რევიუ

„სიყვარულის ბალადა”

ფილმის „სიყვარულის ბალადა” პრემიერაზე მისულს, Night Show Studio-ს ერთ-ერთმა სცენარისტმა მითხრა, ირაკლი კაკაბაძის ნამუშევარში ცუდი მხოლოდ ფილმის ტრეილერი, პოსტერი და სათაური არისო. ჩემდა გასახარად, ის თითქმის მართალი აღმოჩნდა.

Night Show Studio ყველა დროის ყველაზე პოპულარული სერიალის, „შუა ქალაქში”, შემქმნელია, ამავე სატელევიზიო შოუს მიხედვით გადაღებული საშინელი მხატვრული ფილმიც სწორედ მათი შემოქმედებაა. „სიყვარულის ბალადა” ფილმის გადაღების მეორე მცდელობა იყო, ხოლო ირაკლი კაკაბაძისთვის რეჟისორული დებიუტი.

„სიყვარულის ბალადა” სამი მეგობარი ბიჭის ისტორიას მოგვითხრობს. გიორგის (კახა კინწურაშვილი) ბავშვობაში უყვარდა ქეთა (რუსკა მაყაშვილი), რომელიც უცხოეთიდან ათწლიანი პაუზის შემდეგ ბრუნდება და გიორგი აღმოაჩენს, რომ ბავშვობის სიყვარული არ მომკვდარა. გიორგის ქეთას დაბრუნებაში ორი განუყრელი მეგობარი – სანდრო (გიორგი ვარდოსანიძე) და თემო (ბაჩო ქაჯაია) ეხმარება. სანდრო ნარცისია, თავი უნიჭიერესი მსახიობი და ქალთა გულთამპყრობელი ჰგონია. თემოს სასიყვარულო ურთიერთობებში არ უმართლებს, სამაგიეროდ, უზომოდ უყვარს ჭამა. სამ მეგობარს ქეთას გულის მოგებაში ზურა (ნოდარ გურგენაშვილი) ეხმარება, რომელიც ფილმის ყველაზე სასაცილო და ქარიზმატული პერსონაჟია.

ფილმის საწყისი 10-15 წუთი თანამედროვე ქართული ფილმების „საუკეთესო ტრადიციებშია” გადაღებული. სხვადასხვა კომპანიების დაუსრულებელი რეკლამები, ყველაზე კარგ შემთხვევაში, მათ პროდუქციას შეგაზიზღებთ. სამწუხაროდ, სწორი ფროდაქთ ფლეისმენთი ქართული კინოსთვის ისევ მიუღწეველ ოცნებად რჩება. საწყისი „სარეკლამო ჭრის” შემდეგ „სიყვარულის ბალადა” ნელ-ნელა გითრევს სიუჟეტში და ბოლო წამამდე, სახალისო და კარგ კომედიად რჩება. ირაკლი კაკაბაძემ და სცენარისტებმა გააკეთეს ის, რასაც წლების განმავლობაში ველოდებოდით. გადაიღეს უბრალო, უპრეტენზიო რომანტიკული კომედია, ბანალური, მაგრამ ჟანრისთვის აუცილებელი სასაცილო სიუჟეტით.

ნამუშევრის სიუჟეტის დიდი ნაწილი კახეთში (ყვარლის ტბაზე, სიღნაღში) ვითარდება. სწორედ იქ აწყობენ მეგობრები სხვადასხვა გეგმას, ქეთას გრძნობების გასაღვიძებლად. მათი მთავარი მეტოქე ხომ გოგონაზე შეყვარებული მისი უცხოელი კოლეგაა – არქეოლოგი. სანდრო, თემო და ზურა ცდილობენ ხელოვნური რომანტიკული სიტუაციები შექმნან, რომელიც უმეტესად კრახით და მაყურებლის სიცილით სრულდება. გამართულმა დიალოგებმა, მსახიობების თამაშმა, დიდწილად განაპირობა ბუნებრიობის შეგრძნება, რომელიც ფილმის ყურებისას ჩნდება.

რამდენადაც კარგია ფილმის სიუჟეტი, იმდენად ცუდია ნამუშევრის ტექნიკური მხარე. საუბარი არ არის იმაზე, რომ „სიყვარულის ბალადა” მაღალი დონის მობილურის (მაგრამ მაინც მობილურის) კამერით გადაღებული გამოსახულების ხარისხით „გამოირჩევა”, ქართულმა კინომ ამას თითქმის მიგვაჩვია. გასასამართლებელი საბუთიც არსებობს – დაბალი ბიუჯეტი. ფილმში აუდიომონტაჟი საშინელთან მიახლოებულია, ხმა ხანდახან მკვეთრია, ეპიზოდებში – პირიქით. ნამუშევარი ვიზუალურადაც დასანანია. ეკრანზე უეცრად ფერები ისე იცვლება, რჩება შთაბეჭდილება, რომ 2011 წელს გადაღებულ მხატვრულ ფილმს კი არა, 1996 წლის ქორწილის ჩანაწერს უყურებთ.

ფილმი ტექნიკურად სუსტია, ფროდაქთ ფლეისმენთი საშინლადაა გაკეთებული, მაგრამ მაინც, „სიყვარულის ბალადა” ბოლო წლების საუკეთესო რომანტიკული კომედიაა. ის ხომ ზუსტად იმას აკეთებს, რაც მოეთხოვება – 90 წუთი მაყურებელს დროს სასიამოვნოდ ატარებინებს.

 

კომენტარები