჟორდანია; ვერც იმას დავიჩემებთ, რომ მურმან ომანიძე და ალექსანდრე ჩიკვაიძე, როგორც დიპლომატები სჯობდნენ ევგენი გეგეჭკორს და აკაკი ჩხენკელს; ისიც ცხადია, რომ ვარდიკო ნადიბაიძე და თენგიზ კიტოვანი, მხედართმთავრული ნიჭით, გიორგი მაზნიაშვილსა და გიორგი კვინიტაძეს არ აღემატებოდნენ. 

უფრო მეტიც, მაშინდელი პრესა და საპარლამენტო დებატები მოწმობს, რომ მეოცე საუკუნის დასაწყისის პოლიტიკური დისკუსია დღევანდელთან შედარებით ერთი თავით მაღლა იდგა. მაგრამ, ამის მიუხედავად, პირველმა რესპუბლიკამ დასავლური ქვეყნების მხარდაჭერა ვერ მოიპოვა და სწორედ ამის გამო, მხოლოდ სამი წელი გაძლო.

მაშინ, შეერთებულ შტატებს საქართველოს დამოუკიდებლობა არ უღიარებია. ამის ერთ-ერთი მიზეზი თავად ნოე ჟორდანიას მთავრობის პოლიტიკა იყო. თბილისში მცხოვრები ამერიკელი კონსული ჩარლზ მოსერი სახელმწიფო დეპარტამენტთან კორესპონდენციაში აღნიშნავდა, რომ მენშევიკური მთავრობის ზოგიერთი წევრი, განსაკუთრებით შრომის მინისტრი გიორგი ერაძე “კაპიტალიზმის და კაპიტალისტური მთავრობის დაუძინებელი მტერი” იყო და იდეოლოგიური მოსაზრებების გამო ამერიკასთან ურთიერთობას გაურბოდა. 

ისიც ირკვევა, რომ საუკუნის დასაწყისში ამერიკის ხელისუფლება, რუსეთის გაღიზიანებას ერიდებოდა. ამიტომ ყურად არ იღო საქართველოში მცხოვრები კონსულის ფელიქს სმითის რეკომენდაცია, ეთანამშრომლა ანტიბოლშევიკურ ძალებთან.  მართლაც, ამერიკამ რუსეთის იმპერიაში შემავალი ქვეყნებიდან მხოლოდ ფინეთი, პოლონეთი და მოგვიანებით სომხეთი აღიარა, დანარჩენი ქვეყნების დამოუკიდებლობის ცნობა კი არ იჩქარა. თუმცა, განსხვავებული მიდგომა აირჩია ავსტრია-უნგრეთის იმპერიის წევრების მიმართ – 1918 წელს, ვუდრო უილსონმა ცნობილი 14 პუნქტი წარმოადგინა, სადაც მხარი დაუჭირა ყველა ამ ქვეყნის თვითგამორკვევას. 

მთავარ ფაქტორად, მაინც შეერთებული შტატების იზოლაციონისტური საგარეო პოლიტიკა უნდა მივიჩნიოთ, რომელიც ქვეყნის დაფუძნების დღიდან წამყვან ტენდენციას წარმოადგენდა. ეს მიდგომა, ნათლად გამოიხატა ჯორჯ ვაშინგტონის გამოსამშვიდობებელ სიტყვაში, სადაც ის ამტკიცებდა, რომ შეერთებულ შტატებს, არაფერი ან ძალიან ცოტა აკავშირებს ევროპასთან. შესაბამისად, უაზრობა იქნებოდა მათთან ხელოვნური ალიანსის შექმნა. პირველი პრეზიდენტი ამერიკის წარმატების ფორმულას უცხო ქვეყნებთან სავაჭრო ურთიერთობების გაღმავებაში ხედავდა. 

აღსანიშნავია, რომ ანალოგიურად მსჯელობდა ილია ჭავჭავაძეც, 1889 წელს გამოქვეყნებულ წერილში “ევროპის მილიტარობა და ამერიკის მერმისი”, ის ევროპას მაღალი სამხედრო ხარჯების გამო აკრიტიკებდა და მიიჩნევდა, რომ ამ პირობებში გარდაუვალი იყო ამერიკის ჰეგემონია, რომელმაც ვაჭრობაზე, მრეწველობაზე და ერთაშორის მშვიდობაზე დამყარებული პოლიტიკა არჩია. 

