სსრკ ისტორია

რამდენიმე ეპიზოდი ნასალდათარის ცხოვრებიდან

სარფიანი გარიგება

_ ზემდეგთან მოლაპარაკებული ვარ, _ ჩამჩურჩულა დავითმა, _ ჩვენთან ერთად აბანოში ახალწვეულებს მოიყვანენ. მთელი მათი ტანსაცმელი ოციოდე ფუთაში მოგროვდება. მანქანა აბანოსთან, შიდა ეზოში დაგველოდება. შენ და ალიაშვილი ტანსაცმლით სავსე ფუთებს ჩაიტანთ და მანქანაში ჩატვირთავთ. დანარჩენი მე ვიცი. მანქანას გავყვები და ყველაფერს მოვაგვარებ. ტანსაცმელი სომხურ უბანში უნდა გავასუხარო. ზემდეგი თავისას მიიღებს, ჩვენ ჩვენსას.

_ ზემდეგმა თუ ჩაგვიშვა, ჰაუპტვახტი არ აგვცდება, "დისბატსაც" არ გამოვრიცხავ, _ შეეშინდა ალიაშვილს.

_ გამორიცხულია! ჩემთან დროდადრო ბოზები დაჰყავს, იმ პატარა ხუხულაში, მე რომ ვცხოვრობ, სასროლო მოედანთან. ერთად ვსვამთ და ვერთობით... გამორიცხულია.

_ შენთვის მოჰყავს ნაშა? _ გაკვირვებისგან პირი ღია დამრჩა.

_ ჩემთვისაც! კარგად ვიცნობ. ეგ ფულისთვის სულს მიჰყიდის ეშმაკს. გამორიცხულია, რომ ჩაგვიშვას, სუფთა გარიგებაა. საღამოს 6 საათზე დაგელოდებით აზიზბეკოვის შვიდში, რაიას სახლში. დივიზიიდან ნახევარი კილომეტრია, ზუსტად იქიდან, გამონგრეული კედლიდან რომ ვიპარებით ხოლმე "სამავოლკაში".

აბანოში ახალწვეულები შემორეკეს. ბლომად იყვნენ. დავითი ზემდეგთან იდგა. ჩვენ უკვე მოვასწარით ბანაობა. დავითი ახალწვეულთა სამოქალაქო ტანსაცმელს იბარებდა და ჯვალოს მოზრდილ ფუთებში ტენიდა. სავსე, თავმოკრული ტომრები მე და ალიაშვილს ქვევით, კიბეზე ჩაგვქონდა და ეზოში მდგარი მანქანის ძარაზე ვაწყობდით. საქმეს სწრაფად მოვრჩით, ორმოც წუთში ყველაფერი მზად იყო. დავითი მიუჯდა გვერდით მძღოლს და დაძრულ მანქანას, ეზოდან რომ ქუჩის მიმართულებით ღმუილით გადიოდა, შიშნარევი მზერა გავაყოლეთ. ზემდეგი და მეკუჭნავე ახალწვეულებს საცვლებს, სამხედრო ტანსაცმელს, ჩექმებს, ფეხსახვევებს და ქუდებს ურიგებდნენ. ყაზარმაში წასვლამდე ათიოდე წუთი კიდევ რჩებოდა. მე და ალიაშვილი აბანოდან დავითესეთ. უახლოეს გასტრონომში ორი ბოთლი, ეგრეთ წოდებული, "ალშარაფი" ვიყიდეთ, რომელიღაც სადარბაზოში შევძვერით და თითო ბოთლი ელვის სისწრაფით ჩავიცალეთ მუცლებში. აბანოსთან რომ დავბრუნდით, ჯარისკაცები უკვე თავიანთ ადგილებს იკავებდნენ მანქანაზე. ახალწვეულებს, სამხედრო ფორმა რომ პირველად მოარგეს, ცალკე აგროვებდნენ. როცა ჩვენი მანქანების კოლონა დაიძრა ერთბაშად გადაყლურწულმა ღვინომ თავისი ძველი სიმღერა დაიწყო სისხლში დაბალ ხმაზე, იმდენად დაბალ ხმაზე, რომ მხოლოდ მე მესმოდა და ალბათ კიდევ ალიაშვილს, გვერდით რომ მეჯდა და თვალებგაშტერებული მისჩერებოდა ერთ წერტილს, რომელიც ამ ქალაქში, ამ სივრცეში კი არ იყო, არამედ სადღაც სხვაგან, თუნდაც ჩაბრუნებული მზერის სიღრმეში, რომელსაც ამჟამად სხვა ვერავინ ამჩნევდა. მეჟიროვი და კოსტენკო არაყს ბოთლიდან სვამდნენ და სერჟანტი საიფერტი ისე უზრუნველად გაჰყურებდა სივრცეს, თითქოს ვერაფერს ამჩნევდა. კარგად რომ მომეკიდა ღვინო, მერეღა მივხვდი, რომ სხვებიც, გარდა შუააზიელებისა, არაყს პირდაპირ ბოთლიდან სვამდნენ. `მთვრალი~ ხომალდი~, ანუ ჩვენი მანქანა, ვიდრე ყაზარმას მიუახლოვდებოდა, მე და ალიაშვილმა დაფნის ფოთოლი გავღეჭეთ. მთავარია, უფროსობას არ გაეგო, რომ გადავკარით, სხვაფრივ არაფერი გვიშავდა. თუ გაიგებდნენ, ჰაუპტვახტი არ აგვცდებოდა. იქ შებრუნება კი ნამდვილად არ მინდოდა.

