აშშ-მა ერაყსა და ავღანეთში 30 მილიარდი დოლარი გაფლანგა

ერაყსა და ავღანეთში, აშშ-ის მთავრობის კონტრაქტების შემსწავლელი ორმხრივი კომისიის მიხედვით, ამერიკელებმა 30 მილიარდი დოლარი გაფლანგეს. სპეციალური კომისიის განცხადებით, მიზეზი კონტრაქტორ კომპანიებზე დამოკიდებულება, კონკურენციის არარსებობა და საწარმოო ნარჩენების გადამუშავებაზე თაღლითობაა. კომისიის სრული მოხსენება 31 აგვისტოს გამოქვეყნდება, იქამდე კი მისმა წევრებმა Washington Post-ში წერილი გამოაქვეყნეს, სადაც ერაყსა და ავღანეთში ბოლო 10 წლის ამერიკული ინვესტიციები მიმოიხილეს.

გაფლანგვების სიაში რამდენიმე დიდი პროექტიც მოხვდა. ერაყში ამერიკელებმა 40 მილიონი დოლარით დააფინანსეს საპატიმროს მშენებლობა, რომელიც ვერ დასრულდა. ქაბულში აშენდა 300 მილიონი დოლარის ღირებულების ელექტროსადგური. თუმცა ავღანელებს მისი დამოუკიდებლად მართვა და ამუშავება არ შეუძლიათ. იგივე შეიძლება ითქვას ავღანეთის ნაციონალური უსაფრთხოების ძალებისთვის შექმნილ ინფრასტრუქტურაზე, რომლისთვისაც ჯამში 11.4 მილიარდი დაიხარჯა.

კომისიის რეკომენდაცია გულისხმობს მიმდინარე პროექტების გადახედვას, არასაჭირო კონტრაქტების გაუქმებასა და ზოგიერთ შემთხვევაში შეცვლას.

კომისიის მიხედვით, თანხების უკონტროლო ხარჯვა ერაყსა და ავღანეთში კორუფციის ზრდასაც უწყობს ხელს.

კომენტარები