პიცერია მთვარეზე

 მთვარეზე პირველი რესტორნის გახსნა პიცერიების ამერიკულმა ქსელმა Domino's Pizza-მ გადაწყვიტა. ამ ინიციატივით კომპანიის იაპონური წარმომადგენლობა გამოვიდა.   26 მეტრის გუმბათის ფორმის პიცერიის შენობაზე იაპონური სამშენებლო კომპანია Maeda Corporation მუშაობს. იდეის ავტორების გათვლებით კომპანიას პროექტი დაახლოებით 22 მილილარდი აშშ დოლარი დაუჯდება. გარდა ამისა, 7.3 მილიარდი დოლარი დაიხარჯება მთვარეზე სამშენებლო მასალისა და ტექნიკის ტრანსპორტირებაზე.

როგორც Domino's Pizza-ში აცხადებენ, კომპანიამ პროექტზე მუშაობა გასულ წელს დაიწყო, თუმცა ამ დრომდე უცნობია რესტორნის გახსნის თარიღი. ასევე, უცნობია თუ  ვინ იქნებიან მთვარეზე პირველი პიცერიის კლიენტები.

Domino's Pizza-ს ქსელის კონკურენტმა კომპანია Pizza Hut- მა ჯერ კიდევ 2001 წელს დაიწყო კოსმოსის ათვისების პროექტი - პიცის საერთაშორისო კოსმოსურ სადგურებზე მიწოდებით.

Domino's Pizza-ს ქსელი 1960 წელს დაარსდა. კომპანია 60 ქვეყანაში 9000-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს აერთიანებს.

კომენტარები