სანდრო ნავარას საქმეები

ორი ამბავი მაქვს – კარგი და ცუდი.

„ცუდი” პირობითია, ბუნებრივია, ერთი-ორი შენიშვნასავით და ესეც მხოლოდ იმიტომ, რომ ავტორი ამას „იმსახურებს” ანუ ნიჭიერია. ...და იმიტომაც, რომ ლიტერატორის შეძენილ ჩვევებს ვერ ვღალატობ. დავიწყოთ კარგით, მერე ის „ერთი-ორი” და კარგით გავაგრძელოთ.

იმთავითვე ამოსაცნობი ამბავია – ავტორი ფანტაზიას არ უჩივის – მეტიც, ამ მხრივ ის 2000-იანელთა თაობაში ნამდვილად გამორჩეული პროზაიკოსია, არც სიუჟეტის აგება და პერსონაჟების ხასიათების გამოკვეთა უჭირს. ენაც სხარტია – როგორც ამბობენ – თავს გაკითხებს. ერთი, რაც მეხამუშა – ტავტოლოგიების სიჭარბეა – მიუხედავად იმისა, რომ ზოგან ან ყველგანაც, შეიძლება, ეს შეგნებული დაშვება იყოს – უმეტეს შემთხვევაში მაინც ჭრის ყურს. მეორე – ზოგადად, მაგიური რეალიზმის გავლენით, ხშირ შემთხვევაში, ტოპონიმიკისა და გვარ-სახელების „გაუცხოურება”, ერთგვარი რომანტიზაცია შეინიშნება. ეს ჭილაძის და დოჩანაშვილის პროზისთვის მახასიათებელი ბრენდი ოცდამეერთე საუკუნის ავტორების დიდმა ნაწილმა იმემკვიდრევა. სანდროს ტექსტებში ეს ნათლად იგრძნობა. რაღა თქმა უნდა, ეს ბაძვა არ არის, უფრო ინერციაა, მაგრამ მე ვისურვებ, რომ ავტორმა ნელ-ნელა დააღწიოს თავი. მისი წერის მანერა განსხვავდება წინამორბედებისგან, როგორც ვთქვი, არც დრამატურგიის აგება ეძნელება – ეს კი ნიშნავს, რომ ნავერიანს იოლად შეუძლია ქართულ სამამულო მწერლობაში საკუთარი ადგილის მონიშვნა. ერთიცაა, ირონიის შემოსვლის შემთხვევაში, ეს ფორმაც შეიძლება იქცეს საინტერესოდ. მაგალითად, ძალიან ეფექტურ, მცირე ნოველაში „ბიზნესმენი” ავტორის რეფლექსია და თვითპაროდირება აშკარად იგრძნობა. სანდრო ნავარას – ძველბიჭყოფილი, უცნაური ბიზნესის მქონე, „მცემეთ ათ დოლარად” – მოკლე ისტორიის განვითარება ამას ცხადად დაგიდასტურებთ. სანდრო ნავარავეა (ლეტიციასთან და იან პიტერსთან ერთად) წიგნის საერთო სათაურად გამოტანილი, საკმაოდ მოზრდილი მოთხრობის „არგენტინული პიტბულის” გმირი. აქ უკვე შემოდის ავტორის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი – ე.წ. კინემატოგრაფიული პროზა. მას ორი ძირითადი მახასიათებელი აქვს: ერთი უშუალოდ ტექსტში ეკრანული მოტივების სიმრავლე, ეპიზოდების უკიდურესად ექსპრესიული გაცოცხლება და მეორე – თვითონ ნაწარმოები, როგორც საკუთრივ კინოსთვის კარგი მასალა. თუ თანამედროვე კინონოველისთვის სასურველ მოცემულობად სწრაფად განვითარებულ სიუჟეტს, დიალოგების სიმრავლეს, ნაკლებ პეიზაჟურობას, მოულოდნელ ფინალს მივიჩნევთ (რაც ტრადიციულადაც ამ ჟანრის ძლიერ მხარედ მიიჩნეოდა) – მაშინ „48 კალიბრიანი, ღმერთო...” ნამდვილად არის ბოლო პერიოდის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა ქართულ პროზაში. მე საერთოდაც ამ კრებულის Magnum opus-ად მივიჩნევ. თუმცა დარწმუნებული ვარ, ბევრს ყველაზე მეტად „ჰარმონია” მოეწონება – მხატვრული გამონაგონი იმის საშუალებას რომ იძლევა, არსებული სოციალური ფონი, თუნდაც დეტექტიური შეფუთვით, სხვა რეალობაში გადაიტანო და სათქმელი მაინც ცხადი იყოს – ეს ჩემსავით, თქვენც მოგეხსენებათ.

კრებულში სულ 8 მოთხრობაა დაბეჭდილი. მე ვისურვებდი, გარდა ლიტერატურის კრიტიკოსებისა და ლიტერატურის მოყვარულებისა, ამ წიგნით სამამულო კინოს მესვეურებიც დაინტერესდნენ – თუ კიდევ შემორჩნენ, რა თქმა უნდა.

კომენტარები