ხამენეი აჰმადინეჟადის წინააღმდეგ

ირანული დუელი ძალაუფლებისთვის

უკანასკნელ ხანებში, ირანული დუელი ძალაუფლების მოსაპოვებლად, სულ უფრო აშკარა ხდება. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი და სასულიერო წრეები უპირისპირდებიან. თავის დროზე კლერიკალთა მხარდაჭერით ხელისუფლებაში მოსული მაჰმუდ აჰმადინეჟადი, მათთვის სულ უფრო მიუღებელი ფიგურა ხდება. მისი და ირანის უზენაესი ლიდერის, აიათოლა ხამენეის ინტერესები ერთმანეთს ეჯახება. 

სასულიერო წრეები აჰმადინეჟადის გარემოცვას „დევიანტურ დინებას” უწოდებენ და ხელისუფლებისგან ჩამოშორებას მოითხოვენ. კლერიკალთა უმთავრეს სამიზნეს ირანის პრეზიდენტის უახლოესი თანამოაზრე და ადმინისტრაციის უფროსი, ესფანდიარ მაშაი წარმოადგენს. მის პოლიტიკურ მხარდამჭერებს იჭერენ, მაშაის კი სასულიერო რეჟიმის წინააღმდეგ ფარულ ბრძოლაში, 1,64 მილიარდი ფუნტი სტერლინგის უკანონოდ მითვისებასა და ჯადოქრობაში სდებენ ბრალს. 

ირანში ძალაუფლების ორი ტრადიციული წყარო ჯარი და ნავთობია. 1979 წელს აიათოლა ხომეინის ბრძანებით შექმნილი ისლამური რევოლუციის დამცველთა არმია სულიერი ლიდერების უმთავრეს დასაყრდენს წარმოადგენს. მის დაქვემდებარებაში შედის მოხალისე ახალგაზრდებისგან შემდგარი სამხედრო ორგანიზაცია ბასიჯი, რომელიც ძირითადად მორალური პოლიციის ფუნქციას ასრულებს. სამხედრო ძალებში ქვეყნის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის გავლენა უზარმაზარია, მაღალ თანამდებობებზე პირების დანიშვნას იგი უშუალოდ განაგებს. 
„ჯარისკაცის ერთი წვეთი სისხლი ნავთობის ერთი წვეთის ტოლფასია” – ჟორჟ კლემანსოს ეს გამოთქმა ირანის დღევანდელ მდგომარეობას კარგად ერგება. ქვეყნის უმდიდრეს და არანაკლებ გავლენიან ორგანიზაციას წარმოადგენს ნაციონალური ირანული ნავთობის კომპანია, რომელსაც მთავრობა და ნავთობის სამინისტრო აკონტროლებს. მაისის დასაწყისში პრეზიდენტმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამინისტრო გააერთიანა, ხოლო ნავთობის მინისტრის პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე გადაიბარა. ამ გადაწყვეტილებამ ირანის პოლიტიკურ სისტემაში დიდი ძვრები გამოიწვია. აიათოლა ხამენეის გავლენის ქვეშ მყოფი კონსტიტუციის დამცველთა საბჭო და პარლამენტი მას უშედეგოდ შეეწინააღმდეგნენ.

უთანხმოება, მცირე ხნის წინ, სირიაში ამბოხებასთან დაკავშირებით, კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა. თავდაპირველად, ირანი სრულ თანადგომას უცხადებდა ახლო აღმოსავლეთში ფაქტობრივად ერთადერთი მოკავშირე ქვეყნის დესპოტ მმართველს – ბაშარ ალ-ასადს. გასულ თვეებში გავრცელდა ხმები სირიაში ირანული საჯარისო შენაერთის, ქუდსის ბრიგადის, გაგზავნის შესახებაც. სექტემბრის დასაწყისში, პრეზიდენტმა აჰმადინეჟადმა, სირიის მთავრობას თავის მოქალაქეთა მიმართ სისასტიკის შეწყვეტისკენ მოუწოდა და მოულოდნელად ადამიანის უფლებების დაცვაზე ალაპარაკდა. სირიაში არსებული რეჟიმის დაცემა ირანული სასულიერო წრეებისთვის უმძიმესი დარტყმა აღმოჩნდება. დაიკარგება მონათესავე შიიტური ტოტალიტარული წყობა სუნიტებით გაბატონებულ რეგიონში, გარდა ამისა, საფუძვლიანად შეირყევა მათი ავტორიტეტი და გავლენა. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის, ლეონ პანეტას განცხადებით, არაბული გაზაფხული ადრე თუ გვიან ირანზეც გავრცელდება.

ძალაუფლებისთვის ბრძოლა ირანში პარადოქსულ ფორმას იღებს. აიათოლა ხამენეის, გავლენის მიუხედავად, არ შეუძლია პრეზიდენტ აჰმადინეჟადთან ღია კონფრონტაციაზე წასვლა. ამით საკუთარი მდგომარეობის დისკრედიტაციას მოახდენს. ორი წლის წინ საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებული მასობრივი გამოსვლების დროს, ხამენეიმ დღევანდელ დევიანტს ერთსულოვნად დაუჭირა მხარი და ამით ორივეს ძალაუფლება შეინარჩუნა. დღეს აჰმადინეჟადის სრული მარგინალიზება უმთავრეს რეფორმისტულ ძალას, მწვანე მოძრაობას გააძლიერებს, რომელიც მაშინ არჩევნების შედეგების და ხამენეის წინააღმდეგ გამოდიოდა. ამ მოძრაობის ლიდერები, მირ-ჰოსეინ მუსავი და მეჰდი ქარუბი, უკვე რამდენიმე თვეა შინაპატიმრობაში იმყოფებიან და 2013 წლის არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ. აჰმადინეჟადის ბანაკის მხრიდან მომავალ არჩევნებზე სავარაუდო კანდიდატად, ხსენებულ ესფანდიარ მაშაის ასახელებენ. სასულიერო წრეებში მხცოვანი აიათოლა ხამენეის კიბოსთან ბრძოლაზე გავრცელებული ინფორმაციის ფონზე, მის მემკვიდრეზე ალაპარაკდნენ. აქ საგრძნობი უპირატესობა აიათოლას შვილს და ბასიჯის ხელმძღვანელს, მოჯთაბა ხამენეის გააჩნია. ერთი სიტყვით, ძალაუფლებისთვის დუელს ირანში ბოლო არ უჩანს, ხმაური და მძვინვარება ჯერ კიდევ წინაა. 
 

კომენტარები