სევრიუგინის ფოტომისტერიები ლიტერატურის მუზეუმში


ირანულ ესთეტიკაზე საადის და ფირდოუსის პოეზიის კეთილხმოვანება, წიგნის მინიატურის პერსონაჟები, მეჩეთების სილამაზე და განთქმული ორიენტალისტური ფერწერა გახსენდება. სწორედ ის ირანულ-ისლამური ფერწერა, რომელიც საოცრად მდიდარია პორტრეტებითა და დასამახსოვრებელი სახეებით. მან საუკუნეების განმავლობაში თავისი ფილოსოფიითა და წესებით ბევრი მეზობელი ქვეყნის ხელოვნების სკოლებზე მოახდინა გავლენა. თუმცა, თუ სპარსული ფერწერა ასე განთქმულია მსოფლიოში, ირანულ ფოტოგრაფიაზე იმავეს ნამდვილად ვერ ვიტყვით.

როგორც ირკვევა, ირანულ ფოტოგრაფიას არც ისე პატარა ისტორია აქვს. ისევე, როგორც ჩვენ, მათაც ჰყავთ თავიანთი დიმიტრი ერმაკოვი. უცნაურია, მაგრამ დღესაც კი მისი სახელი, ფოტოგრაფიის მოყვარულების დიდი ნაწილისთვის, შესაძლოა, უცნობი იყოს.

მისი შემოქმედება დღეს მსოფლიოს ისეთ ცნობილ მუზეუმებში ინახება, როგორებიცაა სმითსონის ინსტიტუტის აზიური ხელოვნების ან ლეიდენის ეთნოგრაფიული მუზეუმები. საცავში ამ ფოტოების ქონა მათთვის სიამაყის საფუძველს წარმოადგენს, რადგან ავტორი ირანული ფოტოგრაფიის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება.

ირანელ ერმაკოვს ანტუან სევრიუგინი ჰქვია. ირანელიო, ვამბობთ, არადა ცნობილი ხელოვანი თეირანში, რუსეთის საელჩოს თანამშრომლის, სომხური წარმომავლობის ვასილ სევრიუგინისა და მისი ქართველი მეუღლის, ახიმ ხანუმის (მისი სახელი მხოლოდ სპარსული ფორმითაა ცნობილი) ოჯახში 1830-იანი წლების ბოლოს დაიბადა. მამის გარდაცვალების შემდეგ, ანტუანი საცხოვრებლად თბილისში გადმოვიდა. აღსანიშნავია, რომ სევრიუგინი ფერწერით იყო გატაცებული, ხოლო ფოტოგრაფიით თბილისში დაბრუნების შემდეგ დაინტერესდა, ოჯახის რჩენის საშუალება რომ ჰქონოდა. სწორედ მაშინ, სევრიუგინმა დიმიტრი ერმაკოვი გაიცნო. ამ უკანასკნელის რჩევით, ანტუანმა ყირიმი, შუა აზია და კავკასია მოიარა, შემდეგ კი გადაწყვიტა ირანშიც ემოგზაურა – რადგან ქვეყნების შესახებ ფოტოდოკუმენტაციის შექმნის იდეამ სულ უფრო მეტად გაიტაცა.

1883 წელს სევრიუგინმა თეირანში, ფირდოუსის ქუჩაზე ფოტოატელიე გახსნა. თავისი ნამუშევრებით მაღალი საზოგადოება მალე დააინტერესა, საბოლოოდ კი ის ნასერ ადილ შაჰის კარზე მიიწვიეს. კონსტიტუციური რევოლუციის დროს მისი ფოტოატელიე განადგურდა, მოგვიანებით კი გადარჩენილ ფოტოებს რეზა-შაჰ ფეჰლევმა გაუკეთა კონფისკაცია. დღეისათვის შვიდი ათასი ფოტოდან მხოლოდ ორი ათასი და 696 შუშის ნეგატივია დარჩენილი, რომლებიც სმითსონის მუზეუმში ინახება.

ანტუან სევრიუგინის ფოტოგრაფიას ხელოვნების წრეებში ხანდახან ამბივალენტურს უწოდებენ. მიაჩნიათ, რომ ორიენტალისტურთან ერთად, მასში დასავლური სკოლის გავლენაც იგრძნობა. როგორც ამბობენ, სევრიუგინს ცხოვრებაში ორი ყველაზე დიდი სურვილი გააჩნდა: ობიექტივში მოექცია მთელი ირანი და თავის ფოტოებში სინათლე ისე დაეჭირა, როგორც ეს რემბრანდტის ტილოებზე იყო ასახული.

