საფეხბურთო ნაკრები

შოთა და ბომბარდირები

შოთა არველაძე
შოთა არველაძე
 შოთა არველაძე საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირია – ქვეყნის პირველ გუნდში 61 მატჩში 26 გოლი გაიტანა.

ის ნაკრების ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ექვს სხვადასხვა საკვალიფიკაციო ტურნირში გამოიჩინა თავი და ასევე ერთადერთი, ვინც ეროვნულში ჰეთ-თრიქი შეასრულა: 1997 წელს, თბილისში სომხებთან 7:0 მოგებულ შეხვედრაში გაიტანა 3 გოლი, 2006 წელს კი ფარერის კუნძულებზე, მასპინძლების 6:0 ძლევისას.

მაგრამ მიუხედავად ამ 26 გოლისა, ის ყველა დროის საუკეთესო სანაკრებო ბომბარდირთა ორმოცდაათეულშიც ვერ ხვდება – სიას თითქმის ოთხჯერ მეტი ბურთით – 109 გოლი – ირანელი ალი დაეი ლიდერობს.
ფეხბურთელმა, რომელიც თავის დროზე მიუნხენის ბაიერნშიც ითამაშა, 109 ბურთი 149 სანაკრებო მატჩში გაიტანა.

დაეიმდე რჩეულ გოლეადორთა სიას რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ლეგენდარული უნგრელი თავდამსხმელი ფერენც პუშკაში ლიდერობდა: 1945-1956 წლებში მან უნგრეთის დიდი გუნდის მაისურით 85 მატჩში 84 გოლი შეაგდო!

ბიმბო პუშკაშის შედეგი გაცილებით შთამბეჭდავი იქნებოდა, ფეხბურთელს სამშობლო რომ არ დაეტოვებინა – ბუდაპეშტში საბჭოთა კავშირის ჯარების შეჭრის შემდეგ – 1956 წელს – ბომბარდირი ესპანეთში გადაბარგდა, 1961-1962 წლებში იქაურ ნაკრებში ოთხჯერ ითამაშა, თუმცა გოლი ვერ გაიტანა.

ალი დაეიმ პუშკაშს 2003 წლის 28 ნოემბერს გაასწრო – აზიის თასის საკვალიფიკაციო მატჩში ლიბანს 85-ე სანაკრებო გოლი გაუტანა. თითქმის ერთი წლის შემდეგ, 2004 წლის 17 ნოემბერს კი ირანელი გახდა პირველი, ვისაც ნაკრებში ასზე მეტი ბურთი დაუგროვდა – ლაოსთან პოკერი (ერთ მატჩში 4 გოლი) შეასრულა, მისი მეორე გოლი კი საიუბილეო, მე-100 გამოდგა!
და პელე?

დავიდ ვილია
ედსონ არანტეს დუ ნასიმენტუ სიაში მესამეა – ფეხბურთის ისტორიის და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციის მონაცემებზე დაყრდნობით, ფიფამ დაადგინა, რომ ბრაზილიელმა ნაკრებში 77 გოლი შეაგდო.
ცნობილია, რომ ფეხბურთის მეფემ კარიერაში გამართულ 1363 მატჩში 1280 გოლი გაიტანა. ბევრს მიაჩნდა, რომ ყველა დროის სანაკრებო ბომბარდირიც ის იყო – არაერთი გამოცემა ბრაზილიელი სტატისტიკოსების მონაცემებს აქვეყნებდა და პელეს სელესაოში ასზე მეტ გოლს მიაწერდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ თანამემამულე მკვლევრები მეფეს იმ გოლებსაც უთვლიდნენ, რომლებიც მან ნაკრებში თამაშისას კლუბებს ამხანაგურ შეხვედრებში გაუტანა. ცხადია, ასეთი გოლები ბომბარდირთა კლუბის წევრებს აქტივში ვერ ჩაეთვლებოდათ...

დღეისათვის ნაკრებში 50 და მეტი გოლი 35 მოთამაშეს გაუტანია. მათ შორის ყველაზე მეტი ბრაზილიელი და უნგრელია: 4-4.

ბრაზილიელთაგან პელეს გარდა ამ სიაში არიან მსოფლიო ჩემპიონატების საუკეთესო ბომბარდირი რონალდო, რომარიო და 80-იანი წლების ტელე სანტანას ულამაზესი გუნდის ლიდერი ზიკო. რაც შეეხება უნგრელებს, პუშკაშს მხარს უმშვენებენ შანდორ კოჩიში, იმრე შლოსერი და ლაიოშ ტიხი.

უცნაურია, მაგრამ ფაქტია: სიაში ევროპის მხოლოდ და მხოლოდ ცხრა ქვეყანაა წარმოდგენილი, რომელთაგან ერთი – გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა – უკვე აღარც არსებობს. 50 და მეტი გოლის გატანა მხოლოდ უნგრეთის, გერმანიის, ჩეხეთის, გდრ-ის, დანიის, ირლანდიის, თურქეთის, საფრანგეთის და ესპანეთის ნაკრების ფორვარდებმა შეძლეს.