შუააზიელები ღვინოს და არაყს არასოდეს ეტანებოდნენ. რამდენჯერმე შევნიშნე, რომ აბანოდან ადრიანად გამოსულები განჯელი აზერბაიჯანელისგან საძერწივით დაგორგლილ, მორუხო-მომწვანო ფერის, პრიალა ქაღალდში გახვეულ ბურთულებს ყიდულობდნენ. მოგვიანებით ვალოდია ჯაყელისგან გავიგე, რომ "პლანი" იყო. კიროვაბადში, ანუ განჯაში, ძალზე იაფი ღირდა, ბაში _ ათი შაური. ჩემი თვალით ვნახე, ვალოდია მოფარებულ ადგილას ჩაცუცქდებოდა, თამბაქოს ოსტატურად გამოყრიდა ხელისგულზე, გულდასმით დაფშვნიდა, დაგორგლილი "პლანის" მცირე ნაწილს ჩამოფშვნიდა და თამბაქოში ურევდა. მერე თითების და ხელისგულის ზედმიწევნით გაწაფული მოძრაობით თანდათან, მოთმინებით, პლანგარეულ თამბაქოს ცარიელ პაპიროსში ტენიდა. საქმეს რომ მორჩებოდა, შეკეთებულ პაპიროსს პირში გაირჭობდა, მოუკიდებდა და ღრმა ნაფაზს დაარტყამდა ისე, რომ შესუნთქული კვამლის თუ ჰაერის ტალღა თუ ორივე ერთად, ქარისმაგვარ ხმას გამოსცემდა, რომელიც პაპიროსიდან ფილტვებამდე გრძელდებოდა, ბოლოს კი ნელ-ნელა, უხმოდ უშვებდა გარეთ. ვალოდია ჯაყელი, ვაჟა ვადაჭკორია და ერთი ტანდაბალი ჩეჩენი თავისუფალ დროს ამ საქმით იყვნენ დაკავებულნი და შუააზიელებთანაც საერთო ენას ადვილად პოულობდნენ. ჩვენი დივიზიონი ოთხ ნაწილად იყო დაყოფილი: ღვინისტები, არყისტები, პლანისტები და სხვები, რომლებიც წესიერ და ფხიზელ სამსახურს ამჯობინებდნენ. ჩამშვებები ამ წესიერ ხალხში იყვნენ ჩამალულები.

თუმცა, პირველი სამი კატეგორიის ხალხი მკვეთრად არ იყო ერთმანეთისგან გამიჯნული და ღვინოსაც, არაყსაც და "პლანსაც", იმის მიხედვით, თუ როდის რა გააჩნდათ, სიამოვნებით ეტანებოდნენ. კვირადღე იყო და დივიზიის რადიოში მთელი ხმით გაკიოდნენ რუსის ქალები:

"ვი სლუჟიტე, ა მი ვას პადაჟდიომ!"