მე-19 საუკუნის ლიბერალების მიდგომა რაციონალურად გამოიყურებოდა – ოღონდ მე-19 საუკუნეში! თვითმფრინავის გამოგონებამ ამ ლოგიკას საფუძველი გამოაცალა. 1941 წლის 7 დეკემბერს იაპონიის მიერ ამერიკული საზღვაო ბაზის, პერლ ჰარბორის დაბომბვამ შეერთებულ შტატებს კარგა ხნით ააღებინა ხელი იზოლაციონისტურ მიდრეკილებებზე. ამერიკა იძულებული გახდა აქტიური საგარეო პოლიტიკა ეწარმოებინა, რისი შედეგიც ყველამ ვიხილეთ – ბერლინის კედელი დაინგრა, საბჭოთა კავშირი დაიშალა, აღმოსავლეთ ევროპა გათავისუფლდა.

ეგზოტიკურად დაიწყო შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობა 1990-იან წლებში – “მაგან თავი ხომ არაფერს მიარტყა” (”This guy better get his head examined”), დაახლოებით ასე ჟღერს ქართულად ის წინადადება, რაც უფროს ჯორჯ ბუშს აღმოხდა CNN-ის კორესპონდენტთან საუბრისას, როდესაც შეიტყო, რომ 1991 წლის აგვისტოს პუტჩს, გამსახურდია გორბაჩოვს აბრალებდა, იხსენებს ამერიკელი მწერალი და ჟურნალისტი თომას გოლცი თავის წიგნში “საქართველოს დღიური – პოლიტიკური ქაოსისა და ომის ქრონიკა პოსტსაბჭოთა კავკასიაში”. 

მაგრამ ბუშისა და გამსახურდიას “დაპირისპირება” ამით არ დაწყებულა – 1991 წლის 1 აგვისტოს ჯორჯ ბუში უფროსი უკრაინას ეწვია და უზენაესი საბჭოს სესიას მიმართა სიტყვით, რომლის გამოც შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტი ცნობილმა ჟურნალისტმა, პულიცერის პრემიის ლაურეატმა უილიამ საფაირმა კიევურ დედალს შეადარა. უკრაინელ დეპუტატებთან საუბრისას უფროსმა ბუშმა განაცხადა, რომ დამოუკიდებლობის მოსურნე რესპუბლიკების ლიდერებს ამერიკის მხარდაჭერის იმედი არ უნდა ჰქონოდათ და საბჭოთა კავშირში დემოკრატიის დაბადების მნიშვნელობაზე ისაუბრა. 

ამის პასუხად, გაზეთ საქართველოს რესპუბლიკაში 9 აგვისტოს გამოქვეყნდა გამსახურდიას მთავრობის წერილი, რომელიც გმობდა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკურ კურსს – “იმპერიის მიერ დაპყრობილ ყველა სახელმწიფოს უნდა მიეცეს სრული თავისუფლება არჩევანის გაკეთებაში… ბატონი ბუში საბჭოთა კავშირის მიერ დაპყრობილი ერების ბრძოლას თავისუფლებისა და თვითგამორკვევისთვის ნაციონალიზმის სახიფათო გამოვლინებას უწოდებს. ჩვენ ვისურვებდით, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტი და მთავრობა მხარს უჭერდნენ არა კომუნიზმს, ტირანიასა და მოჩვენებით რეფორმებს, არამედ ჭეშმარიტ დემოკრატიას. ერთა თავისუფლებას და დემოკრატიას. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში დარჩება ამერიკის შეერთებული შტატები თავისი ისტორიული მისიის ერთგული” .

რთულია წერილის ავტორს არ დაეთანხმო, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ამ ნაბიჯით პოსტსაბჭოთა საქართველოს ლიდერმა დასავლეთი კიდევ უფრო გაიუცხოვა – “გლასნოსტისა” და “პერესტროიკის” შემოქმედი “გორბის” კრიტიკა პოლიტიკურ წრეებში კარგ ტონად არ ითვლებოდა. ამერიკის პრეზიდენტმა ქართველ კოლეგას დინების საწინააღმდეგოდ მოცურავე უწოდა. გამსახურდიამ ბუში “არ დაინდო” და უპასუხა, რომ დინებას მხოლოდ “მკვდარი თევზები” მიყვებიან.  

