
საკვალიფიკაციოს ბელგიამ პერიმეტრიდან შეგვაწუხა და გაგვიტეხა ზონური დაცვა. იმ ბელგიას ჰყავდა აქსელ ერველი, რომელიც კლაიპედამდე ვერ მივიდა, ფრანგებთან ტესტირების დროს დაიშალა. ლიტვაში ბელგია ერველის დეფიციტით სხვა, ოდნავ გახუნებული იყო. ლიტვაში ბელგიას კალათბურთის დეფიციტიც ჰქონდა. საქართველო 40 წუთი ბელგიაზე სწრაფი, მოტივირებული, დალაგებული და რაფინირებული იყო.
ზაზა ფაჩულიაზე ბელგიის მთავარმა მწვრთნელმა ედი კასტელსმა ორი მაღალი ბიჭი (ტომას ვან დენ შპიგელი და კრისტოფ ბეგინი) მიუშვა. ზაზამ სამწამიანში ვერ იტრიალა, მაგრამ თამაში გახსნა და ბელგიის მაღლებს ბევრი ფოლი ააკრეფინა. იგივე სიტუაცია იყო იმ მომენტებშიც, როდესაც ფაჩულიაზე დი ჯეი მბენგა მიდიოდა. ზაზამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, პერიმეტრზე რჩებოდა, მაგრამ მაინც ასრულებდა. ფაჩულიამ 16 ქულა აიღო და მომენტებში, ისვენებდა. ზაზა ფაჩულია ბელგიას ეყო და ზაზა ფაჩულიაზე უარესი იყო.

საქართველომ ბელგიასთან აიღო ორივე სამწამიანი და პერიმეტრის გადაზღვევასაც ვასწრებდით. შენგელიამ ექვსივე სროლა გამოიყენა და იმ ექვსიდან, ერთი სამიანი იყო. სანიკიძემ პირველ მეოთხედში უფრო მეტი მოხსნა (6) დააგროვა, ვიდრე მბენგამ (2) და ვან დენ შპიგელმა (1) ჯამურად 40 წუთში.
დიდ შესვენებამდე დაცვაში შეცდომა თითქმის არ გვქონდა. პირველი ტაიმის ბოლო 5 წუთში და რამდენიმე წამში, ბელგიამ მხოლოდ 2 ქულა აკრიფა. დიმიტრი ლოუერსის ცენტრიდან ოდნავ გვიან გაშვებული და ჩაგდებული არ ითვლება. ის სამიანი ჩაითვალა და მაინც არ ითვლება. დრო მორჩა და მორჩა ბელგიაც. მოხსნებში ბელგია 38:24 მოვხსენით. კარგი იყო.
ბელგიასთან აღებული მუღამი რუსეთამდე უნდა მიგვეტანა. უფრო უკომპლექსოდ, ალბათ, ოდნავ თამამად უნდა მიგვეტანა. რუსეთთან კარგად დავიწყეთ, მძიმედ გავაგრძელეთ და მშვენივრად დავამთავრეთ. ეპიზოდური ჰაილაითებით რუსეთთან მოგების შანსი არ გაქვს. მძიმე, უხეშ, უსიამოვნო კალათბურთში რუსეთს ბევრი ბონუსი აქვს დასმული. რუსეთთან ეპიზოდური კალათბურთით ვერ იგებს ესპანეთი, სერბეთი, საფრანგეთი, ლიტვა. ფავორიტთან -14 (32:46) თითქმის არაფრამდე (50:52) დავიყვანეთ. მერე ჩასაგდებიც გვქონდა, დაცვაში ორჯერ ბურთი ვერ ავიღეთ და რუსეთმა მოიგო.
მანუჩარ მარკოიშვილი. რუსეთთან 21 ქულის, საფლეიოფო კალათბურთის მერე ის ბევრად მაღლა დადგა. მარკოიშვილი ხუთშაბათს ჩვენი დუეინ უეიდი იყო. ისროდა და აგდებდა და როდესაც ისროდა, იცოდა, რომ ჩააგდებდა. მარკოიშვილს არ ახსოვდა, რომ ევროპაში (ალბათ) ყველაზე კარგ დაცვას უტევდა და ორმოცწუთიანი ამნეზიით რუსებს სერიოზული პრობლემები შეუქმნა. მარკოიშვილში დიდი დოზით ნდობაა და „კანტუს” მსროლელს ყველა ენდობა.

რუსეთთან ვაკეთებდით იგივეს, რასაც – ბელგიასთან. ვკეტავდით სამწამიანს, ვცდილობდით პერიმეტრზე მსროლელებისთვის დისკომფორტის შექმნას და მომენტებში ეს გამოგვდიოდა. უბრალოდ, რუსეთში ბელგიაზე სწრაფი, უკომპლექსო და მშვიდი ტიპები არიან. ამ ნაკრების დიდი ნაწილი ოთხი წლის წინ ევროპის ჩემპიონატის ფინალს იგებდა. ესპანეთში ესპანეთს უგებდა და დევიდ ბლატმა ლიტვაშიც ძველი ბიჭები წამოიყვანა. რუსეთთან ემოციით ბევრი ქულა დავკარგეთ და ბოლოში, ემოციით კინაღამ სხვა ტერიტორიაზე შევედით.
ბლატის გუნდთან სხვაობა მხოლოდ გამოცდილების და სიმშვიდის დეფიციტი არ იყო. სხვაობა ერთი მაღალი და მოძრავი ბიჭი იყო. იმ ბიჭმა 20 ქულა აიღო. ის ბიჭი სხვაობას ბევრთან სვამს. ოთხი წლის წინ, ესპანეთში ის ბიჭი პირველი კაცი იყო. სხვაობა ანდრეი კირილენკო იყო.
– საქართველომ მაგრად მოუმატა და დღეს მოგებას იმსახურებდა.
– საქართველოს ნაკრებში ჩემი მეგობრები თამაშობენ.
– საქართველოს ჭკვიანი მწვრთნელი და სერიოზული ნაკრები ჰყავს.
– მარკოიშვილი დღეს უმაღლეს დონეზე თამაშობდა.
ეს კირილენკომ თქვა. სანამ ზაზა და რუსების ნოვიცკი ცენტრში ახლობლურად საუბრობდნენ, დევიდ ბლატი რუსების ფანსექტორთან მივარდა, რაც ეცვა, შემოიხია და უცბად დამშვიდდა. მშვიდი ბლატი არამშვიდ, შემოხეულ მდგომარეობაში მანამდე ერთხელ მახსოვს. მაშინ, რუსეთმა ევროპის ჩემპიონატის ფინალი მოიგო. ბლატისთვის საქართველოს იმ მომენტში პო გასოლის გუნდის წონა ჰქონდა.
იგორ კოკოშკოვმა რამდენიმე კარგი ბიჭით, ზედმეტი ლეგიონერით, ზედმეტი ემოციით და ბალასტით ნორმალური გუნდი წაიყვანა ევრობასკეტზე. ბელგიასთან და რუსეთთან ლოგიკურად ვითამაშეთ. მეტი არაფერი.