ეს სიმღერა გულს მირევდა, მეტადრე მას შემდეგ, რაც კოსტენკოს შეყვარებული გაუთხოვდა. თვითონვე მოსწერა წერილი და საქორწინო სურათებიც გამოუგზავნა, _ ერთ-ერთ სურათზე ნეფე-პატარძალი კოცნის დროს იყო აღბეჭდილი. კოსტენკო ახალმა ცნობამ შოკში ჩააგდო და კინაღამ ვენები გადაიჭრა. მთელი თვე დადიოდა დაბოღმილი, დანა პირს არ უხსნიდა. უფროსობამ ეს ამბავი იცოდა და საგუშაგოზე კარგა ხანს არ უშვებდნენ, იმის შიშით, თავი არ მოიკლასო. თანდათან კოსტენკო შეეგუა ბედს, ყოფილი სატრფოს სურათები ურნაში დაწვა და "სამავოლკაში" სიარული გაახშირა.

დანიშნულ დროს მე და ალიაშვილმა აქეთ-იქით თვალის ცეცებით, კატისებრი ფრთხილი ნაბიჯებით გავიარეთ დივიზიის სამხრეთით მიყრუებული ეზო. მივადექით საზიზღარი ფერით შეღებილ გალავანს, რომელიც იმავე ადგილას იყო გამონგრეული, რომელსაც თითქმის კვირაში ერთხელ ამოაშენებდნენ, ამოავსებდნენ ხოლმე და იმავე საღამოს უჩინარი ხელი თუ ხელები ისევ ანგრევდნენ. გამონგრეულ გალავანში ეგრევე გასვლა არ შეიძლებოდა. თავი ფრთხილად უნდა გაგეყო და გალავნის იქითა მხარე კარგად დაგეთვალიერებინა. თუ პატრულს მოჰკრავდი თვალს, ისევ უკან შეძვრებოდი და შარს ვერავინ მოგდებდა. შეიძლება საუბარიც გამართულიყო შენსა და პატრულს შორის _ ისინი დივიზიის გარეთ იმყოფებოდნენ, შენ _ დივიზიის ტერიტორიაზე. ვერავინ დაგიმტკიცებდა, რომ  "სამავოლკაში" აპირებდი გაპარვას. ბოლო დროს პატრულებიც გაეშმაკდნენ, შორიახლოს, ჩიხებში, მოსახვევებში, ბუჩქებში ემალებოდნენ მსხვერპლს. ქუჩაში მოთამაშე ბავშვები, რომელთა ერთი ნაწილი, თუ არ ვცდები, ყოფილი ჯარისკაცების ნაშიერი იყო, ხელით გვანიშნებდნენ _ საიდან იყო საფრთხე მოსალოდნელი და ჩვენც საპირისპირო მხარეს ვდურთავდით თავს. ყოფილა ისეთი შემთხვევაც, როცა პატრულს გადავეყრებოდით, გავიქცეოდით და რიგითი პატრულები ფეხს ითრევდნენ, თავს ძალას არ ატანდნენ, მთელი ძალ-ღონით რომ ერბინათ. ოფიცრებსაც ეზარებოდათ სირბილი, მაგრამ ზოგჯერ წესდების უერთგულეს, ფხიზელ და ნამდვილ საბჭოთა პატრულებს რომ გადავაწყდებოდით, უკანმოუხედავად მოვკურცხლავდით უკანვე, ანუ იქვე შესაძრომად, საიდანაც გამოვძვერით. მთავარია, პატრული ჩვენი ნაწილიდან არ ყოფილიყო და სახეზე არ ვეცნეთ. ამ გაქცევა-გამოქცევაში სულ ის კინოფილმი მახსენდება _ "თუ არ დაიჭირე, ქურდი არ არის."