მიუხედავად იმისა, როგორ შევაფასებთ გამსახურდიას მთავრობის პოლიტიკას, ცხადია, რომ მთავარი ფაქტორი, რამაც მაშინ საბჭოთა რესპუბლიკებისადმი ამერიკის დამოკიდებულება განსაზღვრა, ამ შემთხვევაშიც, არა ახალი დამოუკიდებელი ქვეყნების მეთაურთა ქცევა, არამედ თავად შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკა იყო. უფროს ბუშს, საუკუნის დასაწყისის ამერიკელი ლიდერების მსგავსად, სჯეროდა, რომ “გარდაქმნილი” საბჭოთა კავშირის ერთიანობა ამერიკის ინტერესებში შედიოდა.  

1991 წლის 25 დეკემბერს საბჭოთა კავშირი ოფიციალურად დაიშალა. პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების დამოუკიდებლობის საერთაშორისო აღიარება გარდაუვალ აუცილებლობად იქცა. 

ზვიად გამსახურდიას შეერთებული შტატების ცნობამ პარლამენტის ბუნკერში მოუსწრო. 5 იანვარს, არჩეულ პრეზიდენტს ქვეყნის დატოვება მოუხდა. ქაოსში გახვეულ, ჯაბა იოსელიანისა და თენგიზ კიტოვანის ანაბარა დარჩენილ საქართველოს მარტში ედუარდ შევარდნაძე ჩაუდგა სათავეში. 

საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრის რეპუტაციამ საქართველოსადმი ამერიკის ინტერესი გამოაცოცხლა – ქვეყანას შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი ეწვია. მაგრამ არსებითად არაფერი შეცვლილა – 1992 წელს სოხუმის დაცემის წინ, შევარდნაძე ამაოდ სთხოვდა საერთაშორისო თანამეგობრობას არ დაეშვათ “საზარელი დანაშაული”, “შეეჩერებინათ პატარა ქვეყნის დასჯა” და ეხსნათ “მისი ხალხი” რუსეთის იმპერიული პოლიტიკისგან. ელცინის რუსეთთან ომში, ის მარტო აღმოჩნდა. შეერთებული შტატები კომუნიზმის დამარცხებით გამოწვეულ ეიფორიას მისცემოდა, თვლიდა, რომ რუსეთის ახლო სამეზობლოში ჩარევით, ყოფილი იმპერიის თავმოყვარეობას შელახავდა და ამ ქვეყანაში რეაქციული ძალების გაძლიერებას შეუწყობდა ხელს. 

ამერიკის საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტები მეოცე საუკუნის ბოლოს, საუკუნის დასაწყისის ასოციაციებს აღძრავს, მაგრამ იმავდროულად თვალსაჩინოა მნიშვნელოვანი განსხვავება – პოსტსაბჭოთა საქართველოს შეერთებულ შტატებთან ჰქონდა ინტენსიური დიპლომატიური ურთიერთობა, იღებდა უზარმაზარ, პრაქტიკულად უპირობო, ჰუმანიტარულ და ტექნიკურ დახმარებას, დაიწყო ბაქო-ჯეიჰანის მილსადენის პროექტი და, რაც მთავარია, შედგა ეუთოს სტამბოლის სამიტი, სადაც, სწორედ ამერიკის მეცადინეობით, რუსეთი იძულებული გახდა საქართველოდან (და მოლდოვიდან) ჯარების გაყვანის ვალდებულება აეღო.  

გარდამტეხი მომენტი, შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობაში 11 სექტემბრის შემდეგ დადგა. პერლ ჰარბორის მსგავსად, მსოფლიო სავაჭრო ცენტრზე თავდასხმამ ამერიკას უბიძგა უფრო ინტერვენციონისტური საგარეო პოლიტიკური კურსი აეღო – უმცროსმა ბუშმა ტერორის წინააღმდეგ გლობალური ომი წამოიწყო. 

