დასვენება ქართულად: საზღვრიდან საზღვრამდე

ბესო ერაძე

ფოტო: ბესო ერაძე
მიუხედავად იმისა, თუ რამდენი ტურისტი ჩამოვა საქართველოში, ერთი აშკარაა – ქართველებმაც უნდა გავიცნოთ საკუთარი ქვეყანა. მიუხედავად გარკვეული პროგრესისა, ბევრი პრობლემა მოუგვარებელი რჩება: გაუვალი გზები, კეთილმოუწყობელი სასტუმროები, ცუდი სერვისი, კარგი ყავა… ბევრი დამსვენებელი ისევ ანტალიის all inclusive-ებს ამჯობინებს.

და მაინც, ვისაც საკუთარი სამშობლო აინტერესებს და მოგზაურობა იზიდავს, ამ პრობლემებს ნაკლებად შეუშინდება. როდესაც საღამოს ყვარლის ტბის ნიავი დაგიბერავს ან შავი ზღვის სანაპიროზე მზის ჩასვლას უყურებ, დილით ძალით ნაჭამ ცხიმიან ხაჭაპურზე ნაკლებად ფიქრობ. ნელ-ნელა ნეგატიური ემოციები გავიწყდება და სასიამოვნო მოგონებებთან რჩები.

ამიტომ იმოგზაურეთ და იმოგზაურეთ საქართველოში. ტაბულა გთავაზობთ მოკლე ორდღიან გასვლებს პრაქტიკული რჩევებით კახეთსა და აჭარაში. თქვენი სურვილის მიხედვით ეს მოგზაურობები შესაძლოა უფრო ხანგრძლივ არდადეგებადაც იქცეს. 


ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
მის.: დავით აღმაშენებლის ქ. 89, ლაგოდეხი 
ტელ.: 577 101 890 
www. lagodekhi.org.ge

სასტუმრო ვიზიტორთა ცენტრი
ვაშლოვანის ქუჩა 117 
ტელ.:555 39 38 31
თრეველშოპი 
ტელ.: +2 420 420
www.travelshop.ge



ფოტო: ბესო ერაძე
იშვიათ ბუნებრივ სილამაზესა და მრავალფეროვნებას გვთავაზობს ფლორითა და ფაუნით მდიდარი ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი: ფრინველ-ნადირზე დაკვირვებას, საცხენოსნო, ისტორიულ-კულტურულ ტურებს თუ უბრალოდ სიმშვიდესა და სიმწვანეში უდარდელ განსვენებას. სამოგზაურო სააგენტო თრეველშოპის სასტუმრო, უცნაური სახელით “ვიზიტორთა ცენტრი” უშუალოდ ნაკრძალის ტერიტორიაზე დგას. ამ მცირე სასტუმროში, რომელიც სავარაუდოდ, ყოფილი ადმინისტრაციული კომპლექსის ნაწილი იყო, ძირითადი კომფორტით კეთილმოწყობილი სულ სამი ოთახია (50 ლარი), ამათგან ლუქსს (70 ლარი) აქვს განიერი ტერასა ხედით ასწლოვან მუხებსა და შერეული ფოთლოვან ტყეზე. შაბათ-კვირას სასტუმრო საკმაოდ იტვირთება, ამიტომ წინასწარი დაჯავშნა რეკომენდებულია.

თბილისიდან ლაგოდეხამდე 170 კმ-ია. საშუალოდ ორსაათიან მოგზაურობას საქართველოს უკიდურეს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, აზერბაიჯანის საზღვრამდე მივყავართ. საზღვრამდე ლაგოდეხიდან 1 კმ-ია, რისი მონახულება და გადაკვეთაც საქართველოს მოქალაქეებს (პასპორტისა და მანქანის უშუალო მფლობელებს) თავისუფლად შეუძლიათ, თუმცა სასტუმროში მოსახვედრად ლაგოდეხის ცენტრიდან მარცხნივ, ვაშლოვანის ქუჩაზე უნდა გადავუხვიოთ, რითიც ნაკრძალის ტერიტორიას მივადგებით. გადასახვევთან ნაკრძალის მაჩვენებელი ნიშანიც არის. 

