
ფოტო: ფოტო: REUTERS
ერდოღანის თქმით, ისრაელი საერთაშორისო წყლებში განხორციელებული რეიდით საერთაშორისო სამართალს არღვევს – შესაბამისად, მისი პირველი პირები სასამართლოსთვის გადაცემას იმსახურებენ. ამავე ნორმებით, უცხო სახელმწიფოში თვითნებური შეჭრის გამო, თავად თურქეთი ლახავს იმ პრინციპებს, რომელსაც საერთაშორისო სამართალი ეფუძნება. ერდოღანი თავისივე ლოგიკის მიხედვით სისხლის სამართლის ტრიბუნალის პოტენციური სამიზნე გამოდის. ანკარა, ჩრდილოეთ ერაყის სოფლების დაბომბვით, შესაძლოა, თავად ქმნიდეს „სახელმწიფო ტერორიზმის” პრეცედენტს.
თურქეთის პრემიერის მიერ ისრაელის ქმედებათა კრიტიკამ, არაბულ სამყაროში საგრძნობი მხარდაჭერა მოიპოვა. ამან საფუძველი შეუქმნა ერდოღანის კამპანიას – წარმოეჩინა ისლამის და დემოკრატიის თურქული შერწყმა, როგორც მისაბაძი მოდელი თავისუფლებისა და მოდერნიზაციისთვის მებრძოლი არაბებისთვის. მიმდინარე დღეებში ერდოღანი „არაბული გაზაფხულის” შემდეგ პოსტრევოლუციურ ქვეყნებში თავის ტურნეს განაგრძობს. ამით პოლიტიკოსი თურქეთს რეგიონული ლიდერის როლს უმზადებს, რომელიც ეგვიპტის მოვლენების შემდეგ ვაკანტური გახდა. რევოლუციური ქვეყნებისთვის სოლიდური ფინანსური დახმარების გაცემა და ისლამისტურ ირანთან კავშირების შესუსტება, ამ მხრივ გადადგმული ნაბიჯებია. ქუჩის დემონსტრანტებს შორის ერდოღანის მზარდი პოპულარობა, პალესტინელების მიმართ ისრაელის ქმედებების კრიტიკას ემყარება. თუმცა ერდოღანი, საკუთარ პოლიტიკაში ქურთებთან დაკავშირებით, იმავე არგუმენტებს არ ითვალისწინებს.

რამდენიმე დღის წინ ერდოღანმა განაცხადა, რომ პალესტინური სახელმწიფოს აღიარება არის „არა არჩევანი, არამედ ვალდებულება”. მიუხედავად ამისა, არსებული მღელვარების ფონზე იგი მოერიდა ღია კონფრონტაციაზე წასვლას. პრემიერმა ჩრდილო-აფრიკული ტურნედან ღაზის სექტორში ვიზიტი ამოიღო, რითაც თავიდან აიცილა მესამე ინტიფადას ინიცირების საშიშროება. ეგვიპტეში მან უმაღლეს წრეებს, ნაბუკოს პროექტში ჩართვით, ეკონომიკური კავშირების გაფართოება შესთავაზა, რაც თავისთავად ისრაელის მონაწილეობასაც გულისხმობს.
13 სექტემბერს იგი გათავისუფლებულ ტრიპოლიში ჩაფრინდა, საიდანაც უკვე ტუნისს ეწვევა. კაიროდან ერდოღანმა თელ-ავივს პრაგმატული მინიშნება გაუგზავნა – აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ისრაელს არ გააჩნდა სრული ჰეგემონის სტატუსი, თურქული ფლოტი კი ამის აღსაკვეთად მუდმივ მზადყოფნაში იქნება.

ერდოღანის ორმაგი სტანდარტები – პალესტინელებთან და ქურთებთან – ახლო აღმოსავლეთის ლიდერის როლისკენ მის მისწრაფებას საფრთხეს უქმნის. პრემიერის პოლიტიკა ისრაელ-პალესტინასთან დაკავშირებით (ჰამასის უპირობო მხარდაჭერა), ბუმერანგის ეფექტით, ქურთული პრობლემის კიდევ უფრო გამწვავების რეალურ საშიშროებას ქმნის.
არსებული დაძაბულობის მიუხედავად, ერთმანეთთან ურთიერთობის გაფუჭება ისრაელს და თურქეთს ხელს არ აძლევს. უკანასკნელ წლებში მათ შორის სავაჭრო მაჩვენებლებმა მნიშვნელოვნად იმატა – დღეისათვის თურქეთი ისრაელისთვის მესამე საექსპორტო ბაზარს წარმოადგენს. ამავე დროს, ორივე ქვეყანა რეგიონში აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია, რომლის მხარდაჭერაც მათთვის კრიტიკულად აუცილებელია.





