ნატო: ოპერაცია ლიბიაში დასასრულს უახლოვდება

სამხედრო ოპერაცია ლიბიაში დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება საჰაერო იერიშების შეწყვეტის შესახებ სამხედრო სარდლობის ანგარიშების შესაბამისად იქნება მიღებული. ლიბიის გარდამავალი ეროვნული საბჭოს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ მუამარ კადაფის შვილებმა მეამბოხეების მიერ ალყაშემორტყმული ქალაქიდან ბანი-ვალიდიდან გაქცევა მოახერხეს. მანამდე ისინი ქალაქის დანებების შესახებ მეამბოხეებთან მოლაპარაკებების ჩაშლას ცდილობდნენ.  

კადაფის მომხრე ძალების ხელში ამ დროისთვის მხოლოდ სამი ქალაქი რჩება. თავად ჯამახერიის ლიდერის ადგილსამყოფელი უცნობია.

ლიბიასთან  საზღვრის ჩაკეტვის შესახებ განცხადება მეზობელი ალჟირის ხელისუფლებამ გააკეთა. ლიბიის დედაქალაქში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური დესპანი იან მარტინი ჩავიდა. მან  განაცხადა, რომ ამ ეტაპზე აუცილებელია  ძალისხმევის კონცენტრირება ქვეყანაში უსაფრთხოებასა და წესრიგის დამყარებაზე, ასევე დემოკრატიული არჩევნებისთვის მზადებაზე. მისი თქმით, დიდ შეშფოთებას  იწვევს ქვეყნის ტერიტორიაზე იარაღის გავრცელება.

შეიარაღების თემას დღეს ნატო-ს გენერალური მდივანიც შეეხო. მან განაცხადა, რომ ალიანსს კავშირი არ აქვს აჯანყებულებისთვის იარაღის მიწოდებასთან. იმის შესახებ, რომ საფრანგეთის ხელისუფლება ლიბიის ოპოზიციას შეიარაღებას აწვდიდა, ანდერს ფოგ რასმუსენმა, მისი თქმით, პრესიდან შეიტყო.

კომენტარები