ჰო, ასე, ჩვეულებრივი სათაურით – ზაფხულის წიგნები

 
 მე სექტანტი ვარ, ერთი თქვენგანი, ვინც ამ რუბრიკას კითხულობს. სექტად ვიქეცით, აბა რა – ცოტანი ვართ და ასე განსაჯეთ – სადღაც-სადღაც გვდევნიან კიდეც... გვდევნიან თუ გსურთ, ბრჭყალებში ჩასვით – ინტერპრეტაციის თავისუფლება – ჩვენი უპირატესობაა. ჩვენი – წიგნის მოყვარული ხალხის. ბრედბერის ფარენგეიტი მონაგონია...
 ვაჭარბებ, რა თქმა უნდა. თუმცა ესეც ჩვენი სენია. ჰოდა, ავდგეთ, ავიკრათ გუდა-ნაბადი და გავუდგეთ გზას. გუდაში წიგნები. გზას – ვთქვათ ზღვისკენ. ზაფხულია და (აბა, წიგნისთვის ვის) ცხელაო – იტყვის ვინმე არასექტანტთაგანი, შემთხვევით თუ გადააწყდა ამ საუბარს... ყური არ ათხოვოთ, მე გამომყევით... იყო და არა იყო რა...


ჯერომ სელინჯერი – ცხრა მოთხრობა 
მთარგმნელები – ვახტანგ ჭელიძე, თამარ ჯაფარიძე, გია ბერაძე. 
დიოგენე 2011 წ.

...იყო ასეთი კაცი, ჯერომ სელინჯერი, არცთუ დიდი ხნის წინ გარდაიცვალა... ჭვავის ყანა და იქ თამაშის ამბავი გემახსოვრებათ... ალბათ ჰოლდენ კოლფილდიც ყოფილხართ, ყმაწვილურ ოცნებებს შეეჭიდეთ და მერე, დამარცხდით თუ გაიმარჯვეთ, დღესაც ვერ გაგიგიათ. ეს კაცი მოთხრობებსაც წერდა, ეს ტექსტები იმ კასტისაა, მატარებლის საკითხავს რომ ეძახიან ანუ მზესუმზირებს. ზიხარ და კითხულობ – დროს ისე კლავ, სისხლს არ ადენ. ჯერ „ბანანათევზის ამბავს” გაეცანით, ფინალი კი დაგამწუხრებთ, მაგრამ ნუ შეშინდებით, წინ „ჩემი მწვანე თვალები და ლამაზი ტუჩები” გელით... ჩემი კი არა, იმის, ჭაღარეშერეულ კაცს რომ ტანჯავს და მერე...

არა, შინაარსს ხომ არ მოგიყვებით, პატიოსანი კაცი ვარ. თუ ტრანსპორტი ძალიან არ გარყევთ, „ძღვნად ესმეს” ჩაიკითხეთ. ან „კანჯოში”. ან „ტედი”. ან რა ვიცი.

 ბარემ აქვე გამცნობთ – ამ წიგნში თარგმანთა უმეტესობა ვახტანგ ჭელიძესა და თამარ ჯაფარიძეს ეკუთვნით, ერთი მოთხრობისა კი – გია ბერაძეს.

ამასობაში ჩახვედით? ჰოდა, გადმოიღეთ ბარგი, მოიხარეთ, მოიგდეთ ზურგზე და წაბარბაცდით აი, ისე, როგორც:კონექტიკუტელიკუტიძიასსმაილიკი: წარმოგიდგენიათ. 


 სტიგ ლარსონი – გოგონა დრაკონის ტატუთი 
(შვედურ ორიგინალში – ქალთმოძულე კაცები)
მთარგმნელი – ნიკა სამუშია. 2011 წ.

მართალია, ამ წიგნზე ადრეც მოგვიყოლია, მაგრამ ამჯერად ის ქართული თარგმანით გამოვიდა, ჰოდა... გავამახვილებთ ყურადღებას. როგორც ჩვენთან უყვართ ხოლმე თქმა: მისგან ალბათ ძვლებიც კი არ არის დარჩენილი... როცა ლარსონმა წერა დაიწყო, რომანის პერსონაჟი ასე 40 წლის მკვდარი იქნებოდა, თუმცა მეორე გმირი, ღრმა მოხუცი, თუმცაღა მედგარი კაცი – სახელად მეტად ჰეროიკული (ჰენრიკ) და გვარად მეტად მუსიკალური (ვაგნერი), მაინც იძიებს მოკლული ძმისშვილის საქმეს. „ეს სიგიჟეა, – თქვა ბლუმკვისტმა”. ეს უკანასკნელი, გვარად როგორც ციტატაშია და სახელად მიქაელი, მოხუცმა საქმის გამოსაძიებლად დაიქირავა. მერე მიხვდებიან, რომ საქმე რთულდება და, არც მეტი და არც ნაკლები, ჰაკერ გოგონას დაიქირავებენ. იცნობდეთ – ეს ლისბეთ სალანდერია და დრაკონის ტატუ აქვს. ტრიო წარსულში ჩამარხულ საიდუმლოს ვირტუალური ბარებით თხრის, ხოლო ანდაზა გვამცნობს: თაგვმა თხარა, თხარაო... არა, კატა არა, მაგრამ ისეთი რამ გამოთხარა, ავტორიც კი იკითხავს, ეს რა ხდებაო და „ზაფხულის გრიპია, – სრუტუნით აუხსნა ჰენრიკმა”. 

-ე საუკუნის ქართული მოთხრობა 
კრებული, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 
2011წ. 

