თურქეთმა ისრაელის ელჩის გაძევება გადაწყვიტა

1 სექტემბერს New York Times-მა გამოაქვეყნა გაეროს მოხსენების დეტალები, რომელიც 2010 წლის მაისში, ღაზის სექტორის სანაპირო წყლებში თურქულ ფლოტილიაზე ისრაელის სპეცოპერაციას ეხებოდა. სპეცოპერაციას თურქული გემის ეკიპაჟის 9 წევრი შეეწირა. მოხსენების მიხედვით, ისრაელმა გადაჭარბებული ძალა გამოიყენა, თუმცა მის მიერ ღაზის სექტორის საზღვაო ბლოკადა სამართლებრივ ეჭვს არ იწვევს. დეტალები მოხსენების გამოქვეყნებამდე ორიოდე დღით ადრე გაიჟონა.

მოხსენებაზე რეაქცია უკვე მოახდინა თურქეთმა. მან ისრაელის ელჩის გაძევება გადაწყვიტა. თურქეთის მთავრობის წარმომადგენლების მიხედვით, ისრაელთან დადებული ყველა სამხედრო ხელშეკრულების მოქმედება შეჩერდება.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმეთ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ მოხსენების ზოგიერთი პუნქტი მიუღებელია. თურქული მხარე ისრაელისგან ოფიციალურ ბოდიშს ითხოვს.

ინციდენტის შემდეგ თურქეთ-ისრაელის ურთიერთობები გაიყინა. თუმცა ელჩის გაძევება უკიდურესი ქმედებაა.

კომენტარები