რაც შეეხება ფეხბურთის სამშობლოს, ინგლისს სანაკრებო ბომბარდირთა კლუბში კიდევ კარგა ხანს არ ეყოლება წარმომადგენელი: მოქმედ მოთამაშეთა შორის ყველაზე მეტი გოლი ქვეყნის პირველ გუნდში მაიკლ ოუენს გაუტანია – 40, თუმცა გუნდის იტალიელი თავკაცი ფაბიო კაპელო კარგა ხანია მას აღარ სწყალობს. რაც შეეხება უეინ რუნის, ოუენის შემდეგ ის მეორეა, მაგრამ „მხოლოდ” 28 გოლით. ამ შედეგით არათუ სანაკრებო ბომბარდირთა კლუბამდე, ინგლისის ნაკრების რეკორდამდეც კი (ბობი ჩარლტონის 49 გოლი) ძალიან შორია.

ინგლისელებზე უარესი მდგომარეობაა იტალიის ნაკრებში: ფიფას თასის ოთხგზის მომგები სკუადრა აძურას საუკეთესო გოლეადორი 35 გოლით ლუიჯი რივაა. მან კარიერა 1974 წელს დაასრულა, მათ შორის კი, ვინც დღესაც აგორებს ბურთს, საუკეთესოა ალესანდრო დელ პიერო – 27 ზუსტი დარტყმა და ფილიპო ინძაგი – 25 გოლი. პირველი 36 წლისაა, მეორე – 38. ამით ყველაფერია ნათქვამი.

გერდ მიულერი
თითქმის იგივე მდგომარეობაა ჰოლანდიის ნაკრებშიც: ნარინჯისფერთა ბომბარდირი ფეხბურთიდან 2004 წელს წასული პატრიკ კლუივერტია – 40 გოლი, მოქმედთა შორის კი კლაას იან ჰუნტელაარი ლიდერობს 30 ბურთით.

რაც შეეხება მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ესპანეთის ნაკრებს, ფურია როხას ფეხბურთელი მხოლოდ ახლახან გამოჩნდა სიაში – 11 ოქტომბერს, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ესპანელებმა 3:1 სძლიეს შოტლანდიელებს, დავიდ ვილიამ კი 54-ე წუთზე თავის 50-ე სანაკრებო გოლი შეაგდო.  

კლუბში, რომელსაც პირობითად „50 გოლი ნაკრებში” შეგვიძლია ვუწოდოთ, მხოლოდ და მხოლოდ 3 მოთამაშეა, რომელმაც იმაზე მეტი გოლი გაიტანა, ვიდრე ითამაშა.

ამ მხრივ პირველ ადგილზე უნგრელი შანდორ კოჩიშია: მსოფლიოს 1954 წლის ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანმა ფეხბურთელმა ნაკრებში 68 მატჩში 75 გოლი შეაგდო!

მეორეა ლეგენდარული გერდ მიულერი: ბუნდესნაკრების რეკორდსმენმა 68 გოლი 62 თამაშში გაიტანა. ის ერთადერთი ევროპელია, რომელმაც ბომბარდირის ტიტული მსოფლიო ჩემპიონატზეც მოიგო (1970 – 10 გოლი) და ევროპის პირველობაზეც (1972 – 4 გოლი). ფიფას ოქროს თასის გათამაშებაში გატანილი 14 გოლით გერდ მიულერი ათწლეულების განმავლობაში ტურნირის ბომბარდირი იყო, თუმცა 2006 წელს რონალდომ გადაასწრო.

რაც შეეხება დანიელ პოულ ტისტ ნილსენს, ის 1910-1925 წლებში თამაშობდა ნაკრებში და სწორედ მაშინ მოახერხა 38 მატჩში 52 გოლის გატანა. საგულისხმოა, რომ ამ 52 გოლიდან სკანდინავიელმა 26 ნორვეგიის, 15 კი შვედეთის ნაკრებს გაუტანა. 1916 წლის ივნისში, მეზობელ შვედეთთან 10:0 მოგებულ მატჩში მან 6 ბურთი შეაგდო!

თუ ამ მონაცემებს პროცენტებზე გადავიანგარიშებთ, ყველა დროის საუკეთესო სანაკრებო გოლეადორი სწორედ პოულ ტისტ ნილსენი იქნება თამაშში საშუალოდ 1,37 გოლით. რაც შეეხება 109 გოლის გამტან ალი
დაეის, ასეთ შემთხვევაში 0,73-ით ის მხოლოდ მეათე ადგილზე აღმოჩნდება... 
 
 

კომენტარები