ევროკავშირი უკრაინასთან ასოცირების შეთანხმებას აფორმებს

უკრაინასა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებები გადამწყვეტ ფაზაში შედის. უახლოეს დღეებში ევროპარლამენტი, უკრაინასთან თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ, ევროსაბჭოსა და ევროკომისიას თავის რეკომენდაციებს წარუდგენს. 21 სექტემბრამდე დეპუტატებს შეეძლებათ შესწორებები შეიტანონ დოკუმენტში, რომელიც ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის მიერაა მომზადებული. ამის შემდეგ, ნოემბერში უკრაინასთან ასოცირების შესახებ შეთანხმებას ეყრება კენჭი.

აღსანიშნავია, რომ ეს დოკუმენტი 5 აგვისტომდე მოამზადეს. სწორედ მაშინ, უკრაინის სასამართლოს დადგენილებით, იულია ტიმოშენკო დააპატიმრეს. უკრაინელი ექსპერტები შიშობენ, რომ ევროკავშირმა გადაწყვეტილების მიღებისას, შესაძლოა, ამ დოკუმენტზე უფრო მეტი ყურადღება უკრაინაში მიმდინარე შიდაპოლიტიკურ პროცესებს დაუთმოს. თუმცა, 12 სექტემბერს, სტრასბურგში გამართული სხდომის შემდეგ ევროკომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ევროკავშირი არ გეგმავს უკრაინასთან მოლაპარაკებებში საკუთარი მიდგომის შეცვლას”.

უკრაინა-ევროკავშირის ურთიერთობები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ზამთრის მოახლოებასთან ერთად იძენს. 2006-09 წლების გაზის ომების გამოცდილებით, ადვილი სავარაუდოა, რომ რუსეთი აირის ფასებით მანიპულირებას შეეცდება. კრემლი უკრაინას ყაზახეთსა და ბელარუსთან ერთად საბაჟო კავშირში შესვლას აიძულებს. ეს კი ქვეყნის რუსეთის გავლენის სფეროში დაბრუნებასა და ევროკავშირისთვის სტრატეგიული პარტნიორის დაკარგვას ნიშნავს.

დღეს, როგორც არასდროს ბოლო პერიოდში, ევროკავშირს აქვს შანსი უკრაინაზე გავლენის მნიშვნელოვანი ბერკეტები მოიპოვოს. პოლიტიკური ელიტის პოზიციაც ევროკავშირის მხარესაა: 25 აგვისტოს The Wall Street Journal-ში გამოქვეყნდა ვიქტორ იანუკოვიჩის სტატია, სადაც იგი ცდილობს დაასაბუთოს, რომ უკრაინის მომავალი ევროპის სახელმწიფოთა გვერდითაა. „ჩვენი ადამიანური და ბუნებრივი რესურსების განვითარება დამოკიდებულია ევროპასა და დასავლეთთან ღრმა ინტეგრაციაზე”. ეს დიდი შემობრუნებაა უკრაინულ პოლიტიკაში: ამას ამბობს ადამიანი, რომელიც პრორუსული პოლიტიკის გამტარებლად ითვლებოდა და რუსეთს სევასტოპოლი კიდევ დიდი ხნით დაუთმო.

მულტივექტორული პოლიტიკა, რასაც უკრაინა წლების განმავლობაში ახორციელებდა, ჩიხში შევიდა. დღეს ქვეყანა არჩევანის წინაშე დგას: ან დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაცია, ან ძველ მოკავშირე, „უფროს ძმასთან” დაბრუნება. ცხადია, უკრაინის პოლიტიკური ელიტა აცნობიერებს, რომ ბელარუსთან და რუსეთთან საბაჟო კავშირში შესვლა დიდ რისკებს შეიცავს. ეს სახელმწიფოები თავიანთი განვითარების გზაჯვარედინზე დგანან და ძნელი წარმოსადგენია, თუ საით გადაიხრება მათი ვექტორი. მართალია, ევროკავშირიც აწყდება მნიშვნელოვან პრობლემებს ევროზონასთან დაკავშირებით, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ის უფრო საიმედო პარტნიორია.

ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს უკრაინისა და ევროკავშირის უფრო დაახლოებას, მეორე მხრივ, ეს იქნება მნიშვნელოვანი დახმარება უკრაინაში ცხოვრების დონისა თუ დემოკრატიის ხარისხის ასამაღლებლად. ასოცირების შესახებ შეთანხმება სოციალურ, კულტურულ, ეკონომიკურ, პოლიტიკურ თუ უსაფრთხოების საკითხებში თანამშრომლობას მოიცავს.

სავარაუდოდ, ევროკავშირი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს და ნოემბერში ასოცირების შესახებ შეთანხმებას მიაღწევენ. თუმცა უკრაინულ დიპლომატიას წინ დიდი სამუშაო ელის, რადგან ამ შეთანხმების რატიფიცირება ყველა წევრი სახელმწიფოს პარლამენტის მიერ უნდა მოხდეს. უკრაინის შიდაპოლიტიკური სიტუაციის გათვალისწინებით კი, ამ გადაწყვეტილების მიღება მარტივი არ იქნება.

კომენტარები