ქალის ტვირთი 21-ე საუკუნეში

ქართულ საზოგადოებაში, ის ქცევის წესები, რომელსაც ქალებისგან თუ მამაკაცებისგან მოელიან, მათ სოციალურ სქესს მჭიდროდ უკავშირდება. ერთი შეხედვით, მოლოდინებს შორის არსებული სხვაობა ნათელია. დამოკიდებულებების შესახებ ჩატარებულ კვლევები ცხადყოფს, რომ მოსახლეობის უმეტესობის აზრით, ოჯახში შემომტანი მამაკაცი უნდა იყოს, ხოლო ქალის უპირველესი მოვალეობა ბავშვის აღზრდაა. ქალთა მიმართ დისკრიმინაციის შემთხვევებს ჯერ კიდევ ვხვდებით. ოჯახის ქონება უმეტესწილად მამრობითი სქესის წარმომადგენელთა საკუთრებაშია. „ცუდი ქცევისთვის” – ალკოჰოლის დალევის, სიგარეტის მოწევისა და ქორწინებამდე პარტნიორთან სექსუალური ურთიერთობის ქონის გამო, მათ ნაკლებად კიცხავენ. მამაკაცებთან შედარებით, ქალების ეკონომიკური სტატუსიც დაბალია.

უმეტესწილად ამ ფაქტს ბევრი ქალბატონი ღიად არ ეწინააღმდეგება. თუმცა, იმავე კვლევების მიხედვით, არსებული დამოკიდებულებები უფრო კომპლექსური და საინტერესოა: გამოკითხვისას მდედრობითი სქესის რესპონდენტები არც სამსახურში აყვანისას მამაკაცების წახალისებას ეთანხმებიან და ხშირ შემთხვევაში, ოჯახის ფინანსურ მდგომარეობასაც თავად განსაზღვრავენ.

ამ მხრივ საყურადღებოა USAID-სა და კავკასიის კვლევითი ცენტრის უკანასკნელი კვლევები; მოსახლეობის უმეტესობა თამბაქოს მოხმარებასა და ალკოჰოლური სასმელის დალევას ქალისათვის შეუფერებელ ქცევად მიიჩნევს. 80%-სთვის, ნებისმიერ ასაკში, ქალის ოჯახისგან განცალკევებით ცხოვრება და ქორწინებამდე პარტნიორთან სექსუალური ურთიერთობა დაუშვებელია. მხოლოდ ერთი პროცენტი ფიქრობს, რომ ოჯახში გადაწყვეტილებას ქალი უნდა იღებდეს. უმეტესობა მიიჩნევს, რომ აუცილებელია, ოჯახს ფინანსურად მამაკაცი უზრუნველყოფდეს, განსხვავებული მიდგომა რესპონდენტთა მხოლოდ 2%-ს აქვს. კვლევის მიხედვით, საქართველოში მსგავსი ხედვა უმეტესად თბილისის გარეთ მცხოვრებ, ხანშიშესულ მოქალაქეებს აქვთ. აღსანიშნავია, რომ დამოკიდებულებები მამაკაცებსა და ქალებში თითქმის ერთნაირია.

მიუხედავად, ერთი შეხედვით, კონსერვატორული მიდგომებისა, იმავე კვლევის მიხედვით, რეალობა განსხვავებულია. მოსახლეობის მცირე ნაწილი თუ იზიარებს მოსაზრებას, რომ სამსახურის შოვნისას პრიორიტეტი მამაკაცს უნდა მიენიჭოს ან უმაღლესი განათლება მამაკაცებს ქალებზე მეტად სჭირდებათ (23%). მოსახლეობის 60%-სთვის ქალი-უფროსი სრულიად მისაღებია. ხშირ შემთხვევაში კი ოჯახს ფინანსურად სწორედ ქალები უზრუნველყოფენ: გარდამავალ პერიოდში, მათი სქესისთვის „შესაფერისი სამსახურის” სიმცირის გამო, მამაკაცებს დაბალი სტატუსის სამსახურის პოვნა მოუწიათ, რაც ბევრისთვის სტრესისა და ფრუსტრირების მიზეზი გახდა. ოჯახის მარჩენალის ფუნქცია ქალებმა იტვირთეს – ამ უკანასკნელთათვის, სოციალურად, ნებისმიერი ტიპის სამსახურის პოვნა და ოჯახის მხარდაჭერა უფრო გამართლებული იყო. მიუხედავად ამისა, უმეტესწილად, ქალების ეკონომიკური სტატუსი მამაკაცებზე დაბალი გახლავთ, რადგან, უმრავლეს შემთხვევებში, ნაკლებანაზღაურებიან თანამდებობებს იკავებენ – იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მათი განათლება არ ჩამოუვარდება საპირისპირო სქესისას. შესაბამისად, ქალებს მამაკაცების შემოსავლის 57% აქვთ.

USAID-ის კვლევის მიხედვით, სამუშაო ძალის 53%-ს მამაკაცები შეადგენენ. მათი დაახლოებით 73% ეკონომიკურად აქტიურია. ქალების მხოლოდ 55%-ია დასაქმებული. ქალების დასაქმების მაღალი მაჩვენებელი – 80-85% – განათლებისა და ჯანდაცვის სექტორში აღინიშნება. მამაკაცები უმეტესად სამშენებლო, ენერგეტიკულ და კომუნიკაციების სექტორში არიან დასაქმებულნი. მსოფლიო ბანკის მონაცემებით, კერძო სექტორში მამაკაცებს ქალებზე 84%-ით მეტი შემოსავალი აქვთ, საჯარო სექტორში კი – 88%-ით მეტი.

ლიბერალები მიზეზად სქესთა შორის დისკრიმინაციას ასახელებენ. კონსერვატორები ამტკიცებენ, რომ ამას ქალების მიდგომა იწვევს. მათ არ სურთ, შვილების აღზრდაზე მეტი დრო და ენერგია სამსახურს დაახარჯონ – შესაბამისად, ისეთ სამუშაოს ეძებენ, სადაც ნახევარ განაკვეთზე ყოფნას შეძლებენ, ან შედარებით მსუბუქი საქმე ექნებათ. მაგალითად, სკოლის მასწავლებელთა 80% ქალია. ეს პრობლემა განვითარებულ ქვეყნებშიც დგას. საფრანგეთში 1954 წლიდან ქალი მასწავლებლების რაოდენობა 65%-დან 82%-მდე გაიზარდა. გამოკითხულ ქალ მასწავლებელთა უმეტესობა, სკოლაში მუშაობის მიზეზად, სწორედ სამსახურისა და ოჯახური მოვალეობების შეთავსების საჭიროებას ასახელებს.

კომენტარები