
რვა ტესტიდან ორი მოვიგეთ. ორი ფრაგმენტული სერიიდან, პირველში ძალიან კარგები ვიყავით და მეორეში გადავიწვით. ადამიანური რესურსის დეფიციტი ვერ გადავფარეთ – მეორე ჯგუფურ ეტაპზე, ზაზა ფაჩულია და ბოლოს, გიორგი ცინცაძეც აღარ იყვნენ. კარგი, ცუდი, ნელი, უემოციო, პასიური ფაჩულია ნაკრებში თითქმის შაკია. დაცვაში ცოტა ენერგიას ხარჯავს, ჩასაგდებს აგდებს და რაც უნდა მოხსნას, იმის ნახევარს ხსნის. მეორე ნახევარი ვიქტორ სანიკიძეს მიაქვს. ფაჩულიას თითქმის 14 ქულა, ბევრი ნასროლი და ჩაგდებული ჯარიმა მაკედონიასთან, ფინეთთან და საბერძნეთთან არ გვქონდა. „ტაქსის მძღოლი” ბობ დე ნიროს გარეშე არ უნდა გადაეღოთ. ჩვენი ტაქსიც მძღოლის გარეშე იყო. საჭესთან ვინც ჯდებოდა, მიმართულება, ტარიფი და კლიენტთან ურთიერთობის წესი ავიწყდებოდა. ზაზას გარეშე კოკოშკოვის სქემამ დატვირთვა და პრაგმატიზმი დაკარგა.
ევროპის ჩემპიონატი სხვა დატვირთვის, არაერთჯერადი ტურნირია, რომელსაც ნიჭით, სიღრმით და გამოცდილებით იგებ. პირველი (ნიჭი) კოკოშკოვს დიდი დოზით ჰქონდა. მეორეში (სიღრმე) უკვე დეფიციტი იყო. მესამეში (გამოცდილება) ცელქი პირველკლასელები ვიყავით. ეს ბუნებრივია.
ფაჩულიას საშუალო სტატისტიკური ამბები (13.6 ქულა, 4.4 მოხსნა, 1.0 ჩაჭრა და ცოტა პასი-დაფარება) მისაღები იყო. ზაზა ცოტას ხსნიდა, სამიანიდან სიღრმეში ადიოდა და იქ, მაღალ ბიჭებთან უფრო სანიკიძე საუბრობდა. ვიკამ რამდენიმე ჰაილაითიც დაირტყა და მოხსნებში (8.0) ჩემპიონატის ერთ-ერთი დენის როდმანია. მეოთხედფინალებამდე დასმულ სტატისტიკაში, სანიკიძე მოხსნებში მეხუთეზე იჯდა. კრის კამანის, ლუოლ დენგის, პერო ანტიჩის და ომერ აშიქის შემდეგ. ვიკა იოაკიმ ნოას, ორივე გასოლს, ანდრეი კირილენკოს, ტიმოფეი მოზგოვს და კიდევ რამდენიმე ბევრმილიონიან მაღალ ბიჭს უჯოკრავდა. სანიკიძემ ჩემპიონატი 12.0 ქულით და 1.5 შედეგიანი გადაცემით დახურა. ნორმალურია.

ყველაზე მეტ ქულას (მეოთხედფინალებამდე) ლიტვა (85.0) იღებდა. ჩვენ ამ რეიტინგში მეოცეზე ვზივართ (68.5). ცოტაა, მაგრამ ამ შემთხვევაში ორი ამბავია გასათვალისწინებელი – პირველ ჯგუფურ ეტაპზე გავედით რუსეთზე (58:65), რომელიც ყველაზე ცოტა ქულას უშვებდა (63.5) და სლოვენიაზე, რომელიც ყველაზე მეტს ხსნიდა (37.8). მოხსნაც დაცვის ერთ-ერთი, ყველაზე წონადი ელემენტია და სლოვენიასთან (75:87) მაინც ბლომად ქულა ავკრიფეთ. სამი მეოთხედი საქართველო სლოვენია იყო და ბოლო მეოთხედში სლოვენია საქართველოზე სლოვენიურად ათამაშდა. კოკოშკოვის ნაკრებთან დრაგიჩების და ერაზემ ლორბეკის ბანდამ 15 სამიანი ჩასვა.