...ქოლგა და მოთხრობების კრებული
 რა მოთხრობანი არიან ეს მოთხრობანი? იკითხავდა ძვირფასი მკითხველი, სადღაც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს, ხოლო მხრებაწურული, ხალხოსანი მწერალი, სათვალის ქვეშიდან გამოხედავდა და ეტყოდა: ძვირფასო მკითხველო, ეს მოთხრობანი არიან... არა, მე გეტყვით, ის დროში აგვცდა და ვერ მოგახსენებთ – ეს 30 მოთხრობა, 2000 წელს მერე დაიწერა, აქ, საქართველოში. მთელი თვე გეყოფათ, დღეში თითოდ თუ გამოიზოგავთ. პროდუქციის ეროვნულობა ნუ შეგაშინებთ – ნამდვილად ხარისხიანია და მზეშიც არ უნდა ფუჭდებოდეს. თან პირში ყველადღე სხვადასხვა გემოს დაგიყენებთ (რა ცუდი კულინარიული ინტერმეცოა) – ზაალ სამადაშვილით და აკა მორჩილაძით დაწყებული, ვისი სახელიც კი გსმენიათ, ყველათი გავლილი, და აქვე ყურისძირში, ჯერაც უცნობ ავტორებამდე მოსული (მაგალითად, ნინო ტეფნაძე და ნიკუშა ანთაძე). „კავკასიური ქრონიკიდან” „მოგზაურობა აფრიკაში”-მდე, „თამროდან” „გლობალიზაციამდე” – მოკლედ, ქოლგა და სანაპირო, მზე და... თუმცა... ჰორიზონტზე ღრუბელი მოჩანს...

 
ორჰან ფამუქი – „უმანკოების მუზეუმი’’
მთარგმნელი – ეკატერინე ახვლედიანი. დიოგენე. 
2011წ.

გიცხოვრიათ მუზეუმში?.. აი, შინაგან მუზეუმში მაინც, სადაც ყველა „ნივთს” წარსულიდან საკუთარი ადგილი აქვს... ახლა შინ ზიხართ, მოგბეზრდათ ეს ბუნგალოც და ბუნაგი გირჩევნიათ. თანაც ის ღრუბელი, ჰორიზონტზე რომ მოჩანდა, გაიზარდა და წვიმს... სახლში ზიხართ... რომანი იმხელაა, ტროპიკული წვიმებისასაც გეყოფათ. ნობელიანტის და საკუთარი ხალხისგან შერისხული ორჰან ფამუქის „უმანკოების მუზეუმი”. პოეტის პერიფრაზირებასაც მივმართოთ – ქემალისა და ფუსუნის სევდიანი რომანი.
სტამბოლი, ქალაქი კენტავრი – ტანი აზიის, თავი ევროპის... ვიწრო ქუჩები, თითქოს ცოცხალი და მოლაპარაკე – „მოდით, იყიდეთ”, მდიდარ-ღარიბთა უმძაფრესი კონტრასტით, მეჩეთებით და აია-სოფიათი... აქ ყველა, ქუჩა, შენობა, ნივთი ნაწარმოების გმირია – გარყვნილი უმანკოების მუზეუმის ექსპონატები. სიყვარულის თითქოსდა ბანალური ისტორია, გაწელილი ეპიზოდები მე შეგნებულ ილეთად მომეჩვენა, რომ თითქმის მთელი 700 გვერდის ფურცვლისას თქვენ ფიქრობდეთ – მართლაცდა, რა ამაოა ყველაფერი. კი, ამაოა, თუ... თუ რაც, ამას კითხვისას, ბოლო ფურცლებზე მიხვდებით.
ცნობისთვის, ამ რომანის წერისას ფამუქი მუზეუმს მართლაც აშენებდა (უბან ჩუქურჯუმაში), იქ კი ტექსტში აღწერილი ნივთები გამოფინა.
 
ერლომ ახვლედიანი – კოღო ქალაქში, 
სიესტა, 2011წ. 

ამ წიგნს თითქმის მთელი ცხოვრება წერდა. კაცი, რომელმაც თქვა: „ერთხელ ვანო ნიკოზე ოცი წლით უფროსი იყო” და ასეთი ბევრი. ახლა კოღოზე გვიყვება – ეს ის კოღო როდია, მისი ნაკბენი რომ ხვალ აღარ გახსოვს. სხვანაირი მწერია, საბედისწერო – წუილი სულ გესმის და არსად ჩანს. „ბუნების უცნაური გაფიქრებაა!”
თუ ისე მოხდა, უკან გეჩქარებათ და ზაფხულის უკანასკნელი ნარჩენებიღა შემოგრჩათ, რომანის ნაწილი – „სიყვარულის წიგნი” – წაიკითხეთ – ნახეთ, თუ როგორ უნდა გაიაროთ ბეწვის ხიდზე – შექმნათ სრულიად ტრივიალურ მოტივებზე ფანტასმაგორიული ტექსტი.
ყოფიერების ერლომისეული ამოცნობა – „დილა, სუნი, სიბრალული, ოთახის დალაგება, გამოჯანმრთელება – ეს ყველაფერი უცნაურია და ის არსებობს”.
აქეთობასაც ხელს და თვალს გამოაყოლეთ. როცა ჩამოხვალთ, თქვენ უკვე ბევრი რამე იცით, და ასეთი კითხვის დასმაც შეგიძლიათ: „დღე-ღამე, უზარმაზარი ციცინათელა, ინთება და ქრება, ინთება და ქრება... სად მიდის დღე? სად იკარგება იგი?” და პასუხიც: „მე ერთხელ ვნახე, თუ სად მიდის დღე, სად იკარგება იგი”.
 

კომენტარები