ამჟამად მშვიდობიანად მივაღწიეთ აზიზბეკოვის ქუჩაზე მდგარ ერთ აჩონჩხილ შენობას. შევაბიჯეთ ეზოში, რომელშიც უცნობი ტიპები, მოქალაქეები, ქალები და კაცები, მოხუცები, მეზობლები განუწყვეტლივ შედიოდნენ. ეზოს სიღრმეში მდგარი ფარდულის წინ დავითი იჯდა ხის დაბალ სკამზე და აბანოდან წამოღებულ ახალწვეულთა ტანსაცმელს ყიდდა. ფუთები თითქმის დაცარიელებული იყო. დავითი მოქექავდა გამონაცვალებს, ხელში აფრიალებდა და ჩაილაპარაკებდა: პიჯაკი ხუთი მანეთი! მყიდველები შეევაჭრებოდნენ. ხანმოკლე ვაჭრობის მერე გაყიდდა, ფულს მარცხენა ჯიბეში ჩაიჩურთავდა, მარჯვენა ჯიბე კი უკვე გამოტენილი ჰქონდა. დავითს გვერდით ჩაპუტკუნებული, ქერათმიანი, თეძოგანიერი, ჯიშიანი ქალბატონი ედგა, ვაჭრობაში აქტიურად ეხმარებოდა. ჩვენდა გასაკვირად, მოგვიანებით შევიტყვეთ, დავითს ჩემი და ალიაშვილის ზომის ხალათები, შარვლები, პიჯაკები, ფეხსაცმელები ცალკე გადაეწყო, ცხადია, საკუთარი თავიც არ დავიწყებოდა და რაიას, ასე ერქვა დავითის მეგობარ ქალბატონს, ქალიშვილობის ჩემოდანში გადაენახა. უკანასკნელი შარვლები და ხალათები რომ გაყიდა სამ მანეთად, ფული უკვე გიმნასტურის ჯიბეში შეინახა.

_ აღარაფერი დარჩა გასაყიდი, ამ ტილიანებმა საცვლებიც კი ათ-ათ შაურად იყიდეს. ვაი, ამათ პატრონს! _ ჩემოდანი გაგვიხსნა დავითმა და ჩვენ-ჩვენი ტანსაცმელი გვაჩვენა მე და ალიაშვილს, დავითის სამოსელი რაიას უკვე შეენახა ძველ, კარმორყეულ კარადაში.

_ აწი თავისუფლად ვივლით ქალაქში, შაბათ-კვირას მაინც, არც პატრულის შეგვეშინდება და არც ოფიცრების. სახეზეც რომ მიცნოს, ატკაზს დავარტყამ. წავიდეს და მიმტკიცოს, მაგაზე ადრე დავბრუნდები სასროლ მოედანზე, შემოვლითი გზები აგერ არ არის?! _ ტანსაცმლის გორიდან ორიოდე გამოხვრეტილი წინდა, წვირიანი, გადაქექილი ყელსახვევი და მამაკაცის რამდენიმე დაჭმუჭნილი ტრუსიღა დარჩა. ესენი უფასოდ უბოძა დავითმა რაიას "ხაზეიკას", სადღაც გადამალული, თითქმის ახალი ბუშლატიც გადაულოცა. სომეხი "ხაზეიკა" ძველი ფრანგივით "მერსი, მერსიო", გაიძახოდა.

_ ფრანგი ხარ? _ გაეცინა დავითს.

_ ნეტ, არმიანკა!

_ აბა, ფრანგულად რატომ ლაპარაკობ? _ სიცილით გააგრძელა დავითმა და ქართულად ჩაილაპარაკა, _ შენ უკბინე ხანოს, საცა მოეფხანოს.

"ხაზეიკის" "ჩტო, ჩტოს", დავითის "ნიჩევო" მოჰყვა.

რაიამ შინ შეგვიპატიჟა. იატაკი ყოველი გადაბიჯებისას აკვანივით ირწეოდა, კედლებიდან ალაგ-ალაგ ბათქაში იყო ჩამოცვენილი და ზოგან ზედ მისრესილი ბაღლინჯოს გაყავისფრებული კვალი ჩანდა. მაგიდასთან დავსხედით. დავითმა შარვლის მარჯვენა ჯიბეზე დაიდო ხელი და გამოაცხადა: _ რაც აქ ფულია _ ზემდეგს, დანარჩენ ჯიბეებში კი რაც არის, _ ჩვენ. _ მერე რაიას გასძახა, _ ამ ბიჭების საცოლეები სად არიან, როდის მოვლენ?! დღეს კაი ქორწილი უნდა გავაჩაღოთ.

