კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქმა ფოლარეტმა ღია წერილით მიმართა უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იანუკოვიჩს და მასში უკრაინის ეკლესიის სახელით გამოხატა პრეზიდენტის მხარდაჭერა რუსეთსა და უკრაინას შორის ”გაზის კონფლიქტში”. კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქი წერილში ხაზს უსვავს, რომ ამ კონფლიქტში უკრაინის პრეზიდენტის ძალისხმევა მიმართულია უკრაინელი ხალხის ინტერესების დაცვისკენ და რუსეთთან თანასწორობაზე დაფუძნებული ურთიერთობის განვითარებისკენ, მაშინ როცა რუსეთის ხელისუფლებაში უკრაინის მიმართ არ არსებობს თანასწორობისა და ურთიერთპატივისცემის განცდა. ”რუსებს უკრაინაში გააჩნიათ სკოლები და მედიის საშუალებები რუსულ ენაზე, მაშინ როცა რუსეთში უკრაინელებს არ გააჩნიათ არც ერთი და არც მეორე. უკრაინაში თავისუფლად მოქმედებს რუსეთის საპატრიარქოს ტაძრები, უკრაინულ ეკლესიებს კი რუსეთში პრობლემებს უქმნიან. რუსეთში პერმანენტულად ღვივდება კონფლიქტები ნაციონალურ ნიადაგზე, ჩრდილო კავკასიაში ყოველდღიურად ხდება მკვლელობები ამ მიზეზით, რუსეთის ხელისუფლება კი უკრაინელებს გვასწავლის როგორ უნდა გადავწყვიტოთ ნაციონალური საკითხები”. ფილარეტის აზრით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს უკრაინას ჩამოართვას რეალური დამოუკიდებლობა და ისვე მოსკოვის დაქვემდებარებაში მოაქციოს და სწორედ ესაა ორ ქვეყანას შორის მუდმივი დაძაბულობის მიზეზი . ” ჩვენ ვლოცულობთ იმისთვის, რათა ღმერთმა მოგცეთ ძალა და სიბრძნე დაიცვათ უკრაინის დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ”კეთილი მეზობლებისგან”- ასე ასრულებს კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქი ვიქტორ იანუკოვიჩისადმი ღია წერილს.