დღეს ქართველ დამთვალიერებელსაც მიეცა საშუალება, გაიგოს, თუ რამდენად შეძლო სევრიუგინმა თავისი სურვილების ასრულება. 28 ივნისს ლიტერატურის მუზეუმში ირანელი ფოტოგრაფის ასზე მეტი ფოტო გამოიფინა. მასალა მუზეუმის ფონდებში შემთხვევით იპოვეს. საქმე ისაა, რომ ამბაკო ჭელიძის წიგნზე მუშაობის დროს, ფერეიდნელი ქართველების ფოტოების ძებნისას, ირანის ცხოვრების ამსახველი ბევრი ფოტო აღმოაჩინეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, მათი ავტორი სევრიუგინი ყოფილა, საქართველოში კი ისინი ლადო აღნიაშვილმა და ამბაკო ჭელიძემ ჩამოიტანეს.

ლიტერატურის მუზეუმის დირექტორს, ლაშა ბაქრაძეს მიაჩნია, რომ შესაძლოა, სევრიუგინის ფოტოების ნაწილი არა მხოლოდ საქართველოს, მსოფლიოს მასშტაბითაც პირველად იყოს გამოფენილი. ნამუშევრები რომ ნამდვილად ამ ფოტოგრაფს ეკუთვნის, ამაში ეჭვი უკვე არავის ეპარება.

ქსპოზიცია მეოცე საუკუნის დასაწყისის ირანს, მთელი თავისი მრავალფეროვნებით წარმოაჩენს. დამთვალიერებლის თვალწინ ცოცხლდება მუჰარამის მისტერიები, ათდიონის სცენები – თრიაქის არომატით გაჟღენთილი წარსული... პეიზაჟებზე მეტად აქ პორტრეტების მრავალფეროვნება იგრძნობა –  ეთნოგრაფიული ფოტოები, რომლებიც თავის დროზე ღია ბარათებზე იბეჭდებოდა და ყველანაირი მოდგმის და სოციალური კლასის წარმომადგენლებს: სპარსელ არისტოკრატებს, მუშთაედებს, დერვიშებს, ირანელ ებრაელებს, ზოროასტრიზმის მიმდევრებს, ქურთებს, ბახთიარებს გვაცნობს. აქვეა ირანი, რომელიც ჯერ არ გინახავთ – ზედმეტად მკაცრი სტილის სამოსისა და ჩადრის გარეშე. ცალკე ოთახი აქვს დათმობილი მეოცე საუკუნის ოციანი წლების ფერეიდნის ცხოვრებას. ის სხვა ირანელი ფოტოგრაფის, მაჰმად ხანის ნამუშევრებშია ასახული, რომელიც ამბაკო ჭელიძემ ირანში მცხოვრები ქართველების ფოტოების გადასაღებად დაიქირავა.

როგორც ლაშა ბაქრაძისგან შევიტყვეთ, გამოფენის გახსნისთანავე მას ფერეიდნელი ქართველები შეხვდნენ. ისინი დაინტერესებულნი არიან, რომ მსგავსი ექსპოზიცია ფერეიდანშიც გაკეთდეს.

გამოფენის გახსნის დღეს ამბაკო ჭელიძის წიგნის „ფერეიდნელი ქართველები” პრეზენტაციაც შედგა. წიგნი ავტორმა 1935 წელს დაწერა, თუმცა მისი დაბეჭდვა საბჭოთა ხელისუფლებამ არ დაუშვა და მხოლოდ ახლა, ლიტერატურის მუზეუმის ძალისხმევით გახდა შესაძლებელი პირვანდელი სახით მისი გამოცემა. გამოფენაზე დამთვალიერებელს კიდევ ერთი სიურპრიზი დახვდა – მოეწყო ირაკლი კანდელაკის ფილმის „ქართველები ირანში” ჩვენება, რომელიც რეჟისორმა 1944 წელს გადაიღო. გარდა სიძველისა და საინტერესო შინაარსისა, ეს სურათი იმითაცაა ღირსშესანიშნავი, რომ ქართული დოკუმენტური კინოს ისტორიაში პირველი გახლავთ, სადაც სინქრონია გამოიყენეს – მასში ფერეიდნელი ქართველების საუბარი ისმის.


კომენტარები