ათენი ეკონომიკურ პოლიტიკას კიდევ უფრო ამკაცრებს

საბერძნეთის ხელისუფლება ცდილობს საერთაშორისო კრედიტორებთან შეთანხმებულ ვადებში გააუმჯობესოს ბიუჯეტის მაჩვენებელი, რათა 110 მილიარდი ევროს დახმარების მორიგი ტრანში მიიღოს. ამიტომ, მთავრობამ გადაწყვიტა კიდევ უფრო გაამკაცროს ეკონომიკური პოლიტიკა - უძრავ ქონებაზე გაზარდოს გადასახადი და ათობით ათასი საჯარო მოსამსახურე გაათავისუფლოს სამსახურიდან. ”ქამრების მოჭერის” პოლიტიკის ფარგლებში ხელისუფლებამ გადაწყვიტა 1200 ევრომდე პენსიები 20%-ით შეამციროს, ასევე შეუმციროს დახმარებები ყოფილ სახელმწიფო მოხელეებს, რომლებიც სამსახურიდან 55 წლის ასაკამდე გათავისუფლდნენ. გარდა ამისა,  წელს მთავრობა 30 ათას სახელმწიფო მოხელეს რეზერვში გადაიყვანს და მათ ხელფასებს 40%-ით შეამცირებს. „ამ გადაწყვეტილებებმა ბაზრებსა და ჩვენს პარტნიორებს უნდა აჩვენოს, რომ საბერძნეთს სურს და შეუძლია შეასრულოს მასზე დაკისრებული ვალდებულებები და ევროზონისა და ევროკავშირის შიდა ელემენტად დარჩეს” - განაცხადა საბერძნეთის მთავრობის წარმომადგენელმა ილიას მოსიალოსმა. გამკაცრებული ეკონომიკური პოლიტიკის ფონზე გავლენიანი პროფკავშირები ტრანსპორტის თანამშრომლებს აერთიანებენ და პროტესტის ნიშნად გაფიცვის მოწყობას გეგმავენ.

კომენტარები