რაია წავიდა. ის იყო, დავითმა ფულის დათვლა დაამთავრა, რომ ოთახში რაიასთან ერთად ორი ტურფა გამოჩნდა. ერთს არა უშავდა, მეორე უარესი იყო. საქმეს უცებ ავუღე ალღო და "არაუშავრას" დავეთომარე. დიდხანს შებმა არ დამჭირვებია, მეორე ოთახში გავიყვანე თუ არა, ტუჩებში ისე ჩამაფრინდა, რომ სუნთქვა შემეკრა. დავითი შემოგვივარდა, დაიცათ, დაიცათ, ჯერ ვიქორწინოთ და მერეო. დავითს ფული ჩეჩქივით, არ ვიცი რამდენი, მაგრამ ბლომად ჰქონდა. "ხაზეიკის" ბიჭი რესტორანში გაგზავნეს ზუთხის მწვადების მოსატანად, ჩემი "არაუშავრა" კატია და ალიაშვილის "უარესი" ტანია გასტრონომში წავიდნენ. სამივე დავითმა დააფინანსა. ერთ საათში ზღაპრული სუფრა გაიშალა: არაყი, "ალშარაფი", შამპანური, ლიქიორი, ზუთხის მწვადები, ყველი, კიტრის მწნილი და ა.შ. რა გინდა, სულო და გულო, იქ რომ არ ყოფილიყო. მაგრამ ამ სუფრაზეც, როგორც ნებისმიერ ჯარისკაცურ სუფრაზე, სასმელი ბევრად სჭარბობდა დასაყოლებელს. უკვე მეშვიდე ჭიქას ვცლიდით, რომ რაიამ სასწრაფოდ შეავსო სასმისები და თვალზე ცრემლმომდგარმა და ხმაში ხრინწგარეულმა _ "ზა ნაშიხ დეტეიო" _ შემოგვთავაზა. ჩვენ, სასიძოებს, შვილები ჯერ არ გვყავდა, საპატარძლოებს, როგორც გაირკვა, არ მახსოვს _ თითო თუ ორ-ორი უკვე მოესწროთ. რაიამ გადაკრა თუ არა არაყი, ალიაშვილის "უარესმა" ტურფამ რიხიანად გააგრძელა:

_ ი ზა იხ ატცოვ! _ თქვა და გადაუშვა.

ეჭვი მეპარება, ამ ქალებს ზუსტად სცოდნოდათ ჩემთვის გაურკვეველი რაოდენობის შვილების სავარაუდო მამები ან მათი რიცხვი. ქალები ჩვენზე თხუთმეტ-თექვსმეტი წლით უფროსები იყვნენ და ოცდათექვსმეტ-ოცდაჩვიდმეტი წლის მანდილოსნები ლამის ბებრები მეგონა და ხასიათი გამიფუჭდა. ჯერ უცნაური სიბრალული ვიგრძენი იმ მრავალგზის იმედგაცრუებული დედაკაცების გამო, რომლებიც დროებითი ქორწინების სუფრას მერამდენედ უსხდნენ, არავინ იცის. იმის განცდამ, რომ მეც ერთ-ერთი, მომავალი მამა უნდა გავმხდარიყავი ან, უკეთეს შემთხვევაში, მამინაცვალი, მაინც ძლიერ დამაღონა. თუმცა ერთმანეთში არეულმა ღვინომ, არაყმა და შამპანურმა თავისი გაიტანა და სუფრა თანდათან დაემსგავსა ნამდვილი და ხანგრძლივი ორგიის დასაწყისს, რომელიც იმით დამთავრდა, რომ რაიას დაქირავებული, ეზოს კუთხეში მდგარი, შიფერით გადახურული ფარღალალა ფარდული შუაღამემდე ისე ირწეოდა, როგორც ნავი უკიდეგანო ბნელ ზღვაში, სადაც ერთადერთი სინათლე, ახალგაზრდულ ძარღვებში რომ თავს იყრიდა, დროდადრო გარეთ აღწევდა და იმავე ამოუვსებელ, უძირო სიბნელეში იკარგებოდა.

შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო, როცა წყურვილმა და რაღაც გამოუცნობმა ხმაურმა გამაღვიძა. ჩუმად წამოვდექი, სკამზე გადაკიდებული შარვალის ჯიბიდან ასანთი ამოვაცოცე, რომ რაღაც ტირილი, წკმუტუნი თუ მოგუდული ქვითინი შემომესმა. ასანთი გავკარი, რამეს რომ არ დავჯახებოდი, სხვები არ გამეღვიძებინა და კარისაკენ ფრთხილი ნაბიჯით გავემართე. მივაყურადე, კარის ღრიჭედან აშკარად მომესმა ბავშვის ტირილი:

_ "მამა, მამა, მამოჩკა!" _ მოთქვამდა ბავშვი. კარი გავაღე, შვიდიოდე წლის ბიჭი ფიცრის კართან ატუზულიყო და ცრემლებს აღვარღვარებდა. თავზე ხელი გადავუსვი და ვკითხე:

_ "რა ჰქვია დედაშენს?" _ "არაუშავრას" სახელი მითხრა. ბავშვი სახლში შევიყვანე, დედამისი გავაღვიძე: შვილმა მოგაკითხა-თქო. "არაუშავრა" საწოლიდან წამოიჭრა, გაოცება ვერ დამალა, ბავშვი გულში ჩაიკრა და მოეფერა, დაუყვავა, მერე მოაყოლა: აბა, ახლა, როგორც მოხვედი, ისე წადი სახლში, მე საქმე მაქვს "დიადიასთანო". ბავშვი გაჯიუტდა, გული უფრო ამოუჯდა. "არაუშავრა" კიდევ უფრო გაბრაზდა, ბავშვს ხელი ჩაავლო და ეზოში გაიყვანა, მე წაგიყვანო. ბავშვმა: ოღონდ აღარ დამტოვოო! დედამ: როგორ თუ არ დაგტოვო, დაიძინე და დილას მოვალო. ბავშვმა: მეშინიაო, სიზმარში ურჩხული მესიზმრა, ჩემს ოთახში ფანჯარაში შემოვიდა და კინაღამ გადამყლაპაო. მაშინ, მეც შენთან ერთად დავრჩებიო. როგორ თუ დარჩებიო, გაბრაზდა "არაუშავრა". ცოტა ხანი კიბეზე დამელოდე და ახლავე გამოვალო. ბავშვი გარეთ დატოვა და კარი შიგნიდან გადარაზა, ოთახში შემოვიდა და თავი იმართლა: უცნაური თაობა წამოვიდა, მხოლოდ თავის სიამოვნებაზე ფიქრობენ. ახლა იქ, კიბეზე იჯდება და დამელოდება, ხმას არ ამოიღებს. ეს ხომ პირველად არაა, ყოველთვის ასე იქცევა. ეს თქვა და მომეტმასნა, ცხელი მკერდით მომესრისა, ყურადღებას ნუ მიაქცევ, ხელს არ შეგვიშლისო. ალიაშვილის ნაამბობი გამახსენდა, სიმთვრალეში რომ წამოსცდა: ათი წლის ვიყავი, როცა მთვრალმა მამაჩემმა დედაჩემი ძალით იხმარა, ქალი მთელი ხმით ტიროდა, მომეშვი, შე პირუტყვო, მომეშვიო. მე მეღვიძა, მესმოდა დედაჩემის ქვითინი, მაგრამ დახმარება ვერ გავბედე, რადგან მაშინ არ ვიცოდი, რა ხდებოდაო. როცა წამოვიზარდე, მამაჩემი შემძულდა, ვცდილობდი დამევიწყებინა, მაგრამ ვერ დავივიწყე, ის ღამე გველის ნაკბენივით დამამახსოვრდაო.

"არაუშავრა" მოვიცილე, სკამზე გადაკიდებული სამხედრო ტანსაცმელი წამოვკრიფე და ჩაცმას შევუდექი. "ტი ჩტო, უხოდიშ?!" _ თუთიყუშივით იმეორებდა პირგამეხებული ქალი, _ "პადაჟდი, პოლჩასიკა პადაჟდი, ნიჩევო ნი ბუდეტ!" სასწრაფოდ ჩაცმაში გაწაფულმა კიდევ უფრო სწრაფად ჩავიცვი, არყით სანახევროდ სავსე ჭიქა ბოთლიდან ბოლომდე გავავსე, ღრმად ამოვისუნთქე და გადავკარი. სული რომ მოვითქვი: ბავშვს მიხედე-მეთქი, "სუჩკა!", შევუღრინე ტურფას და გარეთ გავედი. ბავშვს თავზე ხელი გადავუსვი, მოვეფერე და დივიზიის გამონგრეული კედლისაკენ გავწიე აჩქარებული ნაბიჯით.

 

კომენტარები