2003 წელს ლაგოდეხის ნაკრძალის ტერიტორიაზე შეიქმნა ორი დაცული ტერიტორია: ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი (22 295 ჰა) და ლაგოდეხის აღკვეთილი (2 155 ჰა). საინტერესოა ამ რეზერვაციის ისტორიაც, რომელიც პოლონელი ნატურალისტი მკვლევარის, ლუდვიგ მლოკოსიევიჩის სახელს უკავშირდება. სწორედ მას გაუჩნდა იდეა ლაგოდეხის ხეობის ნაკრძალად გადაქცევის შესახებ და მიმართა რუსეთის საიმპერატორო მეცნიერებათა აკადემიას, რომელმაც ამ საკითხის შესასწავლად ლაგოდეხში ტარტუს უნივერსიტეტის პროფესორი, მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტი, ნიკოლაი კუზნეცოვი მოავლინა.
მლოკოსიევიჩის გარდაცვალების შემდეგ საქმე კუზნეცოვმა დაასრულა და 1912 წელს ხეობის 3500 ჰა ნაკრძალად გამოაცხადა. 


ფოტო: ბესო ერაძე
სასტუმროში მოწყობის შემდეგ, ვინაცვლებთ სასტუმროს გვერდზე მდებარე დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის შენობაში, სადაც შეგვიძლია სააგენტოს თანამშრომელთან ერთად წინასწარ დავგეგმოთ ვიზიტი, მივიღოთ ბროშურა და ტერიტორიის რუკა. აქვეა შესაძლებელი გამყოლის, საცხენოსნო ტურების ორგანიზება, კარვის, საძილე ტომრის და სამოგზაურო ატრიბუტების ქირაობა (1 დღით გამყოლის ქირაობა – 45 ლარი, ცხენი – 50 ლარი, კარავი – 10 ლარი). ბუნებრივია, შესაძლებელია საკუთარი ინიციატივითა და ძალებით მარშრუტის ორგანიზება, მით უმეტეს, რომ ძირითადი მარშრუტები მარკირებულია. თუმცა, ზოგიერთ მარშრუტზე, მაგალითად მაჭის ციხის ტურზე, რომლის გზაც საზღვართან ახლოს გადის, გამყოლის ქირაობა სავალდებულოა. 

შედარებით იოლი მარშრუტებია ლაგოდეხის ჩანჩქერი (სიგრძე 14 კმ, 5-6 საათი) და მაჭის ციხე (სიგრძე 10 კმ, ხანგრძლივობა 3 სთ), ამ უკანასკნელის დალაშქვრა შესაძლებელია ცხენითაც. მაჭის ციხის ტერიტორიზე მოვინახულებთ ძველ ციხე-ქალაქს გალავანს, პატარა სამლოცველოს და მიწისქვეშა გასასვლელებს. უფრო რთული მოგზაურობის მოყვარულებისთვის საინტერესო იქნება – გურგენიანის ჩანჩქერი (სიგრძე 16 კმ, ხანგრძლივობა 5-6 საათი). განსაკუთრებული თავგადასავლისთვის ლაგოდეხის ნაკრძალი გვთავაზობს შავი კლდეების ტბის მარშრუტს – სამდღიან წრიულ მოგზაურობას, რომლის საერთო სიგრძე 65 კმ-ია. გადაადგილება ხდება ფეხით ან სურვილის შემთხვევაში ცხენებით. გზად ულამაზეს მთის მუხნარს გაივლით, სუბალპური ზონის გავლით, ალპურ ზონაში, ზღვის დონიდან 3 ათასი მეტრის სიმაღლეზე აღმოჩნდებით, სადაც მოინახულებთ ხალა-ხელის ტბას, რომელიც უშუალოდ საქართველო-დაღესტნის სასაზღვრო ზოლზე მდებარეობს. 