დაცვაში ჩვენც ნორმალურად ვიდექით (71.0) და მოხსნებში სლოვენიის შემდეგ, მეორეზე ვზივართ. მოძრავი მაღლებით საქართველო უფრო იოლად ხსნიდა მოსახსნელს, ვიდრე რომელიმე ერთცენტრიანი გუნდი. თუ მოედანზე ფაჩულია არ იყო და გიორგი შერმადინს ბევრი ფოლი ჰქონდა, უცენტროდ მაინც ბევრს ვხსნიდით. თორნიკე შენგელიას 20.5 წუთში 4.6 მოხსნა აქვს. ნორმალურზე კარგია და (შედარებით) ლიმიტირებულ დროში, ჩვენი ფორვარდი 8.8 ქულასაც აგროვებდა.
შეტევაში სხვაზე ხშირად გვქონდა მეორე ფაზა. რუსების უსიამოვნო და უნაკლო დაცვასთან დისკომფორტი ვიგრძენით და კირილენკოს სამწამიანში მხოლოდ 8 მოხსნა ავიღეთ. მაკედონიასთან (63:65) ანტიჩის ზონიდან 15 მოხსნა მოგვაქვს და მეორე ფაზიდან მაინც ძალიან ცოტა ქულას ვაგროვებთ. მაკედონიასთან ჩვენი პასიურობა და მძიმე კალათბურთი მაკედონიის მძიმე და მოძრავმა დაცვამ განაპირობა. კოკოშკოვმა ყველაფერი გაშიფრა და პირველი შეტევა დაქოქა, მაგრამ მაკედონია დაცვაში სწრაფად, მწყობრად ბრუნდება და პოზიციურად, ნელ ტემპში შეტევაზე გადავდივართ. ამ ამბავში დასახვეწები ვართ.

შეცდომებში სულ ფლეში გვაქვს გაშლილი. ძირითადის ხალხში მხოლოდ ცინცაძეს ჰქონდა (საშუალოდ) მეტი პასი, ვიდრე – შეცდომა (3.3/2.2). ფაჩულია – 3.2/0.6, სანიკიძე – 3.0/1.5, მარკოიშვილი – 2.9/2.5, შენგელია – 1.5/1.1, ნიკა ცქიტიშვილი – 0.8/0.6.
კოკოშკოვის დაცვის სქემებში გარკვევა კიდევ ერთ საინტერესო სტატისტიკაში გვეხმარება. რუსეთი (ისევ და ისევ მეოთხედფინალებამდე) ყველაზე ცოტას აგდებინებდა თამაშიდან (21.9 ზუსტი სროლა). საქართველო მეცხრეა (25.1). რუსეთი ამას 12 ძალიან ძლიერი, დაუნდობელი დამცველით აკეთებს. რუსების დაცვას კირილენკო და კიდევ ერთი ტერორისტი, ვიქტორ ხრიაპა კრავენ. საქართველოს დაცვა კოკოშკოვია. კოკოშკოვი ჩვენი ჯოკერია.
საქართველოს ნაკრები პირველად ჩავიდა ევროპის ჩემპიონატზე და შეასრულა, კლაიპედაში და ვილნიუსში ემოცია და სისხლი დატოვა. ითამაშა პროფესიონალურად. შეფასებაც სათანადო გავაკეთოთ. ლიტვაში სუხიშვილების კონცერტიც ნუ გაღიზიანებთ. ეს ხომ ლამაზია. უფრო მშვიდად, ღიმილით შეაფასეთ ყველაფერი. კოკოშკოვის ნაკრების თამაშიც. უკეთესი იქნება.





