ცვლილებები სახელმწიფო ბაღებში

სახელმწიფო ბაღებში ბავშვების მიღების ახალი წესის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია, თბილისის მერიამ, რეგისტრაციის დაწყებამდე 5 დღით ადრე, 10 აგვისტოს გაავრცელა. იმ დროს, მშობლების დიდი ნაწილი, პატარებთან ერთად, ქალაქგარეთ იმყოფებოდა. შესაბამისად, თბილისში დაბრუნებულებს სახელმწიფო ბაღებში ადგილები შევსებული დახვდათ, რამაც მათი უკმაყოფილება გამოიწვია. კიდევ ერთი სიახლე დაწესებული ოფიციალური სავალდებულო გადასახადი აღმოჩნდა.

ვინაიდან ბაღში სწავლება სავალდებულო არ არის, მერიაში მიიჩნევენ, რომ მუნიციპალურ ბაღში ყველა მსურველის ჩარიცხვა და თითოეულის სწავლების სახელმწიფოს მიერ 100%-ით დაფინანსება შეუძლებელია. სააღმზრდელო დაწესებულებებში მისაღები ბავშვების რაოდენობა შეზღუდულია. ნორმატიული აქტის მიხედვით, ბაღებში მათი რიცხვი 35-ს, ბაგაში კი 25-ს არ უნდა აღემატებოდეს. როგორც სოციალური მომსახურებისა და კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი, მამუკა ქაცარავა ამბობს, სახელმწიფო ბაღში სწავლას ვერც აქამდე ახერხებდა ყველა და ვერც მომავალში შეძლებს. მისივე თქმით, ბაღებში მოხვედრის ერთ-ერთ გზას კვლავაც კარგი ნაცნობობა წარმოადგენდა, ამიტომ საბავშვო ბაღის გარეთ, ძირითადად სოციალურად დაუცველი ბავშვები რჩებოდნენ.

წელს რეგისტრაცია პირველებმა სწორედ მათ გაიარეს. 158 ბაღში 40 ათასამდე ადგილიდან 13 ათასზე სოციალურად დაუცველია რეგისტრირებული, მათ შორის 5 ათასი წელს ბაღში პირველად შევა. სოციალურად დაუცველი ბავშვების აღრიცხვის შემდეგ, დარჩენილი ადგილების დასაკავებლად 15 აგვისტოს ერთიანი რეგისტრაცია დაიწყო. მშობლებმა სასურველი ბაღი საცხოვრებლის მდებარეობის მიხედვით აირჩიეს და სააგენტოს ვებგვერდზე დასწრების პრინციპით დარეგისტრირდნენ. ადგილები დღის პირველ საათზე უკვე დაკავებული იყო.

სიახლე მუნიციპალური ბაღების დაფინანსებასაც შეეხება. ახალი სასწავლო წლიდან, სავალდებულო გადასახადისაგან, 100%-ით მხოლოდ სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვები გათავისუფლდებიან. სხვები კი, არაოფიციალური გადასახადის ნაცვლად, ყოველთვიურად ფიქსირებულ თანხას (30-70 ლარი) გადაიხდიან. შეღავათით ისარგებლებს, ვისაც სახელმწიფო ბაღში ორი ან მეტი ბავშვი დაჰყავს. სწავლის ტარიფები, მამუკა ქაცარავას თქმით, ბაღებმა თავად დაადგინეს: „ისინი უკეთ იცნობენ თავიანთი სოციუმის ფინანსურ მდგომარეობას და იციან, მათთვის რისი შეთავაზება შეუძლიათ. თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტომ კი ტარიფებს გადახედა და კიდევ უფრო შეამცირა”.

მშობლების უმეტესობა, ბაღებში სხვადასხვა წრეზე ბავშვის დასწრებისთვის, არაოფიციალურ გადასახადს ისედაც იხდიდა, თუმცა, იმაზე ნაკლებს, ვიდრე ოფიციალურად მოუწევთ. მამუკა ქაცარავა ფიქრობს, რომ ეს სოციალურ უთანასწორობას იწვევდა – „არათანაბარი იყო სასწავლო გარემოც, ბავშვების ნაწილი ჯგუფში რჩებოდა, ნაწილი კი ინგლისურის სასწავლად გადიოდა. მაშინ ჩვენ ამასთან დაკავშირებით რადიკალურად არ ჩავერიეთ, რადგანაც დაფინანსების წესი სრულად უნდა შეცვლილიყო”. გაუგებარია, რატომ არის სოციალური უთანასწორობა, როცა მშობელს სურს მეტი გადაიხადოს და შვილებს სასურველი უცხო ენა ასწავლოს.

მომავალი სასწავლო წლიდან, ყველა სახელმწიფო საბავშვო ბაღი ერთიანი მართვის დოკუმენტით იხელმძღვანელებს. აღმზრდელები სასწავლო პროცესს ახალი სახელმძღვანელოს მიხედვით წარმართავენ. მათ ბავშვების განათლება და გარკვეული უნარ-ჩვევების განვითარება ახალი მეთოდოლოგიით უნდა უზრუნველყონ. განსაზღვრულია ყოველი კვირის პროგრამა და აქტივობა, თვის ბოლოს კი აღმზრდელი თითოეულ ბავშვს შეაფასებს.

მამუკა ქაცარავა ირწმუნება, რომ მუნიციპალური ბაღები ბევრად დამოუკიდებელნი გახდებიან, თუმცა მართვის სისტემა მეტად ცენტრალიზებული ხდება: დამატებითი სერვისების შეთავაზებას (მაგალითად, ინგლისურის სწავლება) ისინი მხოლოდ ახალშექმნილი არაკომერციული იურიდიული პირის – თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოსთან შეთანხმების შემდეგ მოახერხებენ. სააგენტო, ერთი თვის წინ, სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლებისა და ადმინისტრაციული მართვის პროცესის გაკონტროლების მიზნით დაარსდა. სწორედ ის შეაფასებს ყოველი წლის ბოლოს ბაღის ფუნქციონირებას. ბაღის დირექტორის გაშვება-არგაშვებაც ამ შეფასებაზე იქნება დამოკიდებული.

მათ კი, ვინც სახელმწიფო ბაღის გარეშე დარჩა, ადგილების შესაძლო დამატების ლოდინი (რაც, სავარაუდოდ, 15 სექტემბრამდე გაგრძელდება) ან კერძო ბაღის ძიება მოუწევთ. თბილისში ზოგი კერძო ბაღი მცირეკონტინგენტიანია და ბავშვებს ოჯახურ პირობებში უვლიან. ეს შედარებით იაფი ჯდება, ფასი 200 ლარიდან იწყება. სხვაგან კი მშობლებს მაღალი საფასურის სანაცვლოდ მაღალი ხარისხის მომსახურებასა და არაერთ სერვისს სთავაზობენ. ბუნებრივია, მუნიციპალური ბაღის გარეშე დარჩენილთა მხრიდან მოთხოვნა შედარებით იაფ კერძო ბაღებზე იქნება. ტაბულა რამდენიმე კერძო ბაღის დირექტორს გაესაუბრა. როგორც ბაბილინასა და სიმბაში გვითხრეს, ჯერჯერობით, მიმსვლელთა რაოდენობა წინა წლისაგან არ განსხვავდება. კერძო ბაღების დირექტორები მსურველთა ახალ ნაკადს 15 სექტემბრიდან ელოდებიან.

კომენტარები