იმის მიუხედავად, თქვენი დროის გატარებას ტყეში გადაწყვეტთ თუ სასტუმროში, კვების ორგანიზება მაინც თქვენზეა (სასტუმროში კვების ობიექტი არ არის) და ამ პრობლემას საქართველოში იშვიათად თუ გაექცევი. მოგზაურები თვითონ გადაწყვეტენ საგზლად მთაში რა წაიღონ, უფრო პასიური დასვენების მოყვარულთათვის, ვინც სასტუმროში ან სასტუმროს სიახლოვეს ამჯობინებს ყოფნას – ლაგოდეხში ორი რესტორანია: სახინკლე ჰერეთი ბაზართან და რესტორანი ლაგოდეხი, პოლიციის შენობასთან. რთულია იმის თქმა, თუ რომელია უარესი, თუმცა ადგილობრივები ამ უკანასკნელს ანიჭებენ უპირატესობას. 
 


ფოტო: ბესო ერაძე
კურორტი ყვარლის ტბა

ყვარლის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი
რუსთაველის 9, ყვარელი
ყვარელი 4800, საქართველო
ტელ.: 2 30 50 90 
www.kharelilakeresort.ge

თბილისიდან ყვარლამდე 150 კმ-ია და ყოველი კილომეტრის ფეხით გავლაც კი ღირს, რომ საქართველოს ამ ერთ-ერთ საუკეთესო ახალ კურორტზე აღმოჩნდე, აქაური ბუნებრივი სილამაზით დატკბე და აქაური ჰავა ისუნთქო. კურორტი ერთი წლისაც არ არის, ყვარლის ტბა 2010 წლის სექტემბერში გაიხსნა. 

სასტუმროს კომპლექსი, რომელიც შორიდან ძალიან შთამბეჭდავად გამოჩნდება, ბუნებრივი ტბის პირას გაშენებული მცირე სასტუმროა 19 ოთახით, აქედან 16 სტანდარტული ნომერია (180 ლარი) და სამი ლუქსი ანუ სუიტი (200 ლარი), ხედებით ტბაზე ან ალაზნის ველის პანორამაზე. ტბა შერეული ტყით არის გარშემორტყმული, ტყეს ირგვლივ 3 კილომეტრის რადიუსის ასფალტირებული გზა მიუყვება, რომელსაც ღამით ანათებენ. განსაკუთრებით სასიამოვნოა საღამოს ამ გზაზე სეირნობა, როდესაც ყვარლის მთების ბარაქიანი ნიავი დაუღალავად აგრილებს მზით გავარვარებულ არემარეს. 


ფოტო: ბესო ერაძე
ოთახები სუფთა და კომფორტულია, აღჭურვილია ტელევიზორით, მინიბარით და უკაბელო ინტერნეტით. რეკრეაციული საშუალებებიდან შესაძლებელია ნავის, წყლის ან მთის ველოსიპედის ქირაობა, თევზაობა სპეციალურ ზონაში და საკუთარი ნადავლის სადილად მირთმევა, თუ ამგვარი სურვილი გაგიჩნდათ. სასტუმროს მესამე სართულზე ახლად გახსნილ ღია აუზის ტერიტორიაზე შესაძლებელია გარუჯვა და ტერასა-ბარით სარგებლობა, აქედანაც თვალწარმტაცი პანორამული ხედები იშლება. 

მოთხოვნის შემთხვევაში – კონფერენციებისა თუ ჯგუფური დასვენებისთვის სასტუმრო ორგანიზებას გაუწევს სუფრა-ნადიმს კურორტ ყვარლის ტბის “ბაღებში”, სასტუმროდან 12 კმ-ის დაშორებით, გრემის გზაზე,
სადაც ასევე მცირე სასტუმრო და სანადიმო შენობებია განთავსებული. 