ტრაგედიიდან რამდენიმე კვირაში, ედუარდ შევარდნაძე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეერთებული შტატების პრეზიდენტს შეხვდა და ანტიტერორისტულ კამპანიაში ჩართვის სურვილი გამოთქვა. რამდენიმე თვეში ბუშმა საქართველოში 150 სამხედრო ინსტრუქტორის ჩამოსვლის შესახებ გვამცნო, რომელთაც ქართველი სამხედროები, პანკისის ხეობაში სახელმწიფო კონტროლის დასამყარებლად უნდა მოემზადებინა. ასე დაიწყო ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი სამხედრო თანამშრომლობა. თუმცა მალევე გაირკვა, რომ შეუმდგარი სახელმწიფო საიმედო პარტნიორი ვერ გახდებოდა, ხოლო უპირობო ფინანსური დახმარება, ქვეყანას წინ ვერ წასწევდა. 

საქმე ისაა, რომ ყოფილ ცეკას მდივანს მკაფიო და თანმიმდევრული არც საგარეო პოლიტიკა გაუტარებია და არც საშინაო. სახელმწიფო დეპარტამენტი, წლიდან წლამდე აღწერდა უამრავ პრობლემას, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე იდგა – ენდემური კორუფცია, განუვითარებელი ეკონომიკა, მოშლილი ინსტიტუტები, უხეშად დარღვეული ძირითადი უფლებები. 

იმავე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, მსოფლიო ბანკსა და საერთაშორისო სავალუტო ფონდში სტუმრად მყოფი შევარდნაძე მკვეთრად გააკრიტიკეს ყოვლისმომცველი კორუფციის გამო. რამდენიმე თვეში მსოფლიო ბანკმა საქართველოსთვის გამოყოფილი დახმარება 20 პროცენტით შეამცირა. მიზეზად რეფორმების ტემპით უკმაყოფილება დასახელდა. 

მსოფლიო ბანკს შეერთებულმა შტატებმაც მიბაძა – 2003 წლის 1 ოქტომბერს ამერიკის მთავრობამ საქართველოს დახმარება მკვეთრად შეუმცირა. მიზეზი ამ შემთხვევაშიც რეფორმების ნაკლებობა იყო. აშშ-ის ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, საქართველო, რომელიც შეერთებული შტატების ფინანსური დახმარების ერთ სულ მოსახლეზე მოცულობით, ისრაელის შემდეგ, მეორე ადგილზე იყო, პროგრესის კუთხით ერთ-ერთ ყველაზე უარეს შედეგს აჩვენებდა. 

შევარდნაძის პოლიტიკით გამოწვეული ფრუსტრაცია იზრდებოდა როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ. 2003 წლის ნოემბერში ხელისუფლებისა და საზოგადოების გაუცხოებამ პიკს მიაღწია – ყველაფერი ვარდების რევოლუციით დამთავრდა. 

ის, რომ 23 ნოემბერს შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები თვისობრივად ახალ ეტაპზე გადავიდა, პრეზიდენტების ბოლო შეხვედრამაც დაადასტურა – ბარაკ ობამამ ბრიფინგის დასაწყისში საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავთან ერთად, ვარდების რევოლუციიდან გასული 8 წელიწადი გამორჩეულად აღნიშნა.  

სიმბოლურია, რომ იმავე ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში მიხეილ სააკაშვილი მსოფლიო ბანკს ეწვია. განსხვავებით მისი წინამორბედისგან, საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს უმსხვილეს ფინანსურ ორგანიზაციაში კომპლიმენტებით შეხვდნენ. წიგნი, რომლის პრეზენტაციასაც ჩვენი ქვეყნის მეთაური დაეწრო, საქართველოში გატარებულ ანტიკორუფციულ რეფორმებს უპრეცედენტოს და სამაგალითოს უწოდებს. 

ბუნებრივია, სრულფასოვან წარმატებამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა, რამდენად სწრაფად გაივლის საქართველო ამ გზას, არა მხოლოდ მასზე, არამედ მის უმნიშვნელოვანეს მოკავშირეზეც არის დამოკიდებული. როგორც შეერთებულ შტატებს, ისე ჩვენს ქვეყანას წელს არჩევნები ელის. ორი სახელმწიფოს თანამშრომლობის ბედს არჩევნების შედეგი განსაზღვრავს. 

კომენტარები