ბაგრატის ტაძრის აწმყო და მომავალი

-29 ივნისს, პარიზში გამართულ იუნესკოს რიგით 35-ე სხდომაზე, ბაგრატის ტაძრის საკითხი კიდევ ერთხელ განიხილეს.

დასკვნაში ნათქვამია, რომ იუნესკო მიესალმება სარემონტო სამუშაოების შეჩერებას ბაგრატის ტაძარზე, ასევე სარეაბილიტაციო პროგრამის მსვლელობას და გელათის მონასტრის კონსერვაციის გენერალურ გეგმას. ორგანიზაცია უკვე განხორციელებულ ჩარევებს, საერთაშორისო კონსულტანტების ინფორმაციაზე დაყრდნობით, შეუქცევადად აფასებს. დადებითად არის მიჩნეული ქართულ ეკლესიასა და ხელისუფლებას შორის კოორდინაციაც.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში იუნესკოს დასკვნას პოზიტიურად მიიჩნევენ. საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსის, რუსუდან მირზიკაშვილის თქმით, მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრის ტონის ცვლილება ქართული მხარის ძალისხმევის შედეგია: „კომიტეტმა დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ საქართველოს მხარემ შარშან უპრეცედენტო პროგრესი მოახდინა წინა კომიტეტის გადაწყვეტილების შესრულებების მიმართულებით, პრაქტიკულად არ დარჩენილა არც ერთი პუნქტი, რომელთან დაკავშირებით არ ყოფილა გადადგმული მნიშვნელოვანი ან ნაკლებად მნიშვნელოვანი ნაბიჯი”.

პოზიტიურ ცვლილებებს ქართული მხარე რეაბილიტაციის პროცესში საერთაშორისო ექსპერტების ჩართვასაც მიაწერს. მნიშვნელოვანია უწყვეტი კავშირი და კონსულტაციები, რომელიც, რუსუდან მირზიკაშვილის თქმით, უკანასკნელი პერიოდის განმავლობაში მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან მიმდინარეობდა.

საერთაშორისო კონსულტანტების პროცესში მონაწილეობას დადებითად აფასებს იუნესკოც. კონსულტანტების მოსაზრებით, უკვე ჩატარებული მოქმედებები, რომლებიც მიზნად ტაძრის აღდგენას ისახავდა, შეუქცევადია. შესაბამისად, იუნესკო დასაშვებად მიიჩნევს, რომ რესტავრირებულ ბეტონის სვეტებზე მცირეწონიანი სახურავები დაიდგას. რუსუდან მირზიკაშვილი უარყოფს ტაძრის შუშის გუმბათით გადახურვასთან დაკავშირებულ ხმებს: „რადიკალური ჩარევები არ იგეგმება. ყველა გეგმა შეთანხმებულია როგორც მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან, ასევე საკითხით დაინტერესებულ ქართულ ორგანიზაციებთან და საზოგადოების წარმომადგენლებთან. შედეგი მაქსიმალურად მისაღები იქნება ყველა დაინტერესებული მხარისთვის”.

დასკვნაში გარკვეული მოთხოვნებიც არის ჩადებული: იუნესკო ქართული მხარისგან მოითხოვს, შეიმუშაოს ბაგრატის ტაძრის სარეაბილიტაციო სტრატეგია, რომელიც, შეძლებისდაგვარად, გააუქმებს იმ სამუშაოებს, რომელიც აქამდე ჩატარდა. რეაბილიტაციის სტრატეგია მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრს უნდა წარედგინოს და სანამ ქართული მხარე რაიმე ვალდებულებას აიღებს – მრჩეველთა საბჭომ შეაფასოს.

ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ მზად არიან ამ მოთხოვნების შესასრულებლად: „ჩვენი მხრიდან გამოთქმულია სრული მზაობა, მობილიზებულია საერთაშორისო ექსპერტების ჯგუფი და უკვე დაწყებული გვაქვს ის საწყისი სამუშაოები, რაც ამ ეტაპზე შეგვეძლო. ჩვენ არაერთხელ გავუგზავნეთ შეხსენება, რომ სწრაფად გვჭირდება დეტალური ინსტრუქციები, რათა კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ – ეს ორმხრივი პროცესია, შემხვედრ ნაბიჯებს მათგან ველოდებით”, – აცხადებენ სააგენტოში.

ბაგრატისა და გელათის ტაძრების გარშემო მედიისა და საზოგადოების ინტერესი 2009 წლიდან გაცხოველდა, როცა ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. კრიტიკა კიდევ უფრო გამძაფრდა იუნესკოს 2010 წლის დასკვნის შემდგომ. იუნესკოს ღრმა შეშფოთება ტაძრის რეაბილიტაციის მსვლელობამ გამოიწვია, რომელიც 2009 წელს შემუშავებული სარესტავრაციო გეგმის მიხედვით მიმდინარეობდა. ბაგრატის ტაძარზე სარესტავრაციო სამუშაოები რამოდენიმეჯერ შეწყდა: თავდაპირველი მიზეზი საპატრიარქოს ინიციატივა იყო. თუმცა, 2010 წლის 17 ივნისს სამუშაოები განახლდა, რასაც უკმაყოფილების ახალი ტალღა და იუნესკოს ხსენებული დასკვნა მოჰყვა. დასკვნაში ნათქვამია: „კომიტეტმა ღრმა შეშფოთება გამოთქვა იმ შეუქცევადი ჩარევის გამო, რომელიც ამ ისტორიულ ძეგლზე რეკონსტრუქციის დიდი პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. კომიტეტს მიაჩნია, რომ ეს პროექტი შელახავს ისტორიული ძეგლის მთლიანობასა და თვითმყოფადობას და იგი დაუყოვნებლივ უნდა შეჩერდეს”.

შედეგად, ბაგრატის ტაძარი, გელათის მონასტერთან ერთად, საფრთხეში მყოფი ძეგლების ნუსხაში აღმოჩნდა. შესაბამისი ზომების არგატარების შემთხვევაში, მათი მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში დარჩენაც კითხვის ნიშნის ქვეშ დგებოდა. 2010 წლის დეკემბერში რეაბილიტაციის პროცესი კიდევ ერთხელ შეჩერდა.

მიუხედავად პოზიტიური ცვლილებებისა, კომიტეტის გადაწყვეტილებით, ბაგრატის ტაძარი კვლავ რჩება საფრთხეში მყოფ ძეგლთა სიაში. ქართული მხარის ცნობით, კომიტეტის ზოგიერთმა წევრმა წინადადებაც წამოაყენა, რომ ძეგლი საფრთხეში მყოფთა სიიდან ამოეღოთ. მაგრამ იუნესკომ ეს ნაადრევად მიიჩნია. ეროვნულ სააგენტოში იმედოვნებენ, რომ მათი მონდომებული მუშაობის შედეგს ქართული საზოგადოება უახლოეს მომავალში იხილავს და ბაგრატის ტაძარს საფრთხეში მყოფის სტატუსი მოეხსნება. განახლებული ანგარიში საქართველოს ხელისუფლებამ იუნესკოს 2012 წლის 1 თებერვლამდე უნდა წარუდგინოს – მას მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის 36-ე სესიაზე განიხილავენ.

ადამიანები, რომლებიც ბაგრატის ტაძარზე მიმდინარე სამუშაოებს აქტიურად აპროტესტებდნენ, ამბობენ, რომ ამჟამინდელი სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომი არ არის. ერთ-ერთი მათგანის, მანანა თევზაძის თქმით, მათ არც უშუალოდ ტაძარი მოუნახულებიათ.

X-XI საუკუნეებში აგებული ბაგრატის ტაძარი იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში 1994 წელს შეიტანა. სიაში ბაგრატის ტაძარი ნახევრად დანგრეულ მდგომარეობაში შევიდა.

კომენტარები