ქალაქიდან გაქცეულ ადამიანს შესაძლოა სულ არ გაუჩნდეს სასტუმროს ტერიტორიიდან გასვლის სურვილი, მით უმეტეს, რომ სასტუმროს სერვისები მრავალმხრივი სპორტული და გამაჯანსაღებელი დასვენების საშუალებას იძლევა. ეს ალბათ ვიზიტის ხანგრძლივობაზეც არის დამოკიდებული და ბუნებრივია, ერთი-ორი დღის შემდეგ ადამიანს ხედის გამოცვლის სურვილი გაუჩნდეს. 
ყვარელი ქინძმარაულის სამშობლოა და ყველაზე დიდი ქარხანა აქ ქინძმარაულის მარანს აქვს, სოფელ გავაზში. ვიზიტი წინასწარი შეკვეთით (www.kmwine.ge ტელ.: 2 91 73 37). ნებისმიერი ღვინის ტურის დასაგეგმად შეგიძლიათ მიმართოთ საიტს www.winetours.ge. ყვარლიდან სამი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ტევადი მარანი – 2 კმ-იანი გვირაბი, სადაც ტემპერატურა ბუნებრივად სტაბილურია 14 გრადუსზე. როგორც შევიტყვეთ, ამჟამად გვირაბის რეკონსტრუქცია მიმდინარეობს, ამიტომ წასვლის წინ უმჯობესია მიმართოთ სასტუმროს ადმინისტრაციას და იკითხოთ, არის თუ არა ორგანიზებული ტურების შესაძლებლობა. 

ყვარლის ციხესიმაგრე (XVI-XVIII სს) კარგად შემონახული და აღდგენილი შუა საუკუნეების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია და ქალაქის ცენტრში მდებარეობს, აქვე, რუსთაველის ქუჩაზეა ილია ჭავჭავაძის (რუსთაველის 2) სახლ-მუზეუმი და კოტე მარჯანიშვილის სახლ-მუზეუმი (კ. მარჯანიშვილის 24, ყოველდღე 11-17), სადაც პირველ სართულზე მე-19 საუკუნის ტრადიციული კახური მარანია, მეორე სართულზე კი ახალი ექსპოზიციაა კოტე მარჯანიშვილის მიერ დადგმული სპექტაკლების აფიშებით, პერსონალური ნივთებით, ირაკლი გამრეკელის და პეტრე ოცხელის ესკიზებით.


ფოტო: ბესო ერაძე
 მათ, ვისაც უფრო შორს წასვლის სურვილი გაუჩნდება, შეუძლიათ მოინახულონ გრემის XVI საუკუნის არქიტექტურული კომპლექსი ციხესიმაგრითა და ლევან კახეთის მეფის მიერ აშენებული მთავარანგელოზის ეკლესიით. ესღა შემორჩა 1616 წლის შაჰ-აბასის შემოსევის შედეგად ერთ დროს აყვავებული ციხე-ქალაქ გემიდან, რომელიც 1466 წლიდან მოყოლებული, ორი საუკუნის განმავლობაში კახეთის დედაქალაქი იყო.

უკანა გზაზე შეგიძლიათ საქართველოში ერთ-ერთი უძველესი ტაძრის ნეკრესის (IV ს.) მონახულება, რომელიც აბიბოს ნეკრესელმა – ერთ-ერთმა ასურელმა მამამ დააფუძნა. ნეკრესიდან ალაზნის ველის ერთ-ერთი საუკეთესო ხედი იშლება. 

ყვარლის ტბის სასტუმრო ღირებულებაში შედის სამჯერადი კვება – ბუფეტის სტილით. მინის მაგიდები ტბის ნაპირა ტერასაზეც არის განთავსებული და საღამოხანს, მზის ჩასვლისას, კავკასიონის სამხრეთი ქედის ულამაზესი ხედი იშლება. ღვინის ბარათი მრავალფეროვანია და ადვილად მიაგნებთ თქვენთვის სასურველ ჩამოსხმას, თუმცა საკვების ხარისხი აქაც სასურველზე გაცილებით დაბლა დგას, იმდენად, რომ შეუძლებელიც კია ამოარჩიო რამე ოდნავ ნეიტრალურიც კი, მაიონეზით გაჟღენთილ ან ცხიმიან და უგემურ მაკარონებს შორის. ერთადერთი, რაც ყვარლის ტბის სხვამხრივ სასიამოვნო გარემოს აკნინებს – ეს სამწუხარო დეტალია. არის à la carte მენიუც, თუმცა, სამწუხაროდ, ვერც აქ იპოვით რამე სანუგეშოს. 
 

